Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოუსმენენ მეტს და უფრო მარტივად - გაიგეთ რატომ და როგორ?


საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველსავე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს მოუსმინონ უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც დაჩქარებულად შეიმუშავეს, აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია, ისე საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია.

პარლამენტის სხდომაზე, სადაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს, “ქართული ოცნების” წევრებმა პრეზიდენტი არაარგუმენტირებული შენიშვნებისთვის გააკრიტიკეს და “რადიკალური ოპოზიციის” ინსტრუმენტად მოიხსენიეს. იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი მოსმენების კანონს ამტკიცებდა, პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა ევროკავშირთან ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

რა იცვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კანონის მიღების შემდეგ?

  • იზრდება იმ დანაშაულების სია, რომლების გამოძიებისასაც სამართალდამცველებს ეძლევათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება;
  • იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების (ფარული მიყურადების, თვალთვალის) ვადა;
  • ჩნდება თეორიული შესაძლებლობა, მან, ვისაც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, ვერასოდეს გაიგოს ამის შესახებ. კანონი უფლებას აძლევს საგამოძიებო უწყებებს, იმდენჯერ გადაავადონ შეტყობინების ვალდებულება, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლიან. სამართალდამცველებისთვის მიცემულ ამ უფლებას თან სდევს მოქალაქეების უფლების შეზღუდვა, გაასაჩივრონ მათი ფარული თვალთვალი და მოსმენა.

უფრო კონკრეტულად კი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც იარსებებს ამის აუცილებლობა, შემდეგ დანაშაულებზე:

  • განზრახ მკვლელობა [108-ე მუხლი]
  • განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში [109-ე მუხლი]
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი [143-ე მუხლი]
  • მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა, წამება [144-ე მუხლი]
  • უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრიანება ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება [223-ე მუხლი]
  • ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა [223-ე მუხლი]
  • ბანდიტიზმი, რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა [224-ე მუხლი]
  • ბირთვული იარაღის დამზადება, ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა (230-ე - 232-ე მუხლი]
  • საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი [234-ე მუხლი]
  • მასობრივი განადგურების იარაღის, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი [235-ე მუხლი]
  • ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება [261-ე მუხლი]
  • არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში [255-ე მუხლი]
  • ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება [260-ე მუხლი]
  • საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა [263-ე მუხლი]

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ ადამიანისთვის შეტყობინების ვალდებულება, ვის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შეიძლება გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის, შემდეგი დანაშაულების შემთხვევაში:

  • განზრახ მკვლელობა [108-ე მუხლი]
  • განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში [109-ე მუხლი]
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი [143-ე მუხლი]
  • მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა, წამება [144-ე მუხლი]
  • უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრიანება ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება [223-ე მუხლი]
  • ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა [223-ე მუხლი]
  • ბანდიტიზმი, რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა [224-ე მუხლი]
  • ბირთვული იარაღის დამზადება, ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა [230-ე - 232-ე მუხლი]
  • არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში [255-ე მუხლი]
  • ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება [260-ე მუხლი]

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არეალი უფართოვდება საგამომძიებლო უწყებებს იმის გათვალისწინებით, რომ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის უფლება ეძლევათ შემდეგ დანაშაულებებზეც:

  • ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა [226-ე მუხლი]
  • ხულიგნობა [239-ე მუხლი]
  • ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება [239-ე მუხლი]
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა [286-ე მუხლი]
  • მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ [317-ე მუხლი]
  • სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება [320-ე მუხლი]
  • ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა [142-ე მუხლი]
  • რასობრივი დისკრიმინაცია [142-ე მუხლი]
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა [142-ე მუხლი]
  • წამება [144-ე მუხლი]
  • რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა [155-ე მუხლი]
  • გამოძალვა [181-ე მუხლი]
  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა [192-ე მუხლი]
  • უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება [223-ე მუხლი]
  • მასობრივი განადგურების იარაღის, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი [235-ე მუხლი]
  • უკანონო გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მასში მონაწილეობა [252-ე მუხლი]
  • ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღება [261-ე მუხლი]
  • სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა [320-ე მუხლი]
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა [321-ე მუხლი]
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა [322-ე მუხლი]
  • საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა [343-ე მუხლი]
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია [343-ე მუხლი]
  • მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ [405-ე მუხლი]

რას გულისხმობს ფარული საგამოძიებო მოქმედებები?

მოსმენისა და თვალთვალის გარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებს უფლება აქვთ:

  • გაიგონ თქვენი გეოლოკაცია რეალურ დროში;
  • აკონტროლონ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილები (დიპლომატიური ფოსტის გარდა);
  • ელექტრონულად გადევნონ თვალყური ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს;
  • მიიღონ ინფორმაცია თქვენ შესახებ როგორც კავშირგაბმულობის არხებიდან, ისე კომპიუტერული სისტემებიდან. შესაძლოა, ამ მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამებიც დაგიინსტალირონ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG