Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაცია“ ხურვალეთში გააგრძელეს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია დილიდანვე აკვირდებოდა სოფლის მიმდებარე ქედზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მუშაობას. მათ ადგილზე მიიტანეს ძელები, გათხარეს ორმოები და ამ ძელების ჩასმა დაიწყეს. ლუდა სალია ამბობს, რომ ქედზე დილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ავიდნენ, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა მუშაობა მაინც დაუბრკოლებლად გააგრძელეს. სალიას თქმით, სოფლის ქედზე წლების წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, ახლა კი ამ ბანერების წინ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ძელების ჩასმა დაიწყეს.

„ეს არის ორჭოსანსა და ხურვალეთს შორის არსებული ტერიტორია. დილიდან ქართული პოლიციის მანქანები დგანან ბექობზე და მორიგეობენ. მიდის ბორდერიზაცია. ძალიან მეშინია მისვლის. ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია აქეთ არის და იქ მუშაობენ რუსები. ახლა მთავარია, დაბლა არ ჩამოვიდნენ, რადგან სოფლის სკოლა იქვე ახლოს არის“, - ამბობს ლუდა სალია.

პოლიციის განყოფილება ხურვალეთში
პოლიციის განყოფილება ხურვალეთში

ხურვალეთში პატრულირებს პოლიცია, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ადგილობრივ მოსახლეობას კი ამ ქედზე საქონლის გარეკვის მაინც ეშინია, რადგან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ადგილებში საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ. სოფლის მცხოვრები პავლე ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ქედის სიახლოვეს საქონლის გარეკვა უკვე საშიშია:

„ყველა დაშინებულები ვართ. ბოძები უკვე დარჭობილია. აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე არიან გადმოსულები. დღეს შევამჩნიეთ, რომ უკვე ამ ბოძებზე მავთულხლართებს ავლებენ და ჩვენი პოლიციაც მანდ დგას. ყველა დაშინებულია, იმიტომ რომ ჩვენი საქონელი მაგ ქედზე დადის და იქით თუ გადავიდა, მწყემსი დაკავების შიშით უკან გამოსარეკად ვერ გაჰყვება“.

ოკუპანტებმა დღეს დილიდან განაახლეს ბორდერიზაცია. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კვლავ გადმოიწია ოკუპაციის ხაზმა ჩვენ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
დავით ქაცარავა

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების გავლება 2011 წელს დაიწყეს და სოფელი ორ ნაწილად გაყვეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა სოფლის მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. დათა ვანიშვილთან ხშირად ჩადიან საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს.

ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავაც ჩავიდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„ოკუპანტებმა დღეს დილიდან განაახლეს ბორდერიზაცია. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კვლავ გადმოიწია ოკუპაციის ხაზმა ჩვენ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ვხედავთ, რომ რუსი ოკუპანტები სოფლის იმ ნაწილში არიან გადმოსულები, რომელსაც, წესით, ჩვენი ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს. დამონტაჟებულია, დაახლოებით, 20- მდე ბოძი და ჩვენი ხელისუფლებიდან მხოლოდ სტანდარტულ განცხადებებს ვისმენთ. მხოლოდ შაბლონური განცხადებები კეთდება ხელისუფლების მხრიდან. ქმედით რეაგირებას მთავრობის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ“.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხურვალეთში დაწყებული მცოცავი ოკუპაციის შესახებ განცხადება გაავრცელა და ფაქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის მორიგი ქმედება. საოკუპაციო ძალებმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ძელები ჩასვეს, რომლებიც ღობეების დასამონტაჟებლად არის განკუთვნილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალები გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში წელს სამგან გამოჩნდნენ. აპრილში მათ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში ახალი ღობეები გაავლეს და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული, დაახლოებით, 15 ჰექტარამდე მიწის ფართობი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს. 2 სექტემბერს საოკუპაციო ძალების ტექნიკა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მინდორში გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სოფლის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად ჩნდებიან, პატრულირებენ შეიარაღებული პირები, ამონტაჟებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს და პერიოდულად ხნულებს ავლებენ. ახალი ხნულები მათ საოკუპაციო ბანერების მოშორებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გაავლეს. საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი ახლა სოფელ ხურვალეთში გააგრძელეს. ქედზე, სადაც ბოძები დაამონტაჟეს, იქვე სოფლის სასაფლაოა, სასაფლაოს გვერდით კი ხურვალეთის სკოლაა. სოფლის მცხოვრებლებს ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ საოკუპაციო ძალები სკოლას მიუახლოვდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG