Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 6 პრობლემა მოკლედ - Amnesty International-ის ბოლო ანგარიში


რამდენიმე პრობლემას, მაგალითად, უსამართლო სასამართლოებს, შეხვდებით ორგანიზაციის წინა წლების ანგარიშებშიც
რამდენიმე პრობლემას, მაგალითად, უსამართლო სასამართლოებს, შეხვდებით ორგანიზაციის წინა წლების ანგარიშებშიც

“გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა”, - ამ სიტყვებით იწყება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც 28 მარტს გამოქვეყნდა. ჟურნალისტების დადუმების მცდელობა ერთადერთი შენიშვნა როდია.

მოკლედ მოგიყვებით ექვს პრობლემაზე, რომლებიც Amnesty International-მა 2022 წელს საქართველოში დაინახა.

1. გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მედიის მისამართით აგრესიულ რიტორიკას არ იშლის, ჟურნალისტებს კი ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივიან. ეს ყველაფერი "გამოხატვის თავისუფლებას ახშობს".

ცილისწამებისთვის ჩივილს გამოხატვის თავისუფლებაზე გამყინავი ეფექტი აქვს.

Amnesty შემთხვევებს არ აკონკრეტებს. თუმცა, მაგალითად, 2022 წელს ტელეკომპანია “ტვ პირველს” სასამართლო დავა მოუგო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა.

“ტვ პირველის” სიუჟეტი ამტკიცებდა, რომ ის თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ხელს აფარებდა. საპასუხოდ, თამარ ზაალიშვილმა ცილისწამებისა და შვილის რეპუტაციის დაზიანებისთვის იჩივლა. მოსამართლე დაეთანხმა მომჩივანს და “ტვ პირველს” 5 555 ლარის გადახდა დააკისრა. ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

იქამდე ერთი თვით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ანტიკორუფციული მოძრაობა” სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან დამარცხდა. ისიც ცილისწამების გამო ჩიოდა, რადგან კორუფციის მფარველობაში ადანაშაულებდნენ. ეს ორგანიზაციას 15 ათასი ლარი დაუჯდა.

Amnesty წერს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორთა დაუსჯელობაც აუარესებს. და ბოლოს - გამოუძიებელი დარჩა 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებაც.

2. სახელმწიფოს თვალთვალი გაუმარტივდა

შესაბამისი კანონი პარლამენტმა 2022 წელს დაამტკიცა და ხელისუფლებას უფლებამოსილება გაუფართოვა. მაგალითად, თუ პოლიცია ეჭვობს, რომ საქართველოს დროშა ან გერბი შებღალეთ, 6 სექტემბრიდან მას შეუძლია გაიგოს, სად ხართ, წაიკითხოს თქვენი მიმოწერა და მოგისმინოთ.

სულ ხელისუფლებამ დაიმატა 27 დანაშაული, რომელთა გამოძიების დროსაც მოქალაქეების ფარული თვალთვალი შეუძლია. საამისოდ, ვადა 6-დან 9 თვემდე გაიზარდა, 100 დანაშაულზე კი თვალთვალის უფლება უვადოდ მიიღო. გარდა ამისა, თუ მაგალითად, გედავებიან ნარკოტიკების (მათ შორის, მარიხუანის) ყიდვას (და კიდევ 9 დანაშაულს), ხელისუფლება აღარაა ვალდებული ოდესმე შეგატყობინოთ,რომ გითვალთვალებდათ.

ფარულ მიყურადებას კვლავაც იყენებენ ოპოზიციის, კრიტიკული მედიის და „ენჯეოების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ორგანიზაცია იხსენებს, რომ ბოლო წლების მანძილზე ქსელში არაერთხელ გაჟონა ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საუბრების ჩანაწერებმა.

Amnesty ამ კანონის პირველი კრიტიკოსი არაა. მას აკრიტიკებდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათ შორის იყო ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო.

კომისიამ განმარტა, რომ ფარული მოსმენა უხეში ჩარევაა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სახელმწიფომ ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში უნდა გააკეთოს. ხელისუფლებამ კი ჯეროვნად ვერ დაასაბუთა, რატომ იზრდის ამ სახიფათო უფლებამოსილებას.

3. სასამართლოები უსამართლოა

ხელისუფლების ზეგავლენა სასამართლოებზე იზრდება, ქვეყანაში “შერჩევითი სამართალია" და პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, - წერს ორგანიზაცია.

2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო ორი ოპოზიციონერი დეპუტატი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათთან ერთად გაამტყუნეს ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელიც, რომელიც “ტვ პირველის” მფლობელია. სამივეს შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, სასჯელის ხანდაზმულობის გამო, ისინი ციხეს გადაურჩნენ. სამივე ბრალს უარყოფს.

Amnesty ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნებიან სასჯელის გადავადებაზე, არადა, სამედიცინო დასკვნა მძიმე ლითონებით მის შესაძლო მოწამვლაზე მიუთითებს. “დაუსაბუთებელი ბრალდებებით” პატიმრობა მიუსაჯეს “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიასაც.

უფლებადამცველებისთვის მიუღებელია 2021 წელს “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესული ცვლილებებიც. სასამართლოების ზედამხედველმა ორგანომ, იუსტიციის საბჭომ მიიღო უფლება, სხვა სასამართლოში გადაიყვანოს ნებისმიერი მოსამართლე. თანაც მათი ნების საწინააღმდეგოდ. ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ ეს შეიძლება კრიტიკული მოსამართლეების “გასაკონტროლებლად და დასადუმებლად” გამოიყენონ.

იუსტიციის საბჭოს დიდი ხანია ედავებიან, რომ ის პოლიტიკურად ანგაჟირებული გავლენიანი მოსამართლეების ხელშია.

4-5. სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება და ქალთა უფლებები

ამ ორ საკითხს ანგარიში მოკლედ ახსენებს. 12 იანვარს ხელისუფლებამ (ისევ დაჩქარებული წესით) გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პოლიციის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდა. ის ჩაანაცვლა ორმა უწყებამ - სპეციალურმა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა.

ორგანიზაცია შიშობს, რომ “დასუსტდა სახელმწიფოს უნარი, ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის, საპატიმროებში წამებისა და სიკვდილის შემთხვევები”.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, Amnesty იხსენებს, რომ მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში 23 ქალის მკვლელობა სცადეს, 14 კი მოკლეს. “ამან გააჩინა ეჭვი, რომ იზრდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობა”.

იზრდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობა.

ანგარიშში მოყვანილია მსოფლიო ბანკის სტატისტიკაც - ქალების დაახლოებით 50% ვერ მუშაობს იმის გამო, რომ სახლის საქმეებითაა დაკავებული. ქალების საშუალო ხელფასი 16%-ითაა დაბალი კაცებისაზე.

6. წამება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ორგანიზაცია წერს, რომ ორ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პატიმრებს ისევ წამებით კლავენ. მაგალითად, 31 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაიევი, რომელიც 2020 წელს დააპატიმრეს და რომელსაც იქიდან მოყოლებული სცემდნენ და აწამებდნენ. ერთი წლით ადრე, საპატიმროში წამებით მოკლეს კიდევ ერთი ადგილობრივი, ინალ ჯაბიევი.

ორივე დანაშაული გამოუძიებელი დარჩა. ისევე როგორც 2021 წელს აფხაზეთში დაპატიმრებული ანრი ათეიბას სიკვდილი.

პრობლემები მეორდება

ამ და კიდევ რამდენიმე პრობლემას, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსამართლო სასამართლოებს შეხვდებით ორგანიზაციის წინა წლების ანგარიშებშიც.

Amnesty International-ი 1961 წელს შეიქმნა, მისი შტაბბინა ლონდონშია და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უფლებადამცველ ორგანიზაციად ითვლება. ყოველ წელს Amnesty აქვეყნებს ანგარიშებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში.

4 აგვისტოს ორგანიზაცია სკანდალში გაეხვია. მის ანგარიშში ეწერა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, უკრაინული ჯარის საბრძოლო ტაქტიკა საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. კრიტიკის საპასუხოდ, ორგანიზაციამ მხოლოდ მოიბოდიშა, თუმცა პოზიცია არ შეუცვლია.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG