Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშიში მდინარე


მდინარეზე გადებულ ბეტონის მოზრდილ ფილას მოაჯირები არ აქვს და, როგორც მოსახლეობა ამბობს, მასზე გავლა განსაკუთრებით საშიშია უამინდობისას.
მდინარეზე გადებულ ბეტონის მოზრდილ ფილას მოაჯირები არ აქვს და, როგორც მოსახლეობა ამბობს, მასზე გავლა განსაკუთრებით საშიშია უამინდობისას.

ქუთაისში მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა, მდინარის კალაპოტისა და ჯებირების მოწყობის პარალელურად, უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვს.

საშიში მდინარე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:07 0:00
გადმოწერა

ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებთა ნაწილი მდინარის სანაპიროსა და საფეხმავლო, მცირე ზომის ხიდზე მოაჯირის გაკეთებას მოითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მდინარე ესაზღვრება კორპუსთან მდებარე სათამაშო მოედანსა და ეზოს, სადაც ბავშვები ხშირად თამაშობენ, მდინარის ჭალის დაფერდებული ადგილები კი საშიშროებას უქმნის მათ. ბავშვები 35-ე საჯარო სკოლამდე მისასვლელად საფეხმავლო ბეტონის ხიდს იყენებენ, რომელსაც ხიდი პირობითად ჰქვია. მდინარეზე გადებულ ბეტონის მოზრდილ ფილას მოაჯირები არ აქვს და, როგორც მოსახლეობა ამბობს, მასზე გავლა განსაკუთრებით საშიშია უამინდობისას:

„ზამთარში ყინვისა და თოვლის დროს განსაკუთრებით საშიშია. წყლის დონე წვიმის დროს იწევს და ივსება კალაპოტი და არის საშიშროება ბავშვებს რაიმე შეემთხვეთ, ამიტომ ვთხოვთ შესაბამის ორგანოს, მოაჯირები გაკეთდეს სანაპიროზე და ხიდზე“.

როგორც ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებნი ამბობენ, მდინარის კალაპოტი და მასზე გადებული ხიდი სახიფათო მას შემდეგ გახდა, რაც მდინარის კალაპოტის რეკონსტრუქციისთვის მასზე გადადგმული ავტოფარეხები აიღეს და ტერიტორია გასუფთავდა გადაღობილი სხვადასხვა კონსტრუქციისგან:

„აქ იყო ავტოფარეხები და მდინარე დახურული იყო, საერთოდ არ ჩანდა, არც ბავშვების ჩავარდნის შიში გვქონდა. ახლა ღია არის ნაპირი“.

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებთა პასუხად ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელი განმარტავს:

„მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქციის პროექტით, რომლის განხორციელება გასული წლის ივნისში დაიწყო, გათვალისწინებულია მდინარის სანაპიროზე მოაჯირების მოწყობა იმ ადგილებში, სადაც მდინარე მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებზე მიედინება“.

მდინარე ოღასკურის კალაპოტის მოსაწყობად სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „კონსტანტა“ და, პროექტის მიხედვით, რეკონსტრუქცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. მდინარის 5-კილომეტიან მონაკვეთზე გაიწმინდა და გაფართოვდა კალაპოტი და მობეტონდა მდინარის ფსკერი, ბეტონით ამოიყვანეს ჯებირებიც. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მდინარის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ლაპარაკობს, საყოფაცხოვრებო ნარჩენით კალაპოტის დაბინძურებაა. ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებნი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ ჩაყარონ ნარჩენი მდინარეში, რომ საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნაგავმა ისევ არ გამოიწვიოს მდინარის დაგუბება და ძლიერი წვიმების პერიოდში არ დაიტბოროს ახლომდებარე ტერიტორია:

„ხალხმა უნდა ისწავლოს და ოღასკურაში ნარჩენი არ უნდა ჩაყაროს. მე მახსოვს ის დრო, როდესაც სახლებიდან ყრიდნენ ნარჩენებს“;

„თვითონ უნდა გავუფრთხილდეთ მდინარეს, ურნები დგას ყველგან და მდინარეში ნარჩენი არ უნდა ჩავყაროთ“.

მდინარე ოღსაკურა ქუთაისში რამდენიმე დასახლებაში მიედინება და ბოლო წლების განმავლობაში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, უხვი ნალექისას, მდინარის წყალმა რამდენჯერმე დატბორა ახლომდებარე კორპუსებისა და სახლების სარდაფები და ეზოები, გზები, რამდენიმე სკოლის, ბაღისა და საჯარო რეესტრის პირველი სართულები. მოსახლეობის რამდენიმეწლიანი მოთხოვნის შემდეგ, მერიამ მდინარის კალაპოტის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც 580 ათასი ლარი იხარჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG