Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხის შემცველი ლიფტები


ლიფტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაამონტაჟეს.
ლიფტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაამონტაჟეს.

რუსთავის საცხოვრებელ კორპუსებში სულ 1 400-მდე ლიფტია, რომლებიც სიძველის გამო ხშირად ზიანდება და მოსახლეობისთვის საშიშროებას ქმნის.

ლეონიძის ქუჩის მეთოთხმეტე კორპუსის ლიფტში დაახლოებით 2 კვირის წინ ორი ბავშვი გაიჭედა. სადარბაზოში დამწვრის სუნიც იგრძნობოდა. მობინადრეეებმა მაშინვე 112-ში დარეკეს. ადგილზე მივიდნენ მაშველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. ბავშვები დაზიანებული ლიფტიდან უვნებლად გამოიყვანეს და არც ხანძარი გაჩენილა, თუმცა მესამე სართულზე ლიფტის კარს შემურვის კვალი აშკარად ეტყობოდა. სადარბაზოს მცხოვრები ცისანა პეტრიაშვილი ამბობს, რომ ლიფტის მდგომარეობა მოსვენებას არ აძლევთ:

“გვეშინია, რომ არ გავიჭედოთ. საშიში ლიფტია, გაკეთება უნდა...ემსახურებიან, მაგრამ ვხვდებით, რომ საშიშია - მერყეობს. როცა ხურდას ვაგდებთ, ხან მუშაობს, ხან არა”.

რუსთავი
რუსთავი

ერთი კვირის წინ ლიფტში გაიჭედა რუსთავის 21-ე მიკრორაიონში მცხოვრები ვალერი ზუბოვიც. მისი შვილი, დენის ზუბოვი, შემთხვევას ასე იხსენებს:

„აი, ამ ლიფტში, რომელიც ყველაზე კარგია, მამაჩემი გაიჭედა, მერვე სართულზე ამოდიოდა და...სამსახურიდან ვიყავი ახალი მოსული და მამაჩემი აიყვანა...მე-9 სართულს ასცდა 30-40 სანტიმეტრით. შემდეგ ზევიდან ყვიროდა, ყვიროდა და...მეზობელმა დამიძახა, მამაშენი ლიფტში გაიჭედაო. ძლივს გავაღე, რაღაცნაირად გამოვიყვანე. ცოტაც და ლიფტი მოწყდებოდა“.

დენის ზუბოვის თქმით, ერთხელ, როცა ელექტროენერგია გამოირთო და ამის გამო ლიფტიც გაფუჭდა, დაზიანებულ ნაწილს ლამის მთელი ოჯახი ეძებდა. ლიფტის აღდგენა-მომსახურებაზეც სადარბაზოს ხელშეკრულება კერძო პირთან აქვს გაფორმებული. გოდერძი სადაღაშვილი ამ კორპუსის ლიფტს სხვა 40 ლიფტთან ერთად ემსახურება. მისი თქმით, ბელორუსში, სომხეთსა თუ რუსეთში წარმოებული ლიფტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაამონტაჟეს და დიდი ხანია შესაცვლელია:

„მოძველებული ლიფტებია, რაღა არ გამოდის მწყობრიდან... მეორად ნაწილებს თუ იშოვი. ახლები აღარსაიდან აღარ შემოდის. მეორადს თბილისში თუ იშოვი, ძველს ახლით ცლიან“.

გოდერძი სადაღაშვილი 45 წელია ლიფტებს ემსახურება. რუსთავში ამ სფეროში დაახლოებით 10 კომპანია საქმიანობს და ყველგან ასაკოვანი, გამოცდილი ადამიანები მუშაობენ, რადგან ახალგაზრდებმა ეს საქმე არ იციან.

ირაკლი ტაბაღუა
ირაკლი ტაბაღუა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ადასტურებს, რომ ლიფტების მდგომარეობა, მართლაც, სავალალოა. მერის თქმით, ვითარებას ის ართულებს, რომ ყველა სადარბაზო თავისი შეხედულებით ირჩევს მომსახურე კომპანიას თუ კერძო პირს, ამიტომ საჭიროა ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელიც რუსთავის ლიფტებს მოემსახურება და მწარმოებლებთან ოფიციალური ურთიერთობა ექნება:

„ჩვენთან არაერთხელ იყო ბელორუსის ელჩი ჩამოსული. რუსთავში ძირითადად ბელორუსის მიერ წარმოებული ლიფტებია დამონტაჟებული. [დელეგაციამ] დაახლოებით 20 ადგილზე შეისწავლა ვითარება, სავარაუდოდ რა თანხა შეიძლება დაჯდეს [ლიფტების შეცვლა-აღდგენა]. ეს ყოველივე ორგანიზებულად თუ არ გაკეთდა, ამ სამუშაოების შემდეგ ერთმა კომპანიამ თუ არ გაუწია [ლიფტებს] მომსახურება, ძალიან რთული იქნება ბიზნესის შეყვანა ჩვენს ბაზარზე. მან თავიდან ბოლომდე ოპერირება თავის თავზე უნდა აიღოს“.

რუსთავის მერმა გაიხსენა შემთხვევა, როცა მე-17 მიკრორაიონის ოთხსადარბაზოიან შენობაში ყველა სადარბაზოს სხვადასხვა კომპანია ემსახურებოდა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG