Accessibility links

სახანძრო უსაფრთხოების მოშლილი სისტემები კახეთის  საგანმანათლებლო დაწესებულებებში


კახეთის სკოლებსა და ბაგა-ბაღების ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების სისტემები მოშლილია. ირკვევა, რომ ზოგიერთი სკოლისა და ბაღის ადმინისტრაცია პრობლემის მოგვარებას არ ცდილობს. ვინ როგორ ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნებს საგანმანათლებლო დაწესებულებში და რას ამბობენ თავად სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც, წესით, ამ თემაზე სწავლებები უნდა უტარდებოდეთ?

ჩვენ ცეცხლმაქრები და სტენდი მხოლოდ პირველ სართულზე გვაქვს. მეორე და მესამე სართულზეც თუ იქნება, კარგია. როგორც კი შესაბამისი თანხა გაჩნდება, ამას გავაკეთებთ...
ლამარა ტაბატაძე

კახეთში როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არასახარბიელოაო, ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოში. სამმართველოს უფროსი რეგიონში, გიორგი ჩარკვიანი, ამბობს, რომ ისინი როგორც სკოლებს, ასევე ბაღებს ეტაპობრივად ამოწმებენ, შემდეგ კი უწყებებს გამოვლენილი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. ჩარკვიანის თქმით, ზოგ შემთხვევაში მათ მოთხოვნებს ითვალისწინებენ, ზოგჯერ კი უყურადღებოდ ტოვებენ. ჩარკვიანი სახანძრო უსაფრთხოების წესების კონკრეტულ დარღვევებზე ლაპარაკობს:

„ცეცხლმაქრების რაოდენობა არასაკმარისია; გაუქმებულია საევაკუაციო გასასვლელები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით არის გადატვირთული, ასევე გადატვირთულია საბავშვო ბაღები. ბაღში უნდა იყოს ისეთი სიტუაცია, რომ შესაძლო საგანგებო მდგომარეობის დროს ჭყლეტა არ წარმოიქმნას და ნორმალურად მოხდეს ბავშვებისა და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია შენობიდან“.

გასული წლის დეკემბერში რეკომენდაციის საფუძველზე ყველა საბავშო ბაგა-ბაღს შევუძინეთ ცეცხლმაქრი. რაც შეეხება საევაკუაციო გეგმებს, ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი ნამდვილად არ გვაქვს მოწესრიგებული, თუმცა არც უყურადღებოდ ვართ...
ლელა თევდორაშვილი

სკოლების ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების წესები რომ სრულად არ არის დაცული, ამას ადასტურებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ნომერ პირველი სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე, თუმცა ამბობს, რომ, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათი სურვილია, პრობლემა მთლიანად მოგვარდეს:

„ჩვენ ცეცხლმაქრები და სტენდი მხოლოდ პირველ სართულზე გვაქვს. მეორე და მესამე სართულზეც თუ იქნება, კარგია. როგორც კი შესაბამისი თანხა გაჩნდება, ამას გავაკეთებთ. გარდა ამისა, გვინდა, რომ შეშის შესანახი ფარდული ავაშენოთ სკოლიდან მოშორებით“.

ცეცხლმაქრები უკვე შეიძინეს, თუმცა სახანძრო უსაფრთხოების კუთხით პრობლემები მაინც რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე ბაგა-ბაღში. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ამბობს, რომ ბაღებში მოგვარების პროცესშია საევაკუაციო გეგმის საკითხი. გურჯაანის ბაღებში პრობლემურია ელექტროგაყვანილობის სისტემაც:

„გასული წლის დეკემბერში რეკომენდაციის საფუძველზე ყველა საბავშო ბაგა-ბაღს შევუძინეთ ცეცხლმაქრი. რაც შეეხება საევაკუაციო გეგმებს, ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი ნამდვილად არ გვაქვს მოწესრიგებული, თუმცა არც უყურადღებოდ ვართ. საევაკუაციო გეგმებთან დაკავშირებით საკითხი არის დაყენებული მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში, მიმდინარეობს მუშაობა და მერია პრობლემას, სავარაუდოდ, ერთ თვეში მოაგვარებს“.

2017 წლის მონაცემებით, ხანძრების შედეგად საქართველოში 79 ადამიანი გარდაიცვალა, 245-დე დაშავდა და 600-მდე შენობა-ნაგებობა განადგურდა. მთლიანად კი ქვეყანაში 2017 წელს 15 200-ზე მეტი ხანძარი აღირიცხა, რაც ბოლო 15 წლის მაჩვენებლების მაქსიმუმია.

კონკრეტულ მაგალითს არ ასახელებს, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსი გიორგი ჩარკვიანი ამბობს, რომ ზოგი სკოლისა და ბაღის ადმინისტრაცია პრობლემის მოგვარებით საერთოდ არ არის დაინტერესებული:

„ეს უნდა იყო თანამონაწილეობის პრინციპი. ამ მიმართულებით დაწესებულების ხელმძღვანელობაც უნდა იჩენდეს ყურადღებას და ზრუნავდეს. მინდა გითხრათ, რომ ყველა სკოლისა და ყველა ბაღის ხელმძღვანელი თანაბრად არ არის დაინტერესებული ამ მიმართულებით - იქნება ეს პერსონალის მომზადება თუ ბავშვებთან ერთად სიმულაციური სწავლების ჩატარება“.

რა იციან სახანძრო უსაფრთხოების შესახებ და როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ხანძარი გაჩნდა? ამის შესახებ კითხვები ჩვენ ლაგოდეხის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს დავუსვით:

„არ დავინტერესებულვარ და არც პედაგოგებს გამოუჩენიათ ინიციატივა, რომ აეხსნათ, თუ რისთვის არის საჭირო და რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ“;

„უბრალოდ, ვიცით, რომ როდესაც ხანძარი გაჩნდება ან რაღაც ასეთი, სკოლიდან უნდა გამოვიდეთ. ნუ, იქ არის სახანძრო მაშველები, ცეცხლმაქრები. ვიცით, რომ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ“.

2017 წლის მონაცემებით, ხანძრების შედეგად საქართველოში 79 ადამიანი გარდაიცვალა, 245-დე დაშავდა და 600-მდე შენობა-ნაგებობა განადგურდა. მთლიანად კი ქვეყანაში 2017 წელს 15 200-ზე მეტი ხანძარი აღირიცხა, რაც ბოლო 15 წლის მაჩვენებლების მაქსიმუმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოში გვითხრეს, რომ ისინი სკოლებისა და ბაღების გარდა სხვა ობიექტებსაც ამოწმებენ და შემდეგ მათგან პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, უკიდურეს შემთხვევაში კი შესაძლოა კონკრეტულ დაწესებულებას მუშაობის უფლება იქამდე ჩამოერთვას, ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები კანონის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG