Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო, ჯარი და „კატაკომბური მართლმადიდებლური ეკლესია“


საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება „კატაკომბური მართლმადიდებლური ეკლესიის“ დამფუძნებლებს. ეს ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს ახალგაზრდებს.„კატაკომბური მართლმადიდებლური ეკლესიის“ ერთ-ერთი შემქმნელი მთაწმინდის ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი, ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძეა.

31 მარტს ფეისბუკის პირად გვერდზე, მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა. მისი სიტყვებით ორგანიზაციის მიზანია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ფსევდორელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლებიდან“ ახალგაზრების გადმობირება. რაც შეეხება „კატაკომბურ მართლმადიდებლურ ეკლესიას“ გიორგი ანდრიაძის განმარტებით, ის თავისი მრწამსით არის თურქეთში ისტორიულად ჩამოყალიბებული მართლმადიდებლური ორგანიზაცია.

“თავისი მრწამსით ეს არის მართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა საქართველოში. ამ ორგანიზაციის სახელით ჩვენ სწორედ იგივე პრივილეგია მივეცით ახალგაზრდებს და არ ვუშვებთ სამხედრო სამსახურში, ვინც მიმართავს ამ ორგანიზაციას. ჩევნ ამ მიმართულებით, ამ კუთხით გავათავისუფლეთ უამრავი ახალგაზრდა იმისაგან, რომ მიემართა სექტანტური, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციისათვის, რომელიც შექმნა ე.წ. პოლიტიკურმა ორგანიზაცია „გირჩმა“.

ამის შემდეგ ჩვენ ვთხოვეთ იმ, პიროვნებებს, ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი მრწამსით არიან მართლმადიდებლები და სიტუაციიდან გამომდინარე მოხვდნენ გირჩის ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელიც თავისი არსით არის სექტანტური ორგანიზაცია. ამ პიროვნებებს მივმართეთ, რომ გადმოსულიყვნენ, “გადმოწერილიყვნენ” ჩვენს მართლმადიდებლურ ორგანიზაციაში და ამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დავუბრუნეთ ასობით ადამიანი… ჯერჯერობით მხოლოდ ასობით. სამწუხარო ციფრი, რომელიც არის 15 ათასიდან 20 ათასამდე „გირჩის“ ორგანიზაციაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი დააღწიოს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ჩვენ ამ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ დაუბრუნდნენ დედაეკლესიას, ანუ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას”.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ

,,კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ საპატრიარქოს განუმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, „მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ,,გირჩის“ ,,ბიბლიური თავისუფლების“ და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან“

თავის მხრივ საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე; ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია ,,გირჩს“, რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ“,- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გირჩის“ რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიური თავისუფლება“, ორი წლის განმავლობაში, სასულიერო პირად "კურთხევისა" და შესაბამისი საბუთის გაცემის საფუძველზე 15 000-მდე ადამიანს გადაუვადა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა მარტში დარეგისტრირა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი. რომლის თანახმადაც მღვდელმსახურება აღარ იქნებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი. კანონის შესაბამის, 30-ე მუხლში უნდა გაუქმებულიყო ის ნორმა, რომელიც წვევამდელ მღვდელმსახურებს აძლევდა ამ უფლებას. გამონაკლისი შეეხებოდა, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის წარმომადგენლებიც, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ძალით შეინარჩუნებდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების უფლებას. თუმცა როგორც პარლამენტში ასევე მის გარეთ არსებული მწვავე კრიტიკის გამო კანონპროეტის განხილვა თავად ინიციატივის ავტორმა შეაჩერა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG