Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საფარი" და მოქალაქეები ფილმის გადამღებ ჯგუფს მხარდაჭერას უცხადებენ


კანის ფესტივალზე ნომინირებული ქართულ-შვედური ფილმის (And Then We Danced) პროდიუსერთან ინტერვიუს შემდეგ მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარმა" გადაწყვიტეს საკუთარი რესურსებით მხარი დაუჭირონ ფილმის გადამღებ ჯგუფს. ​

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ქეთი დანელია ფილმის გადაღების სირთულეებზე საუბრობს და აღნიშნავს იმასაც, რომ კულტურის სამინისტრომ მისთვის უცნობი მიზეზის გამო უარი თქვა კანში გადამღები ჯგუფის გამგზავრების თანადაფინანსებაზე. გადაწყვეტილების ცვლილებას, პროდიუსერის განცხადებით, წინ უძღოდა სატელეფონო ზარი და შეკითხვები ფილმის შინაარსის შესახებ.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გადაწყდა, რომ მოქალაქეებმა შეაგროვონ 2500 ლარი, რომელიც ფილმის გადამღებ ჯგუფს სამინისტროდან უნდა მიეღო. "როგორც კი ვნახე ინფორმაცია, მაშინვე მიხვდი, რომ სწრაფი რეაგირება იყო საჭირო. კარგი იქნებოდა, თუკი ამ თანხის მოკლე დროში მობილიზებას მოვახერხებდით", - ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი ნუცა ქირია.

​ინიციატივის კიდევ ერთი ავტორის, ქეთი ჩიხრაძის აღშფოთება გამოიწვია არა იმდენად 2500 ლარის არგამოყოფამ, არამედ პოზიციის მიუღებლობაზე საუბარმა: "ჩემი აზრით, აბსოლუტური ხელშეწყობა უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, რათა ჩვენი ხელოვანების ნამუშევარი, სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი კანის საერთაშორისო ფესტივალზე. მოხდა პირიქით - დაპირებული თანხა არ გადარიცხეს, იმიტომ რომ, ფილმის სიუჟეტი ვითარდება სექსუალური უმცირესობების გარშემო. კულტურის სამინისტროს ასეთი საქციელი, 2019 წელს არის მიუღებელი."

"საფარი" კი სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ფილმზე მომუშავე ჯგუფს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით: "დაფინანსების მოულოდნელი შეწყვეტა აშკარად უკავშირდება ფილმის თემატიკას. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტრო ზუსტად არ ფლობდა ინფორმაციას ფილმის შესახებ და შეიტყო ნიუსებიდან, გადაამოწმა პროდიუსერთან და ჰომოფობიურ ნიადაგზე დაარღვია შეთანხმება."

ბაია პატარაიას თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება არღვევს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონს.

კულტურის სამინისტროში კი, სადაც უჭირთ იმის თქმა, ვინ ან რა მიზნით დარეკა ფილმის პროდიუსერთან, აცხადებენ, რომ თანხის არმიცემის მიზეზი არა ფილმის შინაარსი, არამედ ბიუროკრატიული პროცედურები აღმოჩნდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამგზავრო გრანტებს არ გასცემს, თუმცა რადგანაც საუბარი „ა“ კლასის, პრესტიჟულ ფესტივალში ფილმის მონაწილეობაზე იყო, სამინისტრომ კინოცენტრს სთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია ფილმის ფესტივალში მონაწილეობის და მისი მხრიდან დაფინანსების შესახებ.

"კინოცენტრმა სამინისტროს მომართა 7 მაისს თხოვნით, განეხილა დამატებითი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა. ფესტივალზე შემოქმედებითი ჯგუფის გასამგზავრებლად დარჩენილი იყო 5 სამუშაო დღე, რაც არასაკმარისია პროექტის დაფინანსების განსახილველად და დადგენილი პროცედურების განსახორციელებლად", - განუცხადა სამინისტროს პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას.

თანხის შეგროვების ინიციატორებს ფილმის პროდიუსერმა უთხრა, რომ მას ძალიან ახარებს მხარდამჭერების დახმარების სურვილი, თუმცა მათ მიერ შეგროვებულ თანხას ვერ აიღებენ.

ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის “Then We Danced”-ის პრემიერა კანის ფესტივალზე 16 მაისს გაიმართება. ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი, ლევან აკინია. სიუჟეტი ქართული ხალხური ანსამბლის მოცეკვავეების მერაბისა და ირაკლის წინააღმდეგობებით სავსე სასიყვარულო კავშირის აღწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG