Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 მარტს


3 მარტს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს გააკეთებს

დღეს, 3 მარტს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის დასასრულს განაცხადა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ საქართველო 2024 წელს გეგმავდა განაცხადის გაკეთებას, თუმცა პროცესის დაჩქარება მსოფლიოში შეცვლილი ვითარების გამო გადაწყდა.

„მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც“, - თქვა კობახიძემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო მეორე იქნება, ვინც დაჩქარებული წესით მიმართავს ევროკავშირს წევრობაზე. ორი დღით ადრე ეს უკრაინამ გააკეთა და უკვე მიიღო მხარდაჭერა ევროპარლამენტისგან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

გაერომ მიიღო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 5 (ერითრეა, ჩრდილოეთი კორეა, სირია, ბელარუსი და რუსეთი) და თავი შეიკავა 35-მა. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მას მერე მიიღო, რაც ის რუსეთის გამო უშიშროების საბჭოზე დაიბლოკა. საბჭოში რუსეთს აქვს ვეტოს უფლება, როგორც მის მუდმივ წევრს.

რეზოლუციას დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, ქვეყანა ამ რეზოლუციას გამოიყენებს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

წაიკითხე მეტი.

სიახლეები უკრაინიდან: იერიში კიევის სარკინიგზო სადგურთან

2 მარტს საღამოს კიევში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის იერიშის სამიზნე გახდა კიევის სარკინიგზო სადგურის მიმდებარე ტერიტორია. ეს მეორე ძლიერი აფეთქებაა ქალაქში, ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

გუშინ ერთი კვირა შესრულდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში რუსეთის აგრესიას 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, 2 მარტს მათ გაანადგურეს რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი ჩერნობილის ზონის საზღვარზე.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის

დღეს, 3 მარტს გაიმართება მეორე შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებელ ჯგუფებს შორის. ინფორმაცია რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ დაადასტურა. მან ასევე განმარტა, რომ ამჯერად ცეცხლის შეწყვეტის გარდა განსახილველ საკითხებს შორის იქნება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაც.

უკრაინული დელეგაცია უკვე გაემგზავრა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბელარუსის დასავლეთ რეგიონში, ბრესტში გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, უკრაინული მხარე აშშ-ის დავალებით აჭიანურებს მოლაპარაკებების პროცესს.

პირველი შეხვედრა რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა. მაშინ მხარეებმა მხოლოდ მეორე შეხვედრის გამართვის შესახებ მოილაპარაკეს.

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგაც გაამკაცრა სანქციები

ევროპის კავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში გაწეული დახმარებისთვის.

სანქციების ტექსტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, დაგმობილია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა. ამავე დროს, სანქციების შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ბელარუსის მონაწილეობა და მოუწოდა მას, თავი შეიკავოს ასეთი მოქმედებებისგან და დაიცვას ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. ის გამოვიდა მოწოდებით, სასწრაფოდ მომზადდეს და მიღებულ იქნეს შემდგომი ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ბელარუსსაც შეეხება“.

ახალ სანქციებს შორისაა ბელარუსში მანქანათმშენებლობის პროდუქციის ექსპორტი. ისინი შეეხება „ზოგ ეკონომიკურ სექტორს, განსაკუთრებით ხე-ტყის, ფოლადისა და კალიუმის წარმოებას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

„როცა გაიგეს, რომ 3 ათასი ცხედარი შეგვიძლია გადავცეთ, შოკში ჩაცვივდნენ“ - ინტერვიუ სერგეი გარმაშთან

ჟურნალისტი სერგეი გარმაში, რომელიც ამჯერად კიევში იმყოფება, Current Time-თან საუბრისას ამბობს, რომ დრო უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს და თუკი დასავლეთი თვითმფრინავებით დაეხმარებათ, უკრაინა თავის დაცვას ბოლომდე მოახერხებს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაიწელება ომი?

- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუნდაც, აშშ-ზე, რომელიც, რამდენადაც ვიცი, ბლოკავს თვითმფრინავების ჩვენთვის გადმოცემას. გვჭირდება ევროპული თვითმფრინავები. ისიც პრობლემაა, თუ სად დაეშვებიან ისინი. უცხოეთში არის აეროპორტები, მაგრამ ამ ქვეყნებს ეშინიათ, ნატო მესამე მსოფლიო ომში არ ჩაითრიონ. ამიტომ უსაფრთხო ასაფრენ ბილიკს არ გვაძლევენ. არადა, ეს ბევრ რამეს მოაგვარებდა.

ისე კი, მთლიანობაში დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ის ჩვენთვის პოზიტიურია. დრო ჩვენზე მუშაობს, რუსეთის წინააღმდეგ: რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გრივნა უფრო მყარია.

- თქვენ დიდხანს მონაწილეობდით რუსებთან ორმხრივ მოლაპარაკებებში, შეიძლება მოლაპარაკებებისგან რამე სასიკეთო გამოვიდეს?

- მხოლოდ დროებით ზავზე თუ შევთანხმდებით, ისიც ხომ ხედავდით, მოლაპარაკების პარალელურად ხარკოვს ურტყამდნენ. ამ ეტაპზე არ ღირს მოლაპარაკება. მოწინააღმდეგე ჯერ ისე არ დაძაბუნებულა, ჩვენს მოთხოვნებზე წამოვიდეს, ჩვენ კი, პირიქით, მათ მოთხოვნებს ვერ დავყაბულდებით, ეს ჩვენი მიწაა.

წაიკითხე მეტი.

XS
SM
MD
LG