Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს მთავრობა არ არის მეგობრულად განწყობილი“ - მიუწვდომელი ქვეყანა ტაივანელებისთვის


საქართველო ტაივანელ ტურისტებს ქვეყანაში არ უშვებს. ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მთავრობას ამ მიდგომის შეცვლას სთხოვს.
საქართველო ტაივანელ ტურისტებს ქვეყანაში არ უშვებს. ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მთავრობას ამ მიდგომის შეცვლას სთხოვს.

საქართველო არათუ არ აღიარებს ტაივანს, - „აზიურ ვეფხვს“, რომელიც 74 წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება, - არამედ, დასავლელი მოკავშირეებისა და მსოფლიოში 140-ზე მეტი ქვეყნისგან განსხვავებით, ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს ტაივანის მოქალაქეებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეს მიდგომა შეცვალოს.

დემოკრატიული ტაივანის არაღიარებისა და მისი იზოლირების პოლიტიკა, რაც საქართველოს სხვადასხვა მთავრობას ჰქონდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაამყარა სტრატეგიულმა პარტნიორობამ ავტორიტარულ ჩინეთთან.

„თუ ადამიანს აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცემული პასპორტი ან სამოგზაურო დოკუმენტი, ამ შემთხვევაში მოახერხებს საქართველოში შემოსვლას“, - მითხრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე, როცა ვკითხე, შეუძლია თუ არა ტაივანის მოქალაქეს, საქართველოში ჩამოვიდეს.

როცა ვკითხე, მე, საქართველოს მოქალაქეს, ტაივანში როგორ შემიძლია ვიმოგზაურო-მეთქი, მიპასუხეს: „მიმართეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“.

არადა, ტაივანში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებს ტაივანის - და არა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის - მთავრობის გაცემული ვიზა სჭირდებათ. ამ დოკუმენტს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, „ტაივანის ეკონომიკური და კულტურული ცენტრები“ მარტივად გასცემენ.

ტაივანის მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს კავშირი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ისინი არც ჩინურ პასპორტებს ფლობენ, რომ საქართველოში მოგზაურობისათვის გამოიყენონ. ტაივანელები ამაყობენ თავიანთი დემოკრატიით და არ მოსწონთ, როდესაც კომუნისტური ჩინეთის მოქალაქეებად აღიქვამენ.

„საქართველო ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებად გვთვლის და, ასე ვთქვათ, ჩინეთის პასპორტის ქონას გვავალდებულებს“, - მეუბნება მინ ჰსუან ვუ, მეტსახელად ტიტიკეტი (Ttcat), ტაივანელი აქტივისტი, ორგანიზაცია DoubleThink Lab-ის დამფუძნებელი, რომელიც ჩინეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იკვლევს.

ვუ მინ ჰსუანი, იგივე ტიტიკეტი OGP-ის სამიტზე კორეაში. ფოტო პირადი არქივიდან
ვუ მინ ჰსუანი, იგივე ტიტიკეტი OGP-ის სამიტზე კორეაში. ფოტო პირადი არქივიდან

2018 წელს ტიტიკეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ორგანიზატორებმა თბილისში მიიწვიეს, მთელი მსოფლიოდან 2200-მდე დამსწრესთან ერთად. ეს პლატფორმა მიზნად ისახავს ღია მმართველობის მხარდაჭერას - მოქალაქეების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლასა და ახალი ტექნოლოგიების გაძლიერებას მმართველობის სფეროში.

საქართველო, რომელიც პლატფორმის ერთ-ერთი წევრია, იმ წელს ფორუმს მასპინძლობდა, - და აღმოჩნდა, რომ სავიზო პროცესი საკმაოდ რთული იყო სხვადასხვა ეროვნების ხალხისთვის, მაგრამ ჩემთვის, როგორც ტაივანელისთვის, განსაკუთრებითო, - იხსენებს იგი.

საბოლოოდ, როგორც ტიტიკეტი გვიამბობს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფორუმის ყველა მონაწილისათვის ერთკვირიანი უვიზო რეჟიმი დაწესდა და მანაც მოახერხა ჩამოსვლა.

„მქონდა ბედნიერება, მენახა, როგორი ლამაზია თბილისი, რა გემრიელი საჭმელებია საქართველოში - უზარმაზარი ხინკლები! მიყვარს ყველაფერი ქართული, ქართული ღვინო. ისე ძალიან მინდა დაბრუნება... მაგრამ არ შეგვიძლია“, - მეუბნება იგი და განაგრძობს, - „დიდი სიამოვნებით ვიხილავდი უფრო მეტ ქართველს, მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ტაივანში, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რომ ტაივანი დამოუკიდებელი, ცოცხალი, ენერგიული, დემოკრატიული საზოგადოებაა და ჩვენ ძალიან, ძალიან განვსხვავდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან“.

ტაივანის პასპორტი - საქართველოსაზე ძლიერი?

მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობა სუვერენულ სახელმწიფოდ არ აღიარებს ტაივანს, - მეტიც, ტაივანს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ათწლეულებში აქეთკენ მიიწევს, თავადაც არ აქვს დამოუკიდებლობა გამოცხადებული.

ჰენლის პასპორტების ინდექსის გლობალურ რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის პასპორტების სიძლიერეს ზომავს, ტაივანი 33-ე ადგილს იკავებს - ტაივანის მოქალაქეებს მოგზაურობა 143 ქვეყანაში შეუძლიათ - როგორც უვიზო რეჟიმით, ასევე ელექტრონული ვიზით, ან საზღვარზე ვიზის გაცემით.

საქართველო ამ რეიტინგში 47-ე ადგილზეა და 119 ქვეყანასთან აქვს უვიზო/გამარტივებული სავიზო რეჟიმი. პირველ ადგილზე სინგაპურია - 193 ქვეყანასთან უვიზო/გამარტივებული რეჟიმით.

უკრაინისა და ტაივანის დროშები ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესასვლელში. უკრაინას, მართალია, ასევე არ აქვს ფორმალური ურთიერთობები ტაივანთან, მაგრამ მისგან დრონებს ყიდულობს. ამავე დროს, ტაივანი მას ფინანსურად ეხმარება. ტაივანელები ყურადღებით აკვირდებიან ომს უკრაინაში
უკრაინისა და ტაივანის დროშები ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესასვლელში. უკრაინას, მართალია, ასევე არ აქვს ფორმალური ურთიერთობები ტაივანთან, მაგრამ მისგან დრონებს ყიდულობს. ამავე დროს, ტაივანი მას ფინანსურად ეხმარება. ტაივანელები ყურადღებით აკვირდებიან ომს უკრაინაში

იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ გვაღიარებს, ტაივანთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მაინც არსებობს, არსებობს სავიზო რეჟიმები და მეტიც, არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, შენგენის ზონაში, უვიზოდ შევდივართო, ამბობს ტიტიკეტი.

ტაივანურ ფორუმებზე არაერთი პოსტი იძებნება, სადაც მოგზაურები ერთმანეთს უზიარებენ საქართველოს საზღვრის კვეთისას გამოცდილ სირთულეებს. ძირითადად, ქვეყანაში შესვლაზე უარს. ეს ეხება სატრანზიტო კვეთასაც.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი თავის საიტზე წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ არის მეგობრულად განწყობილი ტაივანის მიმართ. ძალიან რთულია მოქალაქეებისთვის ვიზის მიღება, თუკი არ ხართ მიწვეული საერთაშორისო კონფერენციაზე, ან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე“ [საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში ტაივანი „ჩინური ტაიბეის“ სახელით ასპარეზობს].

საგარეო საქმეთა მინისტრი: „იფიქრეთ დემოკრატიულ ტაივანზე“

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ მართალია, ტაივანს ფორმალური კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია საქართველოს მთავრობასთან, თუმცა მცდელობა არ დაუკლია:

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრაქტიკული, რეალური, შინაარსობრივი ურთიერთობები საქართველოსთან. არაერთხელ გვიცდია [კომუნიკაცია] ბიზნესმენების დახმარებით თუ სხვა არხებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ტაივანს“, - მითხრა მინისტრმა ვუმ 5 დეკემბერს ტაიბეიში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად პრესკონფერენციაზე დავუსვი კითხვა. იქ ჩეხური ორგანიზაცია Bakala Foundation-ის ორგანიზებული პრესტურით ვიყავი წასული.

„გავაგრძელებთ ამ მცდელობებს“, - თქვა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა: „გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ საქართველოს, იფიქროს თავისუფალ, დემოკრატიულ ტაივანზე, რომელიც ძალიან კარგი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს“.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ

„თუ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების განვითარება, მაშინ უნდა იფიქრონ, როგორ შეუშვან ტაივანელი ხალხი საქართველოში, - ისეთი გზით, რომელიც ევროკავშირისთვის იქნება მისაღები. ჩვენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს, და ტაივანელი ხალხი ძალიან კარგი მოქალაქეებად მიიჩნევიან. ასე რომ, საქართველო თუ მისცემდა წვდომას ტაივანელებს, ვიზის გამოცემით, ელექტრონული ვიზით, თუ უვიზო რეჟიმით, მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ტაივანელებს შორის ურთიერთობები გაცილებით უკეთესი იქნება. ტაივანელ ხალხს ძალიან უყვარს თავგადასავლები, მოგზაურობა, და საქართველო მათთვის არათუ სასურველი დასასვენებელი მიმართულება, არამედ ბიზნესის საკეთებელი ადგილი იქნება“, - განაცხადა მან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში ტაივანი ცალკეა გამოყოფილი, მაგრამ მოხსენიებულია, როგორც ჩინეთის პროვინცია. 2023 წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვამ - იმპორტმა და ექსპორტმა - $17.5 მლნ-ს მიაღწია.

ტაივანში, სადაც დაახლოებით 23.6 მლნ ადამიანი ცხოვრობს, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 33 000 აშშ დოლარია - იაპონიის დონეს უტოლდება. 1.4 მლრდ-იან ჩინეთში ეს მაჩვენებელი 12 720 აშშ დოლარია, 3.4 მლნ-იან საქართველოში კი - 6677 აშშ დოლარი. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 37 ათასი აშშ დოლარია.

ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 80-ჯერ მეტია, ვიდრე ტაივანთან - $1.4 მილიარდი. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მე-4 ადგილზეა და მასთან ვაჭრობა ბოლო წლებში იზრდება.

ტაივანი - მოკლე ისტორია და ჩინეთის ფაქტორი

ტაივანი აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებსა და წყნარ ოკეანეს შორის მოქცეული კუნძულია, - ერთ-ერთი „აზიური ვეფხვი“, რომელმაც ბოლო 60 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია. დღეს იგი აშშ-ჩინეთის განხეთქილების ვაშლად განიხილება.

მისი რთული, დრამატული ისტორია არაერთი პერიოდს მოიცავს, მკვიდრი ტაივანელების ცხოვრების ვრცელ პერიოდსა და შემდეგ სხვადასხვა ძალის, მათ შორის ჰოლანდიელთა და ესპანელთა კოლონიზაციას.

  • მე-17 საუკუნის ბოლოს ტაივანის ანექსია ჩინეთის ცინის დინასტიამ მოახდინა;
  • 1895 წელს, ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის შედეგად, იგი იაპონიის კოლონია გახდა;
  • მეორე მსოფლიო ომის შედეგად იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, 1945 წელს, იგი დაუბრუნდა ჩინეთის რესპუბლიკას, რომელსაც გომინდანის ნაციონალისტური მთავრობა მართავდა;
  • 1945 წელსვე დაიწყო ჩინეთის სამოქალაქო ომი, რომელიც მაო ძედუნის კომუნისტურ პარტიასა და ჩან კაიშის ნაციონალისტურ გომინდანს შორის 4 წელი გაგრძელდა;
  • სამოქალაქო ომში კონტინენტურ ნაწილში მარცხის შემდეგ, ჩან კაიშიმ და გომინდანმა თავი ტაივანს შეაფარეს და ჩინეთის რესპუბლიკის (ინგლისური აბრევიატურა ROC) დროებით დედაქალაქად ტაიბეი აირჩიეს;
  • 1949 წლის შემოდგომაზე მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

თავდაპირველად გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში „ჩინეთს“ სწორედ ჩინეთის რესპუბლიკა, ანუ ტაივანი წარმოადგენდა, თუმცა გაეროს წევრების 1971 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჩაანაცვლა.

გომინდანის მმართველობის პერიოდში ტაივანში საომარი მდგომარეობა იყო გამოცხადებული - 1987 წლამდე. ჩან კაიშისა და გომინდანის ავტორიტარულმა მმართველობამ მძიმე კვალი დაამჩნია საზოგადოებას.

„თეთრი ტერორის“ მემორიალური პარკი ტაიბეიში. ჩინ ჰინ სანი, რომელიც 1971 წელს „კომუნისტების აგენტობის“ ბრალდებით დააკავეს და 12 წელი პატიმრობაში ჰყავდათ, ახლა თავისი ყოფილი საპყრობილის, მუზეუმად ქცეული ციხის გიდია და ყველას უამბობს, როგორ აწამებდნენ „თეთრი ტერორის“ პერიოდში
„თეთრი ტერორის“ მემორიალური პარკი ტაიბეიში. ჩინ ჰინ სანი, რომელიც 1971 წელს „კომუნისტების აგენტობის“ ბრალდებით დააკავეს და 12 წელი პატიმრობაში ჰყავდათ, ახლა თავისი ყოფილი საპყრობილის, მუზეუმად ქცეული ციხის გიდია და ყველას უამბობს, როგორ აწამებდნენ „თეთრი ტერორის“ პერიოდში

ტაივანის დემოკრატიული ტრანზიცია მე-20 საუკუნის ბოლოსკენ დაიწყო, - საომარი მდგომარეობის გაუქმებით, ოპოზიციური პარტიების ლეგალიზაციით და ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით 1996 წელს. გომინდანი ახლა ოპოზიციაშია და კონკურენციას უწევს „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“.

მეოცე საუკუნის შუა პერიოდში ტაივანმა აგრარული ეკონომიკიდან სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებას მიაღწია და წარმატებით გაიკვლია გზა ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციისკენ.

მის ეკონომიკაში - და, ასევე, თავდაცვაში, - უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახევარგამტარების, ჩიპების ინდუსტრია, რომელიც ტაივანისთვის „სილიკონის ფარის“ ფუნქციას ასრულებს ჩინეთის აგრესიის საპასუხოდ.

მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის, TSMC-ის („ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის“) ინოვაციების მუზეუმი. მუზეუმი TSMC-ის მაღალტექნოლოგიური „ფაბის“, ნახევარგამტარების ქარხნის, პირველ სართულზე მდებარეობს.
მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის, TSMC-ის („ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის“) ინოვაციების მუზეუმი. მუზეუმი TSMC-ის მაღალტექნოლოგიური „ფაბის“, ნახევარგამტარების ქარხნის, პირველ სართულზე მდებარეობს.

ტაივანი აწარმოებს მსოფლიოში წარმოებული ნახევარგამტარების 60%-ს - და მაღალტექნოლოგიური ნახევარგამტარების 90%-ს. ტაივანური ჩიპები გამოიყენება ყველაფერში, დაწყებული კალკულატორებითა და მობილური ტელეფონებით, დასრულებული საბრძოლო ტექნიკით.

ახლა ტაივანი თითით საჩვენებელი დემოკრატიაა. იგი ინარჩუნებს დე ფაქტო დამოუკიდებლობას - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან მუდმივი ზეწოლისა და ტაივანის სრუტეში ძალის დემონსტრირების მიუხედავად. ტაივანი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

უკრაინისა და ტაივანის დროშები ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესასვლელში. უკრაინას, მართალია, ასევე არ აქვს ფორმალური ურთიერთობები ტაივანთან, მაგრამ მისგან დრონებს ყიდულობს. ამავე დროს, ტაივანი მას ფინანსურად ეხმარება. ტაივანელები ყურადღებით აკვირდებიან ომს უკრაინაში
უკრაინისა და ტაივანის დროშები ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესასვლელში. უკრაინას, მართალია, ასევე არ აქვს ფორმალური ურთიერთობები ტაივანთან, მაგრამ მისგან დრონებს ყიდულობს. ამავე დროს, ტაივანი მას ფინანსურად ეხმარება. ტაივანელები ყურადღებით აკვირდებიან ომს უკრაინაში

ტაივანის „არჩევნების შემსწავლელი ინსტიტუტის“ კვლევებით, თუკი 1992 წლისთვის მოსახლეობის 28% აღიქვამდა თავს ჩინელად, 17.6% ტაივანელად, ხოლო ორმაგი იდენტობა 46%-ს ჰქონდა, 2023 წლისთვის ეს სურათი მკვეთრად შეცვლილია: ტაივანურ იდენტობას 63% იზიარებს, ორმაგს - 30.6%, მხოლოდ ჩინურს კი - 2.5%.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ერთ დღესაც უნდა დაუბრუნდეს სამშობლოს. ჩინეთი ამას უწოდებს „ერთი ჩინეთის პრინციპს“.

„ერთი ჩინეთი“ - პოლიტიკა vs პრინციპი

„ერთ ჩინეთს“ ხშირად წააწყდებით როგორც ჩინელების, ასევე ამერიკელებისა და ევროპელების საუბრებსა და ოფიციალურ ტექსტებში. თუმცა ამ „ერთი ჩინეთის“ ჩინურ და დასავლურ გაგებებს შორის რადიკალური სხვაობააო, გვიხსნის სიმონა ფანტოვა, ჩეხური კვლევითი ცენტრ „სინოპსისის“ მკვლევარი და სინოლოგი. „სინოპსისი“ ჩინეთის გავლენას იკვლევს ევროპულ ქვეყნებში.

  • „ერთი ჩინეთის პრინციპი“ - არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთი, მისი ლეგიტიმური მთავრობა არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა და ტაივანი მისი განუყოფელი ნაწილია;
  • „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ - შეიძლება მივიჩნიოთ დასავლური ქვეყნების პოლიტიკად, რომელიც ამბობს, რომ არსებობს ერთი ჩინეთი, მისი ლეგიტიმური მთავრობა არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, თუმცა ტაივანის სტატუსს ეს პოლიტიკა ბუნდოვნად ტოვებს და არ ეხება.

სიმონა ფანტოვას თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მისდევს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“, რაც ნეიტრალურობის შენარჩუნებას ნიშნავს ტაივანის საკითხზე და ჩეხეთს „არასოდეს აუღია ვალდებულება, ეღიარებინა ერთი ჩინეთის პრინციპი, რომელსაც ლობირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც მიზანმიმართულად ურევს ამ ორ კონცეფციას ერთმანეთში“.

საქართველოს მიდგომა

აი, საქართველო კი სწორედ „ერთი ჩინეთის პრინციპს“ აღიარებს.

როდესაც საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 2023 წლის ივლისში სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, ქართული მხარის აღებულ ვალდებულებებში ჩაიწერა, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“.

თუმცა ეს პოლიტიკა, - ტაივანის არაღიარებისა და ტაივანელების არშემოშვების პოლიტიკა, დიდი ხანია, საქართველოს აქვს.

სერგი კაპანაძე, ყოფილი პარლამენტარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი მიდგომა მრავალი წელია, ჰქონდა, - მათ შორის 2000-იანებშიც.

„მთავარი რისკი ეს იყო: თუ ტაივანის პასპორტს აღიარებ, შეიძლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთის ე.წ. პასპორტები აღიაროს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი
სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი

პირადად მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი პასპორტების აღიარებასა და ტაივანელების შემოშვებას, ამ საკითხის ლიბერალიზაციას, რადგან ამას საქართველოსთვის უფრო მეტი ზიანი შეიძლებოდა მოეტანა, ვიდრე სარგებელიო, ამბობს იგი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე რადიო თავისუფლების კითხვებს - რა განაპირობებს მთავრობის მიდგომას ტაივანელების არშემოშვებაზე - არ უპასუხა.

განახლება: 26 დეკემბერს, რადიო თავისუფლების კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველომ განიხილოს ტაივანელებისათვის ქვეყანაში შეშვების გამარტივება, საგაერო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ „ძალიან ცალსახა პოზიცია აქვს იმ საკითხებზე, რაც ეხება ჩინეთს, ტაივანს“ და „გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“.

რა განაპირობებს ამ პოლიტიკას?

საქართველოს მიერ ტაივანის არაღიარების (მათ შორის, პასპორტების არაღიარების) პოლიტიკა ორ ძირითად მიდგომას ეფუძნება:

  1. ნულოვანი ინტერაქცია არაღიარებულ რეჟიმებთან;
  2. არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო სამართლის სუბიექტ სუვერენულ ქვეყნებთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარება.

ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს მიდგომა ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ე.წ. ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკასთან.

„[რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის] არაღიარების პოლიტიკის წარმატების შენარჩუნების მიზნით, საქართველო ერიდებოდა წარსულში და დღესაც ერიდება მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, - ამბობს იგი.

ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი
ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი

ანალიტიკოსის თანახმად, უშუალოდ ტაივანთან მიმართებით საქართველოს ნულოვანი ინტერაქციის პოლიტიკა სწორედ ამ მიდგომების კომბინაციაა. ის ჩამოთვლის ოთხ ფაქტორს, რაც ტაივანის საკითხის მიმართ საქართველოს განსაკუთრებულ სიფრთხილეს განაპირობებს:

  1. „ტერიტორიული მთლიანობის პრიმატი - ტაივანთან ნულოვანი ურთიერთობით საქართველო ცდილობს საერთაშორისო სამართლებრივად არაღიარებული სუბიექტების დელეგიტიმაციას;
  2. გლობალურ დონეზე ჩინეთის მზარდი გავლენის ფონზე, საქართველო ვერ გარისკავს ჩინეთისთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ საკითხზე მოქნილი პოლიტიკის წარმოებას, თუნდაც ეს პოლიტიკა გულისხმობდეს ხალხთაშორის კავშირების დამყარებას.

    გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის წარმატებას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის. საქართველოს არ აქვს ჩინეთთან მიმართებით რისკიანი პოლიტიკის წარმოებისთვის საჭირო პოლიტიკური და დიპლომატიური წონა;
  3. ჩინეთთან საქართველოს სიფრთხილის - რაც ტაივანის მიმართ საქართველოს პოლიტიკასაც დიდწილად განაპირობებს - დამატებითი ფაქტორია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების სიღრმე. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთი ინარჩუნებს ფორმალურ ნეიტრალურ მიდგომას, რადგან ტერიტორიული მთლიანობის ნორმის სიძლიერე ჩინეთის მთავარი ინტერესიცაა. საქართველოს ინტერესებშია, ჩინეთმა სულ მცირე ფორმალური ნეიტრალურობის ახლანდელი პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველოს ნაბიჯებმა მას ამ პოლიტიკის გადახედვის საფუძველი არ შეუქმნას.
  4. ჩინეთთან მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებით 2017 წლიდან, დამატებითი ფაქტორია ტაივანის მიმართ ნულოვანი ინტერაქციის პოლიტიკის საწარმოებლად.

ტაივანთან თუნდაც ხალხთაშორისი ურთიერთობების დამყარებით საქართველო გარისკავს, წააწყდეს ჩინეთის ხისტ რეაგირებას და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებას. ხელისუფლების დაშვებით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება გადადგას ისეთი ნაბიჯები რაც მას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზიანს მოუტანს. მსგავსია მიდგომა ჩინეთთანაც - მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა ბევრად გადაწონის ტაივანთან ხალხთაშორისი კავშირების დამყარების სარგებელს“.

სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების პარალელურად ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კავშირები ჩინეთის სახელმწიფო კომპანია CEFC-სთან, რომელმაც სკანდალურად დაასრულა ფუნქციონირება.

ჩინეთთან ეს სტრატეგიული პარტნიორობა, ექსპერტების აზრით, ანაკლიის პორტზე იქნება ფოკუსირებული, - რაც ჩინეთის მხრიდან არის სტრატეგიული ნაბიჯი, ალტერნატივის შექმნის მცდელობის გაგრძელება „შუა დერეფნის“ სახით, რათა შეძლოს მიაღწიოს ევროპულ ბაზრებს; ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევრის, გლენ ტიფერტის სიტყვებით, „რათა ჰქონდეს წვდომა რესურსებზე ისეთი გზით, რომლებიც შეერთებული შტატებისთვის მიუწვდომელი იქნება კონფლიქტის ან სანქციების პირობებში“.

„როგორც ჩანს, რაღაც გამოვტოვეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა ანონიმურობის დაცვის პირობით მას შემდეგ, რაც საქართველომ მოულოდნელად დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. ევროკომისიის მაღალჩინოსანმა, - ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით, - მაშინ აღნიშნა, რომ ბრიუსელში, თბილისის კავშირებს ჩინეთთან ყურადღებით ადევნებენ თვალს.

ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან, ევროპელი „მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრი მარკეტა გრეგოროვა, რომელიც აქტიურად მუშაობს საქართველოზე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ბრიუსელში, სამწუხაროდ, საკმარისად სერიოზული შეშფოთებით არ უყურებენ საქართველოს დაახლოებას ჩინეთთან“.

„მე სულ ამას ვამბობ ხოლმე, - „ქართული ოცნება“ პირდაპირ პრორუსული კი არ არის, - ეჭვი მაქვს, [ბიძინა] ივანიშვილიც აღარ არის ვლადიმირ პუტინის უდიდესი გულშემატკივარი. მაგრამ ისინი არიან ძალიან „პროძალაუფლებისტები“ და „პროფულისტები“. და ეს, ცხადია, მათ აქცევს იმ მხარეს, ვისაც აქვს რეგიონში ძალაუფლება და ფული. ამ შემთხვევაში, ჩინეთისკენ, - თუმცა, ცხადია, რუსეთსაც თავისი „ხიბლი“ აქვს, განსაკუთრებით უკრაინაში სამწუხაროდ განვითარებული მოვლენების ფონზე. ერთი სიტყვით, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ძალიან საშიშია ქართული დემოკრატიისათვის“, - ამბობს ევროპარლამენტარი გრეგოროვა.

მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტის წევრი, ჩეხი პოლიტიკოსი
მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტის წევრი, ჩეხი პოლიტიკოსი

იგი „სასაცილოს“ უწოდებს იდეას, თითქოს, რუსეთის ფედერაციის დაბალანსება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ახლო ურთიერთობებით იყოს შესაძლებელი:

„სასაცილო იმიტომ, რომ ჩინეთი არანაირად არ არის რუსეთის დამაბალანსებელი ფაქტორი. ისინი ძალიან ახლო პარტნიორები არიან. აქამდე ვხედავდით, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდიდა ყველაფერს, გარდა შეიარაღებისა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ჩინეთში წარმოებული საბრძოლო მასალებიც იპოვეს. ასე რომ, სულ მცირე, საბრძოლო მასალებს აწვდიან. ერთი სიტყვით, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში… და რა შეუშლის ხელს რუსეთს ბორდერიზაციაში საქართველოში?“

საქართველოს ტერიტორიების 20%-ის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის პირობებში, ტაივანის საკითხზე თბილისის მიდგომების რადიკალური ცვლილებების მოლოდინი არარეალისტურად ჩანს. მით უმეტეს, არარეალისტურად ჩანს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოების ფონზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველ კომუნისტურ პარტიასთან.

ამავე დროს, საქართველოს, ახლა უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, წინ არაერთი გამოცდა ელის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დასაახლოებლად. ტაივანთან თუ არა, ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი თანდათანობით კიდევ უფრო მეტად მოექცევა ყურადღების ცენტრში - ევროკავშირის ქვეყნების გაზრდილ ყურადღებასთან ერთად.

XS
SM
MD
LG