Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა - ვინ შედის ჯგუფში?


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც გაერთიანებულია მთავრობის ეკონომიკური გუნდი, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადლ ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, ჯგუფის მუშაობაში ჩართულები იქნებიან:

  • პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი;
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია;
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე;
  • თბილისის მერი კახა კალაძე;
  • ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი;
  • პრემიერ-მინისტრის მრჩევლები - სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი; ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე თქვა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.

„თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ კრიზისული მართვის პერიოდში და ვსაუბრობთ კრიზისის პერიოდში მართვაზე. შესაბამისად, ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფიც, რომელიც შექმნილია როგორც უწყებათაშორისი საბჭოს გაგრძელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა რაღაც თეორიული საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამოცანა მარტივია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ.

ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინირებულად გასწიეს დონორებთან და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF). ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება.

დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, - ეს გიორგი გახარიას 15 აპრილს გაკეთებული განცხადებაა.

საქართველოს მთავრობა განცხადებას იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს, თითქმის ერთი თვეა აკეთებს. სხვადასხვა დროს გაჟღერებული განცხადებებიდან ვიცით ის, რომ მუნიციპალიტეტები ერთჯერად სასურსათო დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველთა ოჯახებს და საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მთავრობა სამ თვის განმავლობაში გადაიხდის კომუნალურ გადასახადებს, პენსიონერებს საშუალება მიეცათ, წინასწარ აეღოთ აპრილის თვის პენსია და პირები, რომლებიც კრიზისის დროს დაკარგავენ სამსახურს, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ კომპენსაციას 150 ლარის ოდენობით. პრემიერ-მინისტრმა 14 აპრილს თქვა, რომ 150 ლარიანი კომენსაცია, რომელის საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, გასახედია და საზოგადოებას რამდენიმე დღეში ეცოდინება, რა ოდენობის თანხას მიიღებს უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში.

ანტიკრიზისული ეკონომიკის შექმნაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ მუშაობა ანტიკრიზისულ გეგმაზე მიმდინარეობს. მისი თქმით ეს გეგმა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

  • მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს მოქალაქეებს ყოველდღიური გამოწვევები;
  • ბიზნესმა შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება;
  • კრიზისის შემდეგ სწრაფად მოხდეს ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და სასტარტო, კრიზისამდელ მდგომარეობამდე დაბრუნება.

კონკრეტული ნაბიჯები, რაც ამ მიზნების მისაღწევად იქნება გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან, პრემიერი მრჩეველს, არ უთქვამს. არც ის, კონკრეტულად როდის იქნება მზად ანტიკრიზისული გეგმა, როგორც დოკუმენტი შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად.

13 მარტს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ანტიკრიზისული ნაბიჯები, რომელიც ამ დრომდე გადადგა მთავრობამ, ასე გამოიყურება:

  • ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. შედეგად, მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი;
  • მოქალაქეებს ბანკები მისცემენ სესხის გადახდის გადავადების შესაძლებლობას;
  • ტურიზმის სექტორის კომპანიებს ქონების და საშემოსავლო გადასახადები მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადაუვადდებათ (1 ნოემბრამდე) - ეს შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში;
  • კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);
  • 4-დან 50-მდე ნომრის მქონე სასტუმროები მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას - ეს შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო დაზარალდნენ;
  • ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.

13 აპრილს საქართველოში მოქმედმა ბიზნესგაერთიანებებმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, სადაც კონკრეტული შეღავათების გაკეთებას ითხოვდნენ. აი, რას ითხოვს ბიზნესი სახელმწიფოსგან კრიზისის დროს გადასარჩენად:

  • სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;
  • დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;
  • შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;
  • შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე 6 თვის ვადით;
  • ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით.

მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვს ოპოზიცია. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ პანდემიის საწყის ეტაპზევე მიმართა მთავრობას კონკრეტული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების რეკომენდაციით კრიზისის დასაძლევად.


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თუ ასეთი გეგმა არ იარსებებს, ისინი მხარს არ დაუჭერენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 10 მაისამდე. ამ წინადადებით გიორგი გახარიამ პარლამენტს 14 აპრილს მიმართა. გადაწყვეტილება პრეზიდენტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ პარლამენტმა უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG