Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო სემინარია: ამბოხებულები ისჯებიან


სასულიერო სემინარია
სასულიერო სემინარია

14 თებერვალს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის საბჭომ საბოლოოდ ჩამოართვა თეოლოგიის პროფესორს, გოჩა ბარნოვს, ლექციების წაკითხვის უფლება.

“ისინი დევნიან თავისუფალ აზრს”

სემინარიის სტუდენტთა პირველი ამბოხი​

საპროტესტო წერილების სერია

სემინარიის კავშირი საპატრიარქოსთან

„სამეცნიერო საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაადგინა, რომ ბ-ნ გოჩა ბარნოვს შეუწყდეს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას“, - წერია სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭომ განიხილა ბარნოვის რამდენიმე საჯარო განცხადება, ასევე ინტერვიუები და პედაგოგის მოსაზრებები „ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასდა”, - განაცხადა ამ განხილვის შესახებ სამეცნიერო საბჭოს წევრმა, მღვდელმა ბიძინა გუნიამ.

საბჭოს 30 წევრიდან 27-მა პროფესორისთვის ლექციების ჩატარების აკრძალვას დაუჭირა მხარი.


“ისინი დევნიან თავისუფალ აზრს”

თეოლოგიის დოქტორმა გოჩა ბარნოვმა, რომელიც 2012 წლიდან სასულიერო სემინარიის ლექტორია, ფეისბუკზე დაწერა, რომ მას საკუთარი მოსაზრებების ღიად გამოთქმის გამო სჯიან: “დღეს, სასულიერო აკადემიის და სემინარიის “სამეცნიერო საბჭოს” გადაწყვეტილებით, ლექციები შემიჩერეს იმ საბაბით, რომ მე ჩვენი პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერი ვარ”.

​უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის პროფესორი ამტკიცებს, რომ მის საჯარო განცხადებებს მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია იმის გამო მიეცა, რომ იგი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მხარდამჭერია.

„თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედა ეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა: პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული და, მაშასადამე, დედა ეკლესიის წიაღში, მეორენი კი მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად“, - დაწერა მან საჯაროდ ერთ-ერთ სტატუსში.

„ჩემი ვარაუდი უფრო დიდ მუქარად აღიქვეს, ვიდრე ალფეევის განცხადება. მეტსაც გეტყვით, თვითონაც იგივეს ფიქრობენ. უბრალოდ, ვერ ბედავენ ამის დაფიქსირებას და რახან მე თავისუფლად გამოვხატავ, ამას უკვე ვეღარ იტანენ. აქ არსებობს, რა თქმა უნდა, თანამდებობების დაკარგვის შიში და ამიტომ ისინი იწყებენ თავისუფალი აზრის დევნას”, - უთხრა გოჩა ბარნოვმა რადიო თავისუფლებას.

გოჩა ბარნოვი ლექციების წაკითხვის უფლების ჩამორთმევის მეორე მიზეზსაც ასახელებს. პროფესორი ამბობს, რომ ის დასაჯეს მისი მცდელობისთვის, ხელი შეეწყო სემინარიის სტუდენტებისთვის განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ.

“საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს სცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ”, - ამბობს ის.

პროფესორის უშუალო ხელშეწყობით, 2016 წელს ათენის უნივერსიტეტში განათლების მისაღებად წასული სასულიერო სემინარიის სტუდენტი გურამ ლურსმანაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მის გარდა, გოჩა ბარნოვის დახმარებით სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ათობით სტუდენტმა მოახერხა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებულ თეოლოგიურ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.

სემინარიის სტუდენტთა პირველი ამბოხი

გოჩა ბარნოვის გათავისუფლება არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მართვის სტილი სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მსჯელობის საგანი გახდა.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო და სამეცნიერო საღვთისმეტყველო ცენტრია, რომელსაც სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა აქვს: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. 2009 წლიდან სასწავლებლის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეა.

ჯერ კიდევ 2004 წელს 24-მა სტუდენტმა გაბედა და სემინარიის მართვის პოლიტიკა ღია წერილით გააკრიტიკა. “ამბოხებულმა” სტუდენტებმა მაშინ საქართველოს საპატრიარქოს მიმართეს.

„საუბარი იყო იმაზე, რომ ობსკურანტული გარემოა, განათლება არ არის წახალისებული, წიგნის კითხვა არ არის წახალისებული და სემინარია, აკადემია ყალიბდება ყურმოჭრილი მონების სამჭედლოდ. ასევე ცენტრალურ პრობლემად იყო დასმული ის, რომ როგორც საპატრიარქო, ისე სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ხელმძღვანელობა ითხოვენ ადამიანების დადუმებას, რომ მათ არ უნდა ისაუბრონ, მათ არ აქვთ უფლება პრობლემებზე საუბრისა“, - აღნიშნავს ბექა მინდიაშვილი, რომელიც თავად იყო იმ 24 სტუდენტთაგან ერთ-ერთი.

