Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე „გაბედე“ მიაკრეს


საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატ, დიმიტრი ხუნდაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს, აქტივისტები დიმიტრი ხუნდაძისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ, რაზეც მან უპასუხა, რომ თუკი მათ პარლამენტში მოსვლა სურთ, სჯობს, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ.

სიტყვიერი შელაპარაკების დროს, „გაბედეს“ აქტივისტებმა დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე სტიკერი „გაბედე“ მიაკრეს.

„ჩვენთვის მისასალმებელია, რომ სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, დიმიტრი ხუნდაძე დღეს აქ არის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მართლაც ყველას ეხება. უბრალოდ, ჩვენ გვინდოდა გვეთხოვა ბატონი დიმიტრისთვის, რომ დავთქვათ თარიღი, სადაც ახალგაზრდებს შეგვხვდება და გაგვცემს კითხვებზე პასუხებს. მაგალითად: რატომ ჩააგდო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ან რატომ დაგვახვედრა აქტივისტები მცხეთაში, რომლებიც ჩვენს თანატოლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ დიმიტრი ხუნდაძე არ არის მზად ასეთი შეხვედრის ფორმატისთვის. ვინაიდან, მას არ გააჩნია ასეთი პასუხები და ის უბრალოდ წავიდა ისე, რომ ხელახალი იგნორი გაუწია ახალგაზრდობას და მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ფიზიკური დაზიანებებით არ მივდივართ სახლებში“, - ამბობს სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი მიშო ქუმსიშვილი.

გატაცებული ექიმის მხარდამჭერი აქცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, 15 დეკემბერს გაიმართა. მას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG