ანტიტერორისტული სახელმწიფო პროკურატურის ცნობით, უკრაინის მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული ბრაჟნიკოვი საფრანგეთში 2021 წლიდან ცხოვრობს. მას ბრალი ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, კერძოდ, დონეცკში, „იზოლაციის“ სახელწოდებით ცნობილ ციხეში რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული ადამიანების წამებაში.
„იზოლაციის“ ტერიტორიაზე საპატიმრო მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ)“ წარმომადგენლებმა 2014 წელს ამავე სახელწოდების ხელოვნების ფონდის ტერიტორია დაიკავეს. ეს სახელწოდება მან საიზოლაციო მასალების დამამზადებელი ყოფილი ქარხნისგან მიიღო და ის ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების, ე.წ. „დსრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ საიდუმლო ობიექტად გადააკეთეს. ადამიანებს (ძირითადად უკრაინის მომხრე), რომლებიც „იზოლაციაში“ მიჰყავდათ, არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ და მათგან წამების გზით იღებდნენ აღიარებით ჩვენებებს.
უკრაინის გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თქმით, „იზოლაციის“ ყოფილი პატიმრების თანახმად, ბრაჟნიკოვი, ფაქტობრივად, „იზოლაციის“ უფროსის თანაშემწე იყო და პირადად მონაწილეობდა პატიმრების წამებაში. ის მათ სასტიკად ეპყრობოდა, მიმართავდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ამცირებდა და აიძულებდა მათ, მიეცათ აღიარებითი ჩვენება. საფრანგეთში დაკავებული რომ მართლაც ევგენი ბრაჟნიკოვია, თავის Facebook-ზე დაადასტურა მწერალმა და „იზოლაციის“ ყოფილმა პატიმარმა, სტანისლავ ასეევმა. ასეევმა რუსეთის ციხეებში, მთლიანობაში, ორწელიწად-ნახევარი გაატარა.
ბრაჟნიკოვი უარყოფს პატიმრების წამების ბრალდებას და აცხადებს, რომ თავად იყო პატიმარი „იზოლაციაში “. მას შემდეგ, რაც უკრაინაში მის წინააღმდეგ დონეცკის ციხეში პატიმრების წამების გამო საქმე აღიძრა, ის 2021 წელს უკრაინიდან საფრანგეთში გაემგზავრა და იქ ლტოლვილის სტატუსის მოპოვება სცადა.
რუსლან კრავჩენკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი მას შემდეგ დააკავეს, რაც საფრანგეთის პოლიციას მიმართეს უკრაინის პროკურორებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "Truth Hounds"-მა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულებს იძიებენ. უკრაინელ პროკურორებთან ერთად მათ დაკითხეს დაზარალებულები, რომლებიც საუბრობდნენ ბრაჟნიკოვის მიერ „იზოლაციაში“ ჩადენილ წამებასა და ძალადობაზე, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ საფრანგეთს დონეცკის მკვიდრთან დაკავშირებით საქმის დამატებითი მასალები გადასცა.
სტანისლავ ასეევი ბრაჟნიკოვის წინააღმდეგ სარჩელის ინიციატორია. მან სოციალურ ქსელში დაწერა: „ბრაჟნიკოვის საფრანგეთში დაკავების შესახებ ათი დღის წინ გავიგე, როდესაც ავსტრიიდან ვბრუნდებოდი, სადაც გამოსვლა მქონდა (არსებობდა შეთანხმება გაუთქმელობის შესახებ)“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მონაწილეობდა საქმის მასალების თარგმნასა და საფრანგეთში მათ გადაცემაში:
„გასულ წელს, საბოლოოდ, მე ვიყავი პირველი, ვინც პარიზში მიიწვიეს ჩვენების მისაცემად. ეს ყველაფერი მაქსიმალურად დაფარულად გავაკეთეთ, რათა მას (ბრაჟნიკოვს) სასამართლო პროცესის შესახებ არ გაეგო და საფრანგეთიდან არ გაქცეულიყო. მოგვიანებით, სხვა დაზარალებულებმა და მოწმეებმაც მისცეს ჩვენება.“
რა არის ცნობილი ბრაჟნიკოვის შესახებ?
ევგენი ბრაჟნიკოვი დაიბადა 1979 წელს დონეცკის ოლქში, კალმიუსკოეში (ყოფილი კომსომოლსკი). ის ოპერრწმუნებულად მუშაობდა დონეცკის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის პიროვნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გახსნის განყოფილებაში, თუმცა 2009 წელს ხელახალი ატესტაცია ვეღარ გაიარა და შეწყვიტა მუშაობა სამართალდამცავ ორგანოებში.
2014 წელს ის შეუერთდა „რუსსკაია ვესნას“: ეხმარებოდა რუსეთის მომხრე ძალებს, მონაწილეობდა დონბასში გამართულ მიტინგებში და თავს ესხმოდა პრო-უკრაინული საპროტესტო აქციების მონაწილეებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფების მებრძოლის, ევგენი ტინიანსკის თქმით, რომელსაც იმოწმებს დენის კაზანსკი თავის ვიდეოში, ბრაჟნიკოვი 2014 წლის 26 მაისს დონეცკის აეროპორტისთვის პირველ ბრძოლაში მონაწილეობდა, ხოლო სლავიანსკისთვის ბრძოლის დროს კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფ დაჯგუფებებს ღამის ხედვის მოწყობილობებითა და სნაიპერული სამიზნებლებით ამარაგებდა.
2015 წელს, მას შემდეგ, რაც დონეცკის ოლქის ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა, ბრაჟნიკოვი დონეცკის ერთ-ერთი ქარხნის დაცვის უფროსი გახდა. 2016 წელს იგი ე.წ. „დსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიის მომზადებაში ეჭვის საფუძველზე. შემდეგ ის მართლაც „იზოლაციაში“ მოათავსეს, ორი წლის შემდეგ კი იარაღის შენახვაში „დამნაშავედ“ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა „მიუსაჯეს“ („დსრ“-ში განაჩენი ხშირად სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე გამოაქვთ).
2019 წლის 29 დეკემბერს ბრაჟნიკოვი დიდი გაცვლის ფარგლებში გაცვალეს, რომლის დროსაც უკრაინამ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან 76 ტყვე დაიბრუნა.
ოლეგ გალაზიუკმა, იმავე გაცვლის დროს გათავისუფლებულმა მასწავლებელმა და პუბლიცისტმა, გაიხსენა, რომ როდესაც სხვა გათავისუფლებულმა უკრაინელებმა გაცვლის დროს ბრაჟნიკოვი დაინახეს, მას ცემა დაუწყეს და უკრაინელ ჯარისკაცებს მთელი გაცვლის პროცესის განმავლობაში მისი სხვა პატიმრებისგან დაცვა მოუწიათ.
გაცვლის შემდეგ, ყოფილმა პატიმრებმა ჩვენება მისცეს, რომ ევგენი ბრაჟნიკოვი „იზოლაციაში“ წამებაში მონაწილეობდა „დსრ“-ის ოფიციალურ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებთან ერთად. უკრაინის პროკურატურამ ამ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო და საქმე სასამართლოს გადასცა.
„როდესაც ბრაჟნიკოვი პირადად ვნახე „იზოლაციაში“, უკვე ვიცოდი, რომ ის სეპარატისტი იყო. თუმცა, თავიდან შემეცოდა კიდეც: ვითომ მას „რესპუბლიკის“ სჯეროდა და მოატყუეს, - უთხრა „უკრაინსკა პრავდას“ ყოფილმა სამოქალაქო პატიმარმა გორლოვკიდან, სტანისლავ პეჩონკინმა. - „თუმცა, მოგვიანებით ვნახე, როგორ სცემდა ხალხს - არა ბრძანებით, არამედ საკუთარი ნებით“.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2019 წლის დეკემბრამდე ბრაჟნიკოვი „ეხმარებოდა რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის საქმიანობას დროებით ოკუპირებულ დონეცკში და ასრულებდა იატაკქვეშა საპატიმროს - „იზოლაციის“ ხელმძღვანელობის ბრძანებებს“.
კერძოდ, უკრაინელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ ის აწამებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა დაკავებულებს, რომლებიც ციხეში უკანონოდ ჰყავდათ, რათა მათგან სავარაუდო დანაშაულების აღიარებითი ჩვენება მიეღო. გამომძიებლების თქმით, ბრაჟნიკოვის ქმედებების შედეგად ცხრა სამოქალაქო პირი დაშავდა.
„მას ბრალად ედება ის, რომ იყო კულიკოვსკის -„პალიჩის“ („იზოლაციაში“ ციხის ერთ-ერთი უფროსი, დენის პავლოვიჩ კულიკოვსკი, რომელსაც უკრაინაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - რადიო თავისუფლება) მარჯვენა ხელი“, - იხსენებდა სტანისლავ ასეევი ბრაჟნიკოვის შესახებ 2021 წლის მარტში. - „ის მონაწილეობდა სხვა პატიმრების წამებასა და ცემაში. ეს კი, სხვათა შორის, მას საშუალებას აძლევდა თავისუფლად გადაადგილებულიყო „იზოლაციის“ ტერიტორიაზე და გარკვეული პრივილეგიებით ესარგებლა. ანუ, ის უკვე ამ ადმინისტრაციის ნაწილი იყო, თუმცა ამ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის მუხლიც ჰქონდა წაყენებული“.
2020 წლის მარტში უკრაინის სასამართლომ ბრაჟნიკოვს ნახევარი წლით 24-საათიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, აგვისტოს ბოლოს, როცა წინასწარი პატიმრობის ვადა იწურებოდა (უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, შინაპატიმრობა წინასწარი გამოძიების დროს ექვს თვეზე მეტხანს არ შეიძლება გაგრძელდეს), სასამართლომ უარყო პროკურორის მოთხოვნა მისთვის აღკვეთის ღონისძიებების ხელახლა დანიშვნის შესახებ. ამრიგად, ექვსთვიანი შინაპატიმრობის შემდეგ, ბრაჟნიკოვი გაათავისუფლეს გადაადგილების შეზღუდვის გარეშე.
2021 წლის 26 ნოემბერს ბრაჟნიკოვის ადვოკატმა სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ მისმა კლიენტმა უკრაინა დატოვა და საფრანგეთში თავშესაფარი ითხოვა.
რატომ არის ბრაჟნიკოვის დაპატიმრება და მისი გასამართლება მნიშვნელოვანი
არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის იურიდიულმა დირექტორმა, ზერა კოზლიევამ, რადიო „დონბას.რეალიის“ ეთერში განაცხადა, რომ საფრანგეთში ბრაჟნიკოვის დაკავებამდე, უკრაინას ყველა ეტაპზე ჰქონდა კომუნიკაცია საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებთან. მან განაცხადა, რომ უკრაინელი სამშობლოში ექსტრადირებული არ იქნება, მას საფრანგეთში გაასამართლებენ. იქ მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ბრალდება ემუქრება:
„ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები. და პოტენციურად, ეს არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები და შესაძლოა, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობაც“, - თქვა კოზლიევამ.
კოზლიევა ხაზს უსვამს, რომ ის ფაქტი, რომ ასეთი დაპატიმრება ევროპაში მოხდა და რომ უკრაინელი მოქალაქისთვის სამართლიანობა ევროპაშიც აღსრულდება, უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა და მნიშვნელოვანი პრეცედენტი სამომავლოდ ომის დანაშაულების მსგავსი საქმეების მხრივ.
„2019 წლიდან უკვე რვა წელი გავიდა, ხოლო 2017 წლიდან - თითქმის 10. და ამის გაგება/ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საქმეებისთვის: იმის მიუხედავად, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს დანაშაულების ჩადენიდან, მათი გამოძიება და განხილვა შესაძლებელია სხვადასხვა იურისდიქციის სასამართლოებში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, და ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც“, - აღნიშნავს ზერა კოზლიევა. „ეს შეიძლება 10, 20 ან თუნდაც 30 ან 50 წლის შემდეგ იყოს“.
ამიტომ, ამ მხრივ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამოცანაა, ისარგებლონ უნივერსალური იურისდიქციის შესაძლებლობებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობის შესაძლებლობებით, რომლებიც საშუალებას იძლევა, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფი პირები სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ. ზერა კოზლიევას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ სცადოს საქმის ასეთი წარმოების დაწყება და გააქტიურება და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდოს მსგავსი თანამშრომლობისკენ.
განსაზღვრული ვადის გასვლა ათავისუფლებს დანაშაულის ჩამდენ პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. მაგრამ ვადები დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმეზე: ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, რომლებსაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ეხება წამებასა და სხვა საერთაშორისო დანაშაულებს.