პროტესტი დამთავრდა იმით, რომ სტუდენტები სასწავლებლიდან გარიცხეს. ბექა მინდიაშვილი იხსენებს, რომ მაშინ გარიცხვის მიზეზად დაასახელეს დაუმორჩილებლობა და მკრეხელობა, “ანუ შეკითხვების დასმის სურვილი”, - აზუსტებს სემინარიის ყოფილი სტუდენტი.

2004 წელს, როდესაც პატრიარქს სტუდენტების პროტესტის შეფასება სთხოვეს, მან ჟურნალისტებს უპასუხა, „დღეს ისეთი დღესასწაულია, ამ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლებაო“.

მაშინდელმა პრეზიდენტმა კი, მიხეილ სააკაშვილმა, მედიას მოუწოდა ფრთხილად მოჰკიდებოდა მიმდინარე პროცესებს, პარლამენტის ტრიბუნიდან კი თქვა, რომ ეს იყო იმდენად მგრძნობიარე თემა, რომ თავისუფალი, საჯარო მსჯელობა საზიანო იქნებოდა.

“აი, ამ გამოსვლის მერე ჩაიკეტა მედიასივრცე ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ მოლაპარაკე ადამიანებისთვის და დაიგმანა, დაილუქა ეს საკითხები”, - იხსენებს ბექა მინდიაშვილი.


საპროტესტო წერილების სერია

2017 წელს სემინარია-აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტები მორიგ ღია წერილს აქვეყნებენ, სადაც რექტორსა და პროტოპრესვიტერს, გიორგი ზვიადაძეს, სხვა ბევრ ბრალდებასთან ერთად, ზეწოლასა და ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

წერილის მიხედვით, რექტორთან თანამშრომლობის შეუძლებლობის გამო, კვალიფიციური კადრები მასობრივად ტოვებენ სასწავლებელს, მათი ჩანაცვლება კი რექტორისადმი ლოიალურობის პრინციპით ხდება.

წერილის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ რექტორის მხრიდან სტუდენტების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სტუდენტები ლაპარაკობდნენ კორუფციაზე, თანხების მითვისებასა და სხვა უსამართლობაზეც.

2018 წელს სემინარიის ყოფილი სტუდენტების ჯგუფმა კიდევ ერთი ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, აკადემია-სემინარიის პრობლემები “პერიოდულად გამოდიოდა სააშკარაოზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არასდროს გვარდებოდა”, ხოლო მას შემდეგ, რაც 2009 წელს სასწავლებლის რექტორად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა, “ვითარება უფრო გართულდა, ფატალური სახე შეიძინა და კულმინაციას 2012 წელს მიაღწია, როდესაც რექტორსა და მის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფ ზოგიერთ თანამშრომელს ასეულობით სტუდენტი დაუპირისპირდა“, - ეწერა განცხადებაში.

სასწავლებელში არსებული „კრიზისული რეალობა“ 14 პუნქტის სახით იყო ჩამოყალიბებული, რომელთაგან მე-3-ს ასეთი ფორმულირება ჰქონდა : „’ურჩ’ პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც გამოიხატა მათი ლექციებიდან ჩამოშორებითა და ავტორიტეტის შელახვით. განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები”.

ეს პუნქტი წლების შემდეგაც გოჩა ბარნოვის გარშემო შექმნილი ვითარების იდენტურ მდგომარეობას აღწერს.

სასწავლებლის „ორ კვადრატულ მეტრზე განფენილ ბიბლიოთეკაში წიგნების 90 % რუსული შავრაზმული ლიტერატურაა”, - ამბობს ბექა მინდიაშვილი იმის მისანიშნებლად, რომ უმაღლესი სასწავლებლის მართვის სტილი და ორიენტაცია რუსული ეკლესიის “მორჩილებაზეა” დაფუძნებული. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მას მოჰყავს ის ფაქტიც, რომ საპატრიარქოში განათლების მიმართულებას უძღვება მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს არა დასავლეთისა და ევროპის გზა, არამედ - რუსეთის.

სემინარიის კავშირი საპატრიარქოსთან

2004 წლიდან მოყოლებული, სასულიერო სემინარიაში გაჩენილი პრობლემები არაერთხელ გამხდარა ღია საუბრისა და მსჯელობის საგანი. ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სასწავლებლის პრობლემები კავშირშია საპატრიარქოს პოლიტიკასთან.

ბოლო პერიოდში გამოჩდნენ თეოლოგები, რომლებმაც შეძლეს ღიად დაპირისპირებოდნენ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას საქართველოში და, უფრო მეტიც, გაჩნდნენ სასულიერო პირები, მათ შორის სინოდის წევრი ეპისკოპოსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დამკვიდრებულ ტენდენციებს, თუმცა ამ პროცესში მათ უპირატესობა ჯერჯერობით ვერ მოიპოვეს.

“შეიძლება ვიღაცა ცდება, ვიღაცა სწორს ამბობს, ვიღაცა ნახევარ სიმართლეს ამბობს, მაგრამ ეს არის ადამიანთა ერთობა, სადაც ყველამ უნდა მოუსმინოს სხვის აზრს და პატივი სცეს მას, რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს მისთვის“,- ამბობს პროფესორი გოჩა ბარნოვი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სახალხო დამცველსა და სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG