Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოსა და „კონსერვატიული ფლანგის“ განხეთქილება: ვინ ვის ერჩის და რატომ


მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება - ამჯერად „კონსერვატიულ ფლანგზე“
მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება - ამჯერად „კონსერვატიულ ფლანგზე“

მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანმა ხატმა და მასზე საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ, ხატი გადაწერონ, ახლა უკვე პრორუსულ, „კონსერვატიულ ფლანგსა“ და რელიგიურ წრეებს შორის შეიტანა განხეთქილება.

„ალტ-ინფოს“ წევრი ვიდეობლოგერი საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსს „ეკლესიის მტრების გახარებასა“ და „ლიბერალების წახალისებაში“ სდებს ბრალს და მის გადადგომას ითხოვს;

  • ანდრია ჯაღმაიძე ამაზე პასუხად „ნანობს“, რომ „ზოგიერთებს“ თავი გაუყადრა და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ხატიდან სტალინის მოშორებაზე პატრიარქ ილია II-სთან არის შეთანხმებული;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ მატრონას ხატის გადაწერაში „ქართული ოცნების“ „რჩევას“ ხედავს და საპატრიარქოში მმართველი პარტიის გავლენებზე მიანიშნებს; „ოცნებას“ დეზინფორმაციულ კამპანიაშიც სდებენ ბრალს;
  • „ალტ-ინფოც“ იმავე აზრზეა და თან „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, - ამით ამბობთ, რომ „დასაშვები ყოფილა ხატებზე ვანდალიზმიო“;

საპატრიარქოს, „ალტ-ინფოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ დრამა პირველი დიდი დაპირისპირებაა კონსერვატიულ ფლანგზე, მაგრამ, ამასთან, ემოციურ ფონზეა მომხდარი, ამიტომ ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, სადამდე მიიყვანს მხარეებს ეს კონფლიქტი.

მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული
მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული

მატრონა და სტალინი

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე შობა გაუთენდა.

სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატმა, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი სოსო ჯუღაშვილია გამოსახული, უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. მათ შორის, მრევლშიც.

სამებაში „სტალინის ხატი“, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მოსკოვში დააწერინეს „ცნობილ ხატმწერს“ და რამდენიმე თვის წინ შესწირეს სამებას, ბევრს არ მოეწონა - სხვადასხვა მიზეზით.

სამოქალაქო აქტივისტმა, „პარტიზანმა მებაღე“ ნატა ფერაძემ 9 იანვარს ხატს ლურჯი საღებავი შეასხა - და მიიღო რისხვა საპატრიარქოსგან და მუქარა რადიკალური დაჯგუფება „ალტ-ინფოსგან“.

„ალტ-ინფოს“ აქცია ნატა ფერაძის სახლთან
„ალტ-ინფოს“ აქცია ნატა ფერაძის სახლთან

ხელისუფლებამ მაშინვე რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი.

პირველსავე ღამეს სამებაში ხატი გაწმინდეს და მეორე დღისთვის უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს. სტალინმა, ერთი შეხედვით, დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ყველაზე დიდ ტაძარში.

მატრონა მოსკოველის ხატი მას შემდეგ, რაც საღებავი შეასხეს
მატრონა მოსკოველის ხატი მას შემდეგ, რაც საღებავი შეასხეს

მაგრამ 11 იანვარს საპატრიარქომ მოულოდნელად განაცხადა, რომ მატრონას ხატზე შეიცვლება სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. უფრო ზუსტად, შემწირველებს მოუწოდა, შეცვალეთ ეს ეპიზოდი, თუ არადა, ჩვენით შევცვლითო.

აქედან დაიწყო დაპირისპირებაც.

„სამარცხვინო გადაწყვეტილება“

ვიდეობლოგერმა და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრმა, ბექა ვარდოსანიძემ, - რომელიც ახერხებს, ერთდროულად გაავრცელოს ანტილიბერალური, ანტიდასავლური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური გზავნილები, - „სამარცხვინო“ უწოდა საპატრიარქოს გადაწყვეტილებასა და განცხადებას.

ვარდოსანიძეს, რომელიც წლებია, სხვადასხვა პლატფორმაზე მაუწყებლობს, ახლა მხოლოდ ფეისბუკზე 80 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ვიდეოებს ათიათასობით ნახვა და ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.

მან ჯერ ეჭვი შეიტანა, ეს პატრიარქის განცხადება არ იქნებაო: „პატრიარქის სიტყვა გვინდა, და არა თქვენი“, - დაწერა ფეისბუკზე მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს პრესცენტრმა პირველი განცხადება გამოაქვეყნა.

შემდეგ იყო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ბუნდოვანი პოსტი: „ვნანობ, ზოგიერთს ძალიან გავუყადრე თავი. უკადრებელს კადრულობენ“.

„ცივი წყალი დალიეთ, მამა ანდრია“, - უპასუხა ვარდოსანიძემ ვრცელი ვიდეომიმართვით. შემდეგ თქვა: „საპატრიარქოში ხელისუფლების გავლენებია. დიდი ხანია ვხვდებოდით და ყველამ უნდა დაინახოს უკვე. არ მინდა ვთქვა, რომ პატრიარქის პოზიციაა. შესაძლოა, მისი ასაკითაც სარგებლობენ, საქმის კურსშიც არ აყენებენ. ღმერთმა დამიფაროს ახლა მე, პატრიარქოს დავეტაკო“...

აქედან 9 წუთში დეკანოზმა ჯაღმაიძემ ვარდოსანიძის ვიდეოჩართვას „სკრინშოტი“ გადაუღო და თავი დაიცვა: ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე იდება, ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებულიო.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„უკანასკნელი განცხადებაც პატრიარქთანაა შეთანხმებული. თავად განსაჯეთ რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა“, - საბოლოოდ გაემიჯნა დეკანოზი ჯაღმაიძე ვიდეობლოგერს.

ვარდოსანიძემ თავისი თავის ასე მოხსენიება იწყინა: ადრე ამბობდით, „ტრამპი რომ მოვა, შენ უნდა იყო მისი წარმომადგენელი საქართველოშიო… ახლა გავხდი ეს ადამიანი? სახელი და გვარი არ იკადრეთ ჩემი... „ეს ადამიანი“ იყო, რომ გიცავდათ ქუჩაში და ყველგან?!“

ტრადიციულად, ყალბი გვერდები

ამ დაპირისპირების პარალელურად სოციალურ ქსელებში ტროლ-გვერდები გამოჩნდა.

ჯერ იყო ახლად შექმნილი „საქართველოს ხმა“, რომელმაც დაწერა, თითქოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ვარდოსანიძე არის „ინტერნეტ-ფარისეველი, პოპულისტი, რომელიც ეკლესიის მრევლის სახელით საუბრობს და ასე ცდილობს მანიპულირებას“.

ამავე გვერდის მომდევნო, „დასპონსორებული“ პოსტი კიდევ უფრო შორს წავიდა და ერთ-ერთ მღვდელს მიაწერა ნათქვამი, თითქოს სოც.ქსელებში „აქტიურად ვრცელდება მოსაზრება, რომ ბექა ვარდოსანიძე გეია“ და თითქოს ეს მღვდელი ემიჯნება „პირადი ცხოვრების გარჩევას“.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით ვარდოსანიძის მხრიდან პატრიარქთან დაპირისპირებას, მოგიწოდებთ - შეწყვიტეთ მის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი“, - წერია ფოტოზე.

ყალბი გვერდი, რომლის უკანაც ვარდოსანიძე „ქართული ოცნების“ ტროლებს ხედავს
ყალბი გვერდი, რომლის უკანაც ვარდოსანიძე „ქართული ოცნების“ ტროლებს ხედავს

ვარდოსანიძემ ამ გვერდის უკან „ქართული ოცნების“ „ტროლების“ კვალი დაინახა და მათ უწოდა „ჩმორები, ლუზერები და მუქთახორები“, რომლებიც „აზრზე არ არიან საინფორმაციო ომის“.

12 იანვარს გაჩნდა პროფილი „ანდრია ჯღამაიძის“ სახელით - თუმცა საპატრიარქოს პრესმდივანმა მალევე დაწერა, რომ ეს „იმიტირებული გვერდია“, რომელიც „სავარაუდოდ გუშინ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიას ემსახურება“.

ვარდოსანიძემ უარყო ეს ირიბი ბრალდება: არ მჭირდება „შენნაირებზე“ ყალბი გვერდების შექმნაო.

„პატრიოტები“ „ოცნების“ „რჩევას“ ხედავენ

მატრონას ხატი სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა შესწირეს. მთელი ამ დღეების განმავლობაში ისინი „გაუნათლებელი ლიბერალებისგან“ იცავდნენ ხატს. როდესაც საპატრიარქომ მათ ნაჩუქარ ხატს კანონიკურობა დაუწუნა, ინაშვილმა დაწერა:

„ჩვენ, როგორც მრევლი, ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ... რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების „რჩევით“ მიიღო“.

ინაშვილის აზრით, ეს გადაწყვეტილება იმის წინაპირობაა, რომ „ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ“.

„სტრატეგიული შეცდომა“

ამ აზრზეა „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურა მახარაძეც და საპატრიარქოს, მართალია, ნაკლებად მწვავედ და უფრო მოზომილად, თუმცა მაინც აკრიტიკებს:

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის სტერატეგიული შეცდომა, - შეცდომა არა იმასთან დაკავშირებით, წმ მატრონას ხატზე კონკრეტული ეპიზოდა უნდა იყოს გამოსახული თუ არა, - საპატრიარქოში უფრო კომპეტენტური ხალხია და ამას თავად გადაწყვეტენ. სტრატეგიული შეცდომა იმიტომ, რომ ახლა ამ ფორმით ასეთი ტექსტი ამ განცხადებით რეალურად პოლიტიკურად გაფორმდა შემდეგი: ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ნატა ფერაძის მეთოდებით ლაპარაკი თურმე მოსულა, დასაშვები ყოფილა შევარდნა, ხატებზე ვანდალიზმი და ამით შედეგის მიღწევა“, - ამბობს მახარაძე ვიდეომიმართვაში და დასძენს, მე ასე არ ვთვლიო.

„ალტ-ინფოს“ ძალადობრივი აქციების ორგანიზების უკვე დიდი ისტორია აქვს: 2021 წლის ძალადობა „თბილისი პრაიდის“ და ჟურნალისტების წინააღმდეგ; „პრაიდის“ ყველა ფესტივალის დარბევა თუ დარბევის მცდელობა და ა.შ.. და „ალტ-ინფო“ იყო ის ჯგუფი, რომელმაც 10 იანვარს ნატა ფერაძის სახლთან ძალადობრივი აქცია ჩაატარა.

მორიგი აქცია შაბათს, 13 იანვარს იგეგმება პარლამენტის წინ. მახარაძის სიტყვებით, „ამ აქციის აზრი არა ხატის კანონიკაში გარკვევა, არამედ საქართველოს გულში, საკათედრო ტაძარში ვიღაც ცხოველების შეჭრა და ვანდალიზმია, რომლის სასჯელიც აუცილებლად უნდა დადგეს“.

ზურა მახარაძე ნატა ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე
ზურა მახარაძე ნატა ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე

„ყველაფერში თანხმდებოდნენ“

„მედიის განვითარების ფონდის“ „მითების დეტექტორი“ წლებია, დეზინფორმაციის წყაროებს იკვლევს და თვალს ადევნებს კონსერვატიულ, რადიკალური მემარჯვენე და პრორუსულ ჯგუფებსა და მათ საინფორმაციო არხებს.

მაიკო რატიანი, „მითების დეტექტორის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აქამდე მსგავსი შიდა დაპირისპირება ამ ფლანგზე არ ახსენდება:

„ძირითადად თანხმდებოდა ხოლმე პოზიციები, განსაკუთრებით რაც ეხებოდა რელიგიას, რუსეთის ფედერაციას… მსგავსი პოზიციები ჰქონდათ ხოლმე. „კონსერვატიული მოძრაობა“/„ალტ-ინფო“ ყველაფერში ეთანხმებოდა ხოლმე საპატრიარქოს“, - ამბობს იგი.

მაგრამ ამბობს იმასაც, რომ ჯერ რთული სათქმელია, როგორ შეიძლება ეს დაპირისპირება განვითარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG