Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალის აშენების წინააღმდეგ


საპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის შენობასთან პირბადეებით შენიღბულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალაქსა და ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური პრობლემები ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალი აშენდება, რის წინააღმდეგაც სოციალურ ქსელში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი „ჩემი ბათუმი“. მისი ერთ-ერთი წევრი და საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ვატო ნებუნიშვილი ამბობს, რომ ბათუმის პორტის თანამშრომლებმა მას ახალი ტერმინალის შესახებ მიაწოდეს დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ის ქალაქს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის:

„საფრთხე ისაა, რომ ჩვენი პორტი ქალაქის შუაგულშია, სადაც აპირებენ საწყობის აშენებას, რომელიც აგრეთვე იქნება ორი ტერმინალი, სადაც მოხდება ამ ტვირთის მიღება, გადამუშავება, დასაწყობება და შემდეგ ჩატვირთვა გემებში. საფრთხეს ვხედავთ იმაში, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არავის წარმოუდგენია და საჯარო არ გაუხდია, დამოუკიდებელ ექსპერტებს ამაზე არ უმსჯელიათ. თუმცა რა დასკვნაც არ უნდა დადოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, მილიონ ორასი ათასი ტონა ქიმიური ტვირთის ყოველწლიურად შემოსვლას და გადამუშავებას შუა ქალაქში ბათუმელები არ დავუშვებთ!“

ძალიან ხშირად ვგრძნობ უცნაურ სუნს ბათუმისთვის. რომ დავანებოთ თავი გარემოსა და ჰაერის დაბინძურებას, ზღვა არის გვერდით, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა ზაფხულის ბოლოს და ადგილი ჰქონდა ანომალიურ მოვლენებსაც. მაგალითად, არ იყო მედუზები რატომღაც და უცნაურად გვეჩვენა ბათუმელებს.
ზეინაბ დიასამიძე

ქალაქში, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, მინერალური სასუქების ტერმინალის აშენების წინააღმდეგ გამოვიდა პორტის პროფკავშირიც. საპროტესტო აქციას შეუერთდა ბათუმის პორტის პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარე ამირან მიქელაძე, რომელიც აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასაქმებული 730 ადამიანის უსაფრთხო შრომისთვის ის გარანტიებს ითხოვს მანამდე, ვიდრე ტერმინალის მშენებლობისთვის ნებართვა გაიცემა:

„გაურკვეველია, არანაირი საბუთები არ წარმოუდგენიათ, არ არსებობს ეკოლოგიური დასკვნა და თუ ხელისუფლება აძლევს ამის უფლებას, წარმოების განვითარების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ჯერ დადონ ეს დასკვნები დოკუმენტურად, რომ მავნებელი არ იქნება ჩვენი თანამშრომლებისთვის. ჩვენ ვითხოვთ მყარ გარანტიებს მათი დასაქმებისა და უსაფრთხოების შესახებ. გვაწუხებს, რა ზემოქმედება ექნება და რამდენად უსაფრთხოა თანამშრომლებისთვის“.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის აშენების წინააღმდეგ მოქალაქეების ნაწილიც გამოვიდა. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთის გადმოტვირთვისას ქალაქის ქუჩებში ხშირად იგრძნობა მძაფრი სუნი. ექიმი კარდიოლოგი ზეინაბ დიასამიძე ამბობს, რომ ის ბათუმის პორტთან ახლოს ცხოვრობს და საპროტესტო აქციაზე იმიტომ მოვიდა, რომ თავს დაზარალებულად მიიჩნევს:

ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია დაიცვას და იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე იზრუნოს ბიზნესზე და მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი იქნება შესაბამისობაში...
თორნიკე რიჟვაძე

„ძალიან ხშირად ვგრძნობ უცნაურ სუნს ბათუმისთვის. რომ დავანებოთ თავი გარემოსა და ჰაერის დაბინძურებას, ზღვა არის გვერდით, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა ზაფხულის ბოლოს და ადგილი ჰქონდა ანომალიურ მოვლენებსაც. მაგალითად, არ იყო მედუზები რატომღაც და უცნაურად გვეჩვენა ბათუმელებს. რატომღაც თოლიები გაურბიან ზღვას. მე ვერაფერს დავამტკიცებ, იქნებ ეს სხვა მოვლენაა, მაგრამ ასევე არ მომწონდა წყლის კონსისტენცია და ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ბევრი ზღვისმოყვარული ადამიანისგან გამიგია ეს წელს. მე პასუხისმგებლობას ვანიჭებ საქართველოს ხელისუფლებას. ძალიან რადიკალურიც ვიქნები, მკაცრი - არა! არავითარი ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ტერმინალი აქ არ იქნება!“

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის აშენებაზე ნებართვა თვითმმართველობას არ გაუცია, აცხადებენ ბათუმის მერიაში. ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განმარტავენ, რომ მზადდება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი და მხოლოდ გარემოს სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება ამ საკითხის განხილვა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა კი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, განცხადება გაავრცელა:

„ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია დაიცვას და იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე იზრუნოს ბიზნესზე და მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი იქნება შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ყველა იმ ეკოლოგიურ მოთხოვნასთან, რომელსაც როგორც ჩვენი ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს“.

ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით, ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა ინფორმაცია თანამშრომლებს გუშინ მიაწოდა, უთხრა ჟურნალისტებს ნავსადგურის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა. მისივე თქმით, თანამშრომლებს განემარტათ, რომ ტვირთი, რომელსაც ტერმინალში მიიღებენ, უსაფრთხო იქნება. იგი ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში გამოიყენება:

„კარბონიტი არ განსხვავდება, პირიქით, ეკოლოგიურად უფრო სანდო ტვირთია მათ შორის, რომელიც მუშავდებოდა საქართველოს პორტებში. მე მგონია, რომ აქციას ის ადამიანები მართავენ, რომლებმაც არ იციან, რაშია საქმე ან იდეას არიან აყოლილები. რაც შეეხება კარბონიტს, ინფორმაცია ინტერნეტში ყველასათვის ხელმისაწვდომია. რაც შეეხება საცავის დამუშავებას, ეს იქნება დახურული საცავი, ანუ კარბონიტის გადმოტვირთვა და შემდეგ ხელახლა ატვირთვა გემებზე - ყველაფერი იქნება ჰერმეტულად დახურულ შენობებში. მოეწყობა ვენტილაციისა და მტვრის შეგროვების სისტემები, ეს ყველაფერი შენობის შიგნით დარჩება“.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტის განმარტებას უნდობლობას უცხადებს თანამშრომლების ნაწილი, რომელიც ახალი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება იმ მიზეზით, რომ, როგორც ბათუმის პორტის სარემონტო სამშენებლო სამუშაოების ჯგუფის უფროსმა გოჩა ზოსიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, წელს, ზაფხულში, ბათუმის პორტში საცდელად ქიმიური ნივთიერება გადმოტვირთეს და მტვერი ქალაქსა და ზღვაში გაიბნა:

„ეს იყო გოგირდი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც არის. მეხანძრეებმა ცეცხლი რომ ჩააქრეს, ეს ყველაფერი ზღვაში ჩაიღვარა, ჩვენს შავ ზღვაში, რომლითაც ვამაყობთ და ჩვენს სიმდიდრედ ვთვლით. ეს ყველაფერი ზაფხულში მოხდა. მერე გადაწყვიტეს ქიმიური საწყობის აშენება. ქალაქის შემოსასვლელში გვექნება ეს კიბოს კერა. ეს მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს კი არა, ყველა ბათუმელს ეხება“.

ქიმიური საფრთხის შესახებ საინფორმაციო პლაკატები ბათუმის ქუჩებში მიმდინარე წლის მაისში გამოჩნდა, რაზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაუდგენელი პირები დეზინფორმაციის გავრცელებასა და პანიკის გამოწვევას ცდილობდნენ. პარალელურად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე წლის მაისის თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა არაგეგმიური შემოწმება დაიწყეს, რის შემდეგაც ბათუმის საზღვაო ნავსადგური 5 000 ლარით დაჯარიმდა გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG