Accessibility links

საძოვარი, გზა და წყალი - 34-კომლიანი სოფელი ყოფითი პრობლემების პირისპირ


მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებისგან ათწლეულებია, ითხოვენ გზაზე ასფალტის დაგებას და სანიაღვრე არხების მოწყობას.

„წყალი ჩვენ არ გვაქვს და გზა, განათებაც ძლივს გააკეთეს“, - ამბობს თინიკო მათიკოშვილი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პატარა სოფელში, ლაფნიანში, ცხოვრობს.

დასახლება გიორგეთის ადმინისტრაციულ თემში შედის და, ბოლო აღწერის მონაცემებით, 120-მდე ადამიანი ირიცხება. ლაფნიანში ადგილობრივ მცხოვრებლებს მოჰყავთ ბოსტნეული და სხვა ერთწლიანი კულტურები; ასევე, მისდევენ მესაქონლეობას, თუმცა ახლა ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, საქონლის გაყიდვა მოუწევთ, რადგან ტერიტორიის ნაწილი, სადაც საქონელს აძოვებდნენ, ერთ-ერთმა ფერმერმა დაამუშავადა იქ საქონლის მომწყემსვა აუკრძალა. მოსახლეობის ნაწილის თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა, საქონელი სახლიდან გარეთ ვერ გაჰყავთ და თუ საძოვრების პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ერთადერთი გამოსავალია საქონელი გაყიდონ.

„ადამიანი სოფელში რომ ცხოვრობ, საქონელი თუ არ გეყოლება, გლეხმა თავი რით უნდა ირჩინო? საძოვრები გადახნეს და ბაღები მოჰყავთ. ჩვენ კიდევ, ვისაც ძროხები გვყავს, ქუჩა-ქუჩა დაგვყავს. ეს პრობლემა ხელისუფლებამ დროულად უნდა მოაგვაროს. თუ ამ პრობლემებს არ მოაგვარებენ, აქ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ნუ მოვლენ“.

საძოვრის პრობლემა სოფელ ლაფნიანში წელს დადგა, თუმცა სასმელი წყლის პრობლემა, უკვე წლებია, აწუხებთ. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ათწლეულებია, ითხოვენ გზაზე ასფალტის დაგებას და სანიაღვრე არხების მოწყობას,თუმცა ლაფნიანელები გვეუბნებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებზე არ რეაგირებს. გიორგეთის თემში შემავალ პატარა სოფელში იმაზეც ჩივიან, რომ, სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქის არარსებობის გამო, მეზობელ სოფლებში უწევთ წასვლა, ეს კი განსაკუთრებით უჭირთ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაფნიანისთვის 10 ლარია გამოყოფილი, თუმცა, მოსახლეობის ნაწილის თქმით, ხელისუფლება უებნება, რომ ამ თანხით სოფლის ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება:

„ჩვენი სოფლისთვის ფული არის გამოყოფილი, მაგრამხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსული და გვითხრეს, რომ ეს თანხა არ გეყოფათ არც გზის, არც წყლის და არც სანიაღვრე არხების მიწესრიგებაშიო და მაშინ რისთვის მოგვცეს, საერთოდ, თანხა?!“

ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადასტურებს გიორგეთის თემში მერის წარმომადგენელი, შორენა ლობჟანიძე. ამბობს, რომ სოფელში არსებული ჭაბურღილებიდან წყალი აღარ ამოდის, რადგან ზოგ შემთხვევაში ისეა დანაგვიანებული, რომ გაწმენდასაც აღარ ექვემდებარება. ლობჟანიძის თქმით,წელს წყლის პრობლემა, სავარაუდოდ, ვერ მოგვარდება, რადგან ორი ახალი ჭაბურღილის მოსაწყობად, დაახლოებით, 200 000 ლარამდეა საჭირო.რაც შეეხება გზაზე ასფალტის დაგებას, მერის წარმომადგენელი გვეუბნება, რომთვითმმართველობასპროექტი ნაყიდი აქვს, მაგრამჯერ დაფინანსების საკითხია მოსაგვარებელი.

გიორგეთში მერის წარმომადგენელს ვკითხეთ საძოვრებზეც. შორენა ლობჟანიძე ირწმუნება, რომ მოსახლეობისთვის საქონლის საძოვარზე გაყვანა არავის დაუშლია, თუმცა ამბობს, რომ არსებობდნენ დაინტერესებული პირები,რომლებსაც მიწების შეძენა სურდათ. მერის წარმომადგენლის თანახმად, 8 ჰექტარამდე მიწა, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ახლა მუშაობენ იმისთვის, რომ აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით, მიწის ნაკვეთი ადგილობრივებისგან შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე გასხვისდეს:

„საძოვარს არავინ არ ართმევს. საქონლის ძოვებაც არავის დაუშლია. ერთი კვირის წინ ვიყავი ამ სოფელში და ამ ერთი კვირის მერე თუ რამე შეიცვალა, არ ვიცი! მე უკვე ვმუშაობ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი აუქციონის გარეშე სოფელ ლაფნიანის მოსახლეობას გადაეცეს. ამას, დაახლოებით, 5 თვე მაინც დასჭირდება. იგივე საკითხზე ვმუშაობ სოფელ გიორგეთში“.

სოფელ ლაფნიანში ამბობენ, რომ ბოლო წლებში რაც გაკეთდა, ეს არის პატარა სკვერი და გზის ნაწილი, რომელიც მოიხრეშა. ადგილობრივთა ნაწილისთქმით, თუკი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში არ მოგვარდა, სოფელში არ შეუშვებენარც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც გადაწყვეტს, რომ წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG