Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია „არა გაყალბებას“ და 50-ლარიანი ჯარიმა სტიკერების გაკვრისთვის


რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდა მხარდამჭერები 8 ოქტომბერს რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე სააგიტაციო სტიკერების გაკვრისთის 50 ლარით დააჯარიმა, რასაც თან ახლდა ზედამხედველებთან სიტყვიერი დაპირისპირება.

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა აკაკი ხვედელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომახალგაზრდები სტიკერების გაკვრით ქუჩას ამახინჯებდნენ, რაც,ადგილობრივიმერიის გადაწყვეტილებისა და საკრებულოს დადგენილების თანახმად, დაუშვებელია.

სტიკერების გაკვრის დროს მოვიდნენ უცნობი ადამიანები და მოგვთხოვეს აქციის შეწყვეტა.
თამარ მეტრეველი

ერთ-ერთმა აქტივისტმა, თამარ მეტრეველმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ 8 ოქტომბრიდან წამოიწყეს აქცია „არა გაყალბებას“, რომელიც რუსთავის მე-20 საოლქო კომისიის წინ გამართული საპროტესტო აქციით დაიწყეს.

მისივე თქმით, აქციამ კოსტავას ქუჩაზე გადაინაცვლა და ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა თავმჯდომარის სახლის სადარბაზოს წინ დაიწყეს სპეციალური სტიკერების გაკვრა, წარწერით „არა გაყალბებას“, ასევე „მოღალატე“, რომელზეც გამოსახულია სალომე ზურაბიშვილის ფოტო.

„სტიკერების გაკვრის დროს მოვიდნენ უცნობი ადამიანები და მოგვთხოვეს აქციის შეწყვეტა. ჩვენს კითხვაზე, ვინ იყვნენ და მოთხოვნაზე, წარმოედგინათ პირადობის მოწმობა, უხეშად გვესაუბრნენდა დაგვემუქრნენ“, თქვა თამარ მეტრეველმა.

ამის შემდეგ თამარ მეტრეველმა ადგილობრივ პოლიციას მიმართა თხოვნით, დაედგინათ ინციდენტის მონაწილე პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ემუქრებოდნენ.

„პოლიციაში მითხრეს, რომ ჩემს განცხადებას შეისწავლიან და მოიკვლევენ“, დასძინა თამარ მეტრეველმა.

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა აკაკი ხვედელიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი ინციდენტის ამსახველ ვიდეოში, რომელიც ახალგაზრდებმა სოციალურიქსელით გაავრცელეს, ნამდვილად მისი სტრუქტურის ადმინისტრაციული და მოსაკრებლის განყოფილებათა თანამშრომლები არიან.

ჩვენ ყველას ვინაობა და მათი ნათესაური კავშირები ვიცით. ზოგი ცოლია, ზოგი ძმა, ზოგიც - დედა ან მამა, თუმცა საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ არჩევნები არ გავაყალბებინოთ.
დავით კირკიტაძე

„ვინაობა არავის დაუმალავს. ახალგაზრდებს აუხსნეს, რომ კოსტავას ქუჩა რეაბილიტირებულია და მისი დამახინჯება არ შეიძლება. მათ არც არავინ დამუქრებია“, თქვა აკაკი ხვედელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სტიკერების გაკვრას არჩევნების დასრულებამდე გააგრძელებენ.

„ჩვენ მივალთ ყველა საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სახლთან და ამ სტიკერებს გავაკრავთ, რადგან ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს“, თქვა თამარ მეტრეველმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა მხარდამჭერმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ შედის ოპიზიციურ ალიანსში „ძალა ერთობაშია“, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ საუბნო კომისიებში საოლქო კომისიის კვოტოთ მერიის მიერ დაფუძნებული სამსახურების თანამშრომელთა ნათესავები შეარჩიეს.

პირადად მე, მთელი ჩემი ოჯახი და პარტიაც, მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ, გაყალბებასაც არავინ აპირებს. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვაბრალებს, ტყუილია...
ლევან ონიანი

„ჩვენ ყველას ვინაობა და მათი ნათესაური კავშირები ვიცით. ზოგი ცოლია, ზოგი ძმა, ზოგიც - დედა ან მამა, თუმცა საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ არჩევნები არ გავაყალბებინოთ“, განაცხადა დავით კირკიტაძემ, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

„ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ მას მხარს უჭერს. ამდენად, აღნიშნა ონიანმა, „ქართულ ოცნებას“ საუბნო კომისიების დაკომპლექტებაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

„პირადად მე, მთელი ჩემი ოჯახი და პარტიაც, მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ, გაყალბებასაც არავინ აპირებს. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვაბრალებს, ტყუილია. ვურჩევ, თუ რამ პრეტენზია აქვთ, საოლქო კომისიას მიმართონ. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. სხვას რომ თავი დავანებოთ, პარტიას თავისი კანდიდატი არ ჰყავს“, განმარტა ლევან ონიანმა.

რუსთავის მე-20 საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საუბნო კომისიებში საოლქოს კვოტით კანდიდატურები უნარების, გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე შეირჩნენ:

„არც საოლქოში, არც საუბნო კომისიებში ჩემი ნათესავები არ არიან. თუ ვინმე ვისიმე ახლობელია, ეს ჩვენს ობიექტურ მუშაობაზე გავლენას ვერ მოახდენს“, აღნიშნა გაგა აფციაურმა.

მისივე ცნობით, საუბნო კომისიების ყველა წევრი, მათ შორის პარტიებიდან, ახლა ტრენინგების მეორე ეტაპს გადის. საკმაოდ კარგად ემზადებიან და პროფესიონალებად ყალიბდებიან, რათა არჩევნები მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG