Accessibility links

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სარჩელი


საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი სადავოდ ხდის  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას. გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების გამო, კანდიდატთა შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღების პროცესში შებოჭილი არ არის ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითი განხილვისას სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, თქვა, რომ გასულ წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ფარული კენჭისყრა მიჩნეულია უკანონო ქმედების შესაძლებლობად:

„ამ პროცესში ფარულობას კანონისმიერი და კონსტიტუციური მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს. ფარული კენჭისყრა ქმნის ბუნდოვანებას - იგი იძლევა გარკვეული უკანონო გარიგებების საშუალებას მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და ამ გარიგებაში შესაძლებელია მონაწილეობდეს როგორც პარლამენტი, ასევე საბჭო. როდესაც სასამართლოში არსებულ კლანზე ვლაპარაკობთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ - ფარულობა იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკოსები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გარიგდნენ, ამით კი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მთელი კონსტიტუციური არქიტექტურა ზარალდება“.

გიორგი ბურჯანაძე
გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეახსენა საერთაშორისო გამოხმაურება საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე. გაიხსენა ევროკავშირის საგარეო კომიტეტის მოსაზრება: „პირდაპირაა ნათქვამი, რომ მოსამართლეები, რომლებიც დეკემბერში პარლამენტმა შეარჩია, ვერ აკმაყოფილებდნენ კვალიფიციურობის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს. პროცესი იყო ბუნდოვანი და ფარული“. გიორგი ბურჯანაძემ თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არსებული ნორმების შეცვლისკენ. აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები გამოთქმულია აშშ-ის საელჩოსა და ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ, რომლებმაც ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას:

„ვენეციის კომისიისთვის გაუგებარია, მაშინ როცა ჩვენ კონსტიტუციის 61-ე და 63-ე მუხლებში გვიწერია მოსამართლეთა შერჩევის საფუძვლად კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, როგორ შეიძლება კენჭისყრა იყოს ფარული, რომელიც არ გვაძლევს იმის შეფასების საშუალებას, აკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ამ მოთხოვნებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ფარული კენჭისყრის ნაცვლად მომხდარიყო გადასვლა შეფასებით სისტემაზე, სადაც საბჭოს წევრები ქულებს დაწერდნენ“, - თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში.

მისი გამოსვლის შემდეგ პარლამენტის არგუმენტები წარმოადგინა პარლამენტის იურისტმა, რუსუდან უღლაურმა. მან ილაპარაკა მოსამართლეების შერჩევის კანონით გათვალისწინებულ ნორმებზე და მთლიანი პროცედურა დეტალურად აღწერა. მას მოსამართლეებმა რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა და სთხოვეს, რომ წარმოედგინა არგუმენტები და დასაბუთება სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულ ნორმებზე, აგრეთვე ესაუბრა, თუ რატომ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტი ამ ნორმებს კონსტიტუციურად:

„მოდით, მთავარი აქცენტი გადავიტანოთ და ყურადღება გადავიტანოთ იმ ნორმებზე, რაც გასაჩივრებულია, განსაკუთრებით, ფარულობასთან დაკავშირებით“, - თქვა მოსამართლემ.

„ჩვენ კანონის ნორმები ვიცით. სასამართლოს თქვენ ახლა უკითხავთ, რა პროცედურა რის მერე მოდის და კანონში როგორაა გაწერილი. იქნებ ეს ნაწილი გამოტოვოთ და გასაჩივრებულ ნორმებზე თქვენი პოზიცია გვითხრათ“, - თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა.

გარდა საკანონმდებლო დონეზე შექმნილი გარანტიებისა, აღსანიშნავია სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო დამკვირვებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის გამყარებას...
რუსუდან უღლაური

„არა ასეთი ზოგადი დებულებები, რომ პარლამენტი ხალხმა აირჩია, არამედ კონკრეტულად იმ დებულებებზე, რომელიც გასაჩივრებულია. რატომ არის ეს დებულებები კონსტიტუციური ან არაკონსტიტუციური?“ - იკითხა მოსამართლემ.

იმის შემდეგ, რაც პარლამენტის წარმომადგენელმა თითქმის 35-წუთიან გამოსვლაში ისევ კანონის ნორმებსა და მოსამართლეთა არჩევის პროცესზე დეტალურად ილაპარაკა, საკონსტიტუციო სასამართლომ შესვენება გამოაცხადა, შესვენების შემდეგ კი მოპასუხე მხარეს კონკრეტული არგუმენტების წარდგენა მოსთხოვა. პარლამენტის წარმომადგენელმა, რუსუდან უღლაურმა, სხდომის განახლების შემდეგ კონკრეტული არგუმენტების გარეშე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე იყო:

„უზრუნველყოფილია კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. ეს უკანასკნელი კი არის გარანტი მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერებით კანდიდატების არჩევისა. გარდა საკანონმდებლო დონეზე შექმნილი გარანტიებისა, აღსანიშნავია სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო დამკვირვებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის გამყარებას“.

მოსარჩელე მხარის, სახალხო დამცველის, და მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის, წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვა-პასუხისა და პაექრობის ეტაპი უნდა გაიარონ. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავა, ბოლოს კი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG