Accessibility links

სასამართლო რეფორმის ბნელი მხარე


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭვირვალე საქმიანობაზეა საუბარი სამოქალაქო სექტორის ანგარიშში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ერთობლივი ანგარიში სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებულ ხარვეზებს აღწერს. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი დარღვევები და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ვითარება, რომელიც განსხვავებულ აზრს ვერ გუობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, განმარტებით, სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება არამოსამართლე წევრების მოსაზრებების მიმართ და მათი ჩაგვრა ამ ნიშნით თვალსაჩინოს ხდის საბჭოში არსებულ მანკიერ გარემოს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის, განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სხვა მიმართულებებით.

ანგარიშის თანახმად, მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმის „მესამე ტალღა“ ისახავდა მიზნად. მნიშვნელოვანი დაგვიანებით დაინიშნა თანამდებობაზე დამოუკიდებელი ინსპექტორი. საბჭოს ახალ შემადგენლობაშიც რჩება აზრთა პლურალიზმისა და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილებების დასაბუთებას. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია, რაც შეიცავს საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. შენარჩუნდა სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. კანონმდებლობა ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რომლებიც საბჭოს ფართო შესაძლებლობას უტოვებს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში წარმოდგენილ ზოგიერთ დასკვნას ცალმხრივად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და ფიქრობს, რომ ერთეული საკითხები განზოგადებულია:

„წარმოდგენილ ანგარიშში გარკვეული საკითხები შეფასებულია ცალმხრივად. არის მოყვანილი ერთეული საგამონაკლისო შემთხვევები და ამ შემთხვევების განზოგადებაა გაკეთებული იმგვარად, რომ ეს საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობად წარმოჩნდეს. ეს არასწორია. თუმცა ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ასეთი ანგარიში. ყურადღებით გავეცანით მას და არის რიგი საკითხები, რასაც აუცილებლად გავიზიარებთ. შევეცდებით ამ მიმართულებებით გაუმჯობესდეს საბჭოს საქმიანობა".

გიორგი მიქაუტაძის თქმით, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი. ამასთან. ის არ იზიარებს დასკვნას, თითქოს განსხვავებული აზრი იდევნებოდეს და ამ შეფასებას ტენდენციურად მიიჩნევს.

"ამ ორგანიზაციების თანამშრომლები პირადად ესწრებიან სხდომებს. კონკრეტული ჩანაწერები უნდა იყოს გაკეთებული, თუ რა მიიჩნევა განსხვავებული აზრის დევნად. ის, რომ ჩვენ ყველა ჯერზე არ ვეთანხმებით ორი არამოსამართლე წევრის მოსაზრებებს, ის, რომ კოლეგიური ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობით, არ შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული აზრის დევნად. თუ ვინმეს ერთხელ მაინც შეეზღუდა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა საბჭოს სხდომაზე, ამის მტკიცებულება მაჩვენონ და გაგცემთ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა საბჭოს მდივანმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG