Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი ჩინეთში: უჰანიდან მხოლოდ მათ წამოვიყვანთ, ვინც დაგვთანხმდება


საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უჰანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ევაკუაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება:

„მიმდინარეობს მუშაობა, გავდივართ ბოლოში იმ თვალსაზრისით, რომ შევათანხმოთ ჩვენი თანამოქალაქეების ევაკუაციის საბოლოო გეგმა ქალაქ უჰანიდან. მათი ევაკუაცია მოხდება უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით. ვინც თანახმა იქნება, ცხადია, მხოლოდ მათი ევაკუაცია განხორციელდება“.

არჩილ კალანდიას თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ უჰანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღის წესრიგში არ დგას ჩინეთში მცხოვრები სხვა მოქალაქეების ევაკუაცია:

„საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე. ჩვენ მათთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. კარგად არიან, მხნედ არიან, რაც მთავარია. ჩინეთის სხვა ქალაქებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება. უჰანის გარდა, სხვა ქალაქებიდან არცერთ ქვეყანას არ გაუყვანია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ეს საჭიროება, ამ ეტაპზე, არ დგას“.

რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის წინ ელაპარაკა უჰანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობს უჰანიდან ევაკუაციაზე. მას მიაჩნია, რომ იქ გაცილებით უსაფრთხოდ არის. უჰანში სულ საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხოვრობს.

31 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 9000-ზე მეტი მოქალაქე. 213-მდე გაიზარდა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV გარდაცვლილთა რიცხვი.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG