Accessibility links

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება. დღეს, 23 მაისს, გამართულ ზეპირ მოსმენაზე კი საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით წარდგა. 17 ქვეყნის მოსამართლეებით დაკომპლექტებული დიდი პალატის წინაშე თავისი სიტყვა საქართველოს ინტერესების დამცველმა ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიების აგრესიულ ოკუპაციას განაგრძობს.

რუსმა სამხედრო მოწმეებმა უარყვეს, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ შეტევაზე, თუმცა „ისკანდერების“ ფრაგმენტებზე ამოცნობილია რუსული ნომრები...
ბენ ემერსონი

ბენ ემერსონმა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობითა და ხელშეწყობით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საომარ მოქმედებებსა და ეთნოწმენდაზე გაამახვილა ყურადღება. მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ფაქტებითა და არგუმენტებით ილაპარაკა იმაზეც, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონზე კონტროლს 2008 წლის აგვისტოს ომამდეც ახორციელებდა. რაც შეეხება უშუალოდ ომის დღეებს, რუსეთის სახელმწიფოს აგრესიული საომარი ქმედებების მტკიცებულებებიდან ადვოკატმა პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა რადარების მონაცემებზე, სეისმური სადგურების მიერ აფეთქებების დამადასტურებელ ჩანაწერებზე, 12 აგვისტოს გორში აფეთქებულ „ისკანდერზე“ და სხვა.

“რუსმა სამხედრო მოწმეებმა უარყვეს, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ შეტევაზე, თუმცა „ისკანდერების“ ფრაგმენტებზე ამოცნობილია რუსული ნომრები. ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ცდილობს დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ ამავე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდების ფაქტი სიყალბე და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია, დანაშაულის ადგილი კი გამოგონილია იმისთვის, რომ რუსეთს ბრალი წაუყენონ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომელი „ისკანდერი“ გაისროლეს“.

საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა თავისი სიტყვა კონფლიქტის ზონაში შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფასა და დევნილი მოსახლეობის მდგომარეობაზე საუბრით დაასრულა, სხდომის მიწურულს კი განაცხადა, რომ რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის შემდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატას რუსეთის წარმომადგენლებმა - ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, შემდეგ კი ადვოკატმა -მიმართეს. მოპასუხე მხარემ მომჩივანი წარდგენილი მტკიცებულებების გაყალბებასა და ფალსიფიცირებაში და ანტირუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა:

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ძალების მიერ ცხინვალზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგები ვაღიაროთ, მაგრამ საქართველომ საპირისპირო ფაქტები წარმოადგინა. რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ. რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო ძალებს, მათი და რუსების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება არ არის ქართული მხარის განსახილველი თემა“.

რუსეთის ადვოკატმა თავისი კონტრარგუმენტებით რუსეთის შეიარაღებული ძალების 2008 წლის აგვისტოს ომსა და მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევასთან კავშირის უარყოფა სცადა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთს საერთოდ არ ჰქონია არგუმენტები და ისტორიის გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი წარადგინა.

საქართველოს მხარის სამართლებრივი არგუმენტები, ფაქტობრივი მოტივაცია დეტალურად იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება რუსეთს, გარკვეული ნაწილი იყო გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა, რაც სამართლებრივად გაუგებარია, რატომ იყო საჭირო.
ეკა გასიტაშვილი

რუსეთთან მეორე სახელმწიფოთშორისი დავის მოსაგებად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ 23 მაისის ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ეს იყო უკომპრომისო, მაგრამ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა“. მისივე შეფასებით, ამ საქმეს მნიშვნელობა ექნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უკრაინისა და მოლდოვის კონფლიქტების სამართლებრივი ჩარჩოს გამყარებისთვისაც.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ პირველად განიხილავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში, აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საქმე ამ ნიშნით პრეცედენტულია. სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს ისეთ კომპლექსურ კითხვებს, როგორიცაა: რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ მათი უფლებების მასობრივი დარღვევები და რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში საქართველო-რუსეთის მეორე სახელმწიფოთშორისი სარჩელის ბოლო ზეპირ მოსმენას, პროცესში უშუალოდ ჩართული ადამიანების გარდა, ესწრებოდნენ სხვა დაინტერესებული პირებიც. მათ შორის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთან მოპაექრეთა გამოსვლები შეაფასა:

„საქართველოს მხარის სამართლებრივი არგუმენტები, ფაქტობრივი მოტივაცია დეტალურად იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება რუსეთს, გარკვეული ნაწილი იყო გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა, რაც სამართლებრივად გაუგებარია, რატომ იყო საჭირო“.

ჩვენ წარმატებულად მოვუგეთ რუსეთს პირველი სახელმწიფოთშორისი საქმე დეპორტაციაზე და ვფიქრობ, რომ ამ საქმესაც მოვიგებთ.
ლია მუხაშავრია

რაც შეეხება ფაქტობრივ ნაწილს, ეკა გასიტაშვილი ამბობს, რომ რუსული მხარის ძირითადი არგუმენტები, მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო ფოტოების, სიუჟეტების, სოციალურ ქსელში დადებული ინფორმაციების სახით, რომელთა ნაწილი აღარ არსებობს. შესაბამისად, ეკა გასიტაშვილის აზრით, რუსული მხარის არაავთენტური მტკიცებულება სასამართლოში მტკიცებულებად ვერ გამოდგება. სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ კი, რომელიც სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სხდომას, საქმის სირთულეზე გაამახვილა ყურადღება. იგი ფიქრობს, რომ საქმის კომპლექსურობიდან გამომდინარე, სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და ომის შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება; საკუთრების დაცვისა და მიმოსვლის უფლება. როგორც უფლებადამცველი ლია მუხაშავრია შენიშნავს, ზოგადად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თითებზე ჩამოსათვლელია იმ საქმეების რაოდენობა, რომლებშიც სახელმწიფო უჩივის სახელმწიფოს. მისი აზრით, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი ომის საქმეზეა გასაჩივრებული.

„ჩვენ წარმატებულად მოვუგეთ რუსეთს პირველი სახელმწიფოთშორისი საქმე დეპორტაციაზე და ვფიქრობ, რომ ამ საქმესაც მოვიგებთ“.

ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც არსებობს აგვისტოს ომის საკითხზე ფაქტების დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სამართლებრივი დასაბუთება იმისა, რომ რუსეთმა ომის დროს საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაარღვია, რთული არ იქნება.

საქართველომ სახელმწიფოთშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს წარადგინა, რასაც დასაბუთებული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს მოჰყვა. რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სახელმწიფოთშორის საჩივარს, რომელიც ნომერ მეორე საქმედაა ცნობილი, წინ უძღოდა საქმე დეპორტაციის შესახებ, რომელშიც ადამიანის უფებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. ევროპის სასამართლოში წარსადგენად მზადდება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ მესამე სახელმწიფოთშორისი საჩივარიც, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG