Accessibility links

სასამართლომ ქუთაისის მერიის სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა


ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქალაქის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა 500 ლარით დაეჯარიმებინა გია გოქაძე, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“.

მოსამართლე დარინა აბულაძის გადაწყვეტილებით, სამსახურის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს და გია გოქაძის მხრიდან არ არსებობს ადმინისტრაციული სამრთალდარღვევის შემთხვევა, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური გია გოქაძის დაჯარიმებას 500 ლარით ითხოვდა 12 იანვარს „თეთრი ხიდის“ საფეხმავლო ნაწილის დაზიანებული შუშის ზედაპირზე გაკრული A4 ფორმატის სტიკერის გამო, წარწერით - „ფრთხილად, სახიფათოა!“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენის პოზიციით, „მოქმედი კანონით იკრძალება სხვადასხვა სახის ნახატების, წარწერების, სიმბოლიკის შესრულება ადმინისტრაციულ შენობებზე, მათ მიმდებარედ და ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“. სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის ეს ნაწილი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსარჩელე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა სტიკერების გაკვრა ადმინისტრაციულ შენობათა მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, „თეთრი ხიდის“ მდებარეობა პირველი საჯარო სკოლისა და საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების მიმდებარედ.

თავად გია გოქაძე, მერიის მიერ „ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის“ მისი დაჯარიმების თხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას აფასებს, როგორც გაჩუმების მცდელობას მერიის საქმიანობის კრიტიკისთვის.

ქუთაისის მერიაში სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, გაასაჩივრებს თუ არა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG