Accessibility links

საფრანგეთი: აღმოსავლეთის პარტნიორობა არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანებას


საფრანგეთი უარყოფს მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ შესაძლოა მასში ჩართულ ქვეყნებს გზა გაუხსნას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და აცხადებს, რომ პროგრამის სამომავლო დაფინანსების ნახევარი უნდა მოხმარდეს გარემოს დაცვისკენ მიმართულ ინვესტიციებს - თანახმად ორი დოკუმენტისა, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

პარიზმა წარმოადგინა ე.წ. სადისკუსიო დოკუმენტები, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრით და 2020 წლის იანვრით არის დათარიღებული, როგორც ნაწილი საკონსულტაციო პროცესისა, რომლის ინიცირებაც ევროპის კომისიამ მოახდინა, მანამ, სანამ მარტში გამოქვეყნდებოდეს ანგარიში აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მომავლის შესახებ.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობენ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

"აღმოსავლეთის პარტნიორობის" ლოგო
"აღმოსავლეთის პარტნიორობის" ლოგო

პროგრამა 2009 წელს შეიქმნა იმ მიზნით, რომ ამ ქვეყნებში რეფორმების გატარება წახალისებულიყო, კავშირების გაღრმავების და ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას - რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა - ამ პროგრამამ გზა გაუხსნა ასოცირების ხელშეკრულებების გაფორმებისკენ და ბრიუსელთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებებისკენ.

მოსკოვი პროგრამით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ევროკავშირსა და მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის ეკონომიკური დაახლოვება რუსეთის ინტერესებს მოუტანს ზიანს.

საფრანგეთის ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: "პასუხისმგებლობის სულისკვეთებამ კოლექტიურად უნდა დაგვიცვას ილუზიების ან ბუნდოვანების გამოწვევისგან ჩვენს პარტნიორებში, ამ პარტნიორობის მიზნების შესახებ".

დოკუმენტის თანახმად, პარტნიორობა "ეფუძნება ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას", მაგრამ გამორიცხავს "ევროკავშირში ინტეგრაციის ან მისი წევრობის ყველა პერსპექტივას და ყველა მექანიზმს".

"მიზანია ჩვენი პარტნიორების გამძლეობის გაზრდა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის და ეკონომიკის მოდერნიზების თვალსაზრისით" - ვკითხულობთ დოკუმენტში.

პარიზი წარმოადგენს მთავარ ძალას ევროკავშირში შარშან მიღებული გადაწყვეტილების მიღმა, გაჩერებულიყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, რასაც იმედგაცრუება და შეშფოთება მოჰყვა დასავლეთ ბალკანეთში.

იმანუელ მაკრონი
იმანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ გაფართოებას წინ უნდა უძღოდეს ევროკავშირის რეფორმა, მის ამჟამინდელ საზღვრებში. მაკრონი ასევე გამოდის დიალოგის მოწოდებით რუსეთთან, რომელსაც ევროკავშირის სანქციები აქვს დაწესებული უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო.

ევროკავშირის აღმოსავლელი წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის გარანტიით უთხრა, რომ საფრანგეთს "არ სურს სამეზობლოში არაფერი ისეთის გაკეთება, რასაც რუსეთის გულისწყრომის გამოწვევის პოტენციალი ექნება".

"მოახლოებული ბრექსიტი საფრანგეთს საგარეო პოლიტიკის უდიდეს მოთამაშედ აქცევს ბლოკში და მათ ამიერიდან დიდი გავლენა ექნებათ" - დასძენს დიპლომატი.

საფრანგეთის ორივე დოკუმენტში გამოთქმულია მოწოდება "მწვანე პოლიტიკის" შექმნაზე აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის, რაც ივნისში, ბრიუსელში უნდა დამტკიცდეს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოების ლიდერების სამიტზე.

ამ წინადადების ფონია ევროპის კომისიის მიერ დეკემბერში ამოქმედებული ევროპის მწვანე შეთანხმების საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს "კლიმატურად ნეიტრალური ევროკავშირის" მიღწევას 2050 წლისთვის. 20 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს ინიციატივები კლიმატურ დიპლომატიაზე, რომლის ფარგლებშიც ისინი აცხადებენ, რომ ბლოკი მეტად დაუჭერს მხარს "ევროკავშირის უშუალო მეზობლების ძალისხმევას" კლიმატური ნეიტრალობის მისაღწევად.

იანვრის დოკუმენტში პარიზი ამბობს, "კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ჩვენი ერთობლივი მიზანი გვიბიძგებს წინადადებისკენ, ევროკავშირის მწვანე შეთანხმება აღმოსავლეთის პარტნიორობაზეც გაფართოვდეს, 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალობის მისაღწევად".

ამ დოკუმენტში ასევე გამოთქმულია მოსაზრება, აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების 50 % "მოხმარდეს კლიმატის და გარემოს დაცვის მიზნებს", პროექტებით, რომლებიც კონცენტრირებული იქნება დაბინძურებასთან ბრძოლაზე, ნარჩენების მენეჯმენტზე, მდგრად განვითარებაზე და განახლებადი ენერგიის წყაროებზე.

"მოლაპარაკება გაიმართება იმის თანხის მოცულობის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი 'მწვანე' [ინციატივებზე] დახარჯავს, მაგრამ ეს თანხა, სავარაუდოდ, ასეთი დიდი არ იქნება" - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნის დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვის გარანტიით.

ამ დრომდე აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიუჯეტის ერთ მეოთხედამდე იხარჯება კლიმატსა და ენერგიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG