სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში კარტოფილის ექსპორტი 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა.
წლების განმავლობაში საქართველოდან კარტოფილის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო. 2016 წელს იქ 11 ათასი ტონა პროდუქცია გავიდა, 2017 წელს – 32,6 ათასი ტონა, 2018 წელს – 24 ათასი ტონა. 2021 წელს სტატისტიკაში დაწინაურდა რუსეთი, სადაც 33 ათასი ტონა კარტოფილი გავიდა.
2024 წელს რუსეთში ექსპორტმა 8 440 ტონა შეადგინა, ღირებულებამ კი – 3,3 მლნ დოლარი. 2025 წელს კი ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 50 347 ტონა, ღირებულება – 20,5 მლნ დოლარი.
გასულ, 2025 წელს, საექსპორტო ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
- რუსეთი — 50 347 ტონა, 20,5 მლნ დოლარი;
- აზერბაიჯანი — 24 320 ტონა, 4,5 მლნ დოლარი;
- ბელარუსი — 3 302 ტონა, 1,4 მლნ დოლარი;
- სომხეთი — 3 766 ტონა, 801 ათასი დოლარი;
- ყაზახეთი — 394 ტონა, 84 ათასი დოლარი.
რაც შეეხება კარტოფილის იმპორტს, 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პროდუქცია თურქეთიდან შემოიტანეს (6 705 ტონა, ღირებულება – 1,8 მლნ დოლარი). იმპორტი ფიქსირდება ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან, პაკისტანიდან და უზბეკეთიდანაც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი დაიბრუნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ეს პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა.
საქსტატის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი 2025 წელს მესამე ადგილზეა და მთლიანი ექსპორტის 10,3%-ს შეადგენს. პირველ და მეორე ადგილებს ყირგიზეთი და ყაზახეთი ინარჩუნებენ (ჯამურად 33%-ზე მეტი), სადაც, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ძირითადად მსუბუქი ავტომობილები გადის. თუმცა ჟურნალისტური გამოძიებები და ანალიტიკური მასალები ადასტურებს, რომ ავტომობილების ძირითადი ნაწილი საბოლოოდ არა ცენტრალური აზიის, არამედ რუსეთის ბაზარზე ხვდება.
რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში, საქსტატის მონაცემებით, დაახლოებით 10,5%-ს შეადგენს, რაც მეოთხე მაჩვენებელია თურქეთის, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ.
ფორუმი