ამ რეალობაში რომ არა საერთაშორისო ღია პლატფორმები, ამ ვითარებაში ბევრ მნიშვნელოვან ამბავს ვერც გავიგებდით და ვერც მოგითხრობდით.
„არ შედის უსაფრთხოების ინტერესებში“ - სუსის მეთოდი
“თქვენს მიერ დასმული კითხვებისა და საკითხების წამოწევა აქტუალიზაციას უკეთებს თემებს, რომლებიც არ შედის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში, ამიტომ მოგიწოდებთ, არსებულ პერიოდში თავი შეიკავოთ ისეთი თემების ტირაჟირებისგან, რომლებიც კონტრპროდუქტიულია ამ ინტერესებთან მიმართებით”, - ეს არის ფრაგმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხიდან, რომელიც რადიო თავისუფლებამ 6 მარტს მიიღო.
გვაინტერესებდა, ჩართული იყო თუ არა საქართველო საერთაშორისო გამოძიებაში მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
მეორე კითხვა ეხებოდა სუსის პოლიტიკას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს მოქალაქეების გადაბირების მცდელობებზე. მაშინ წყარომ, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, რადიო თავისუფლებას მოუყვა, როგორ შესთავაზეს ირანში პილიგრიმად წასულს ისლამური რესპუბლიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.
კითხვებზე უსაფრთხოების სამსახურმა ზოგადი პასუხი გაგვცა, გვითხრა, რომ გამოძიება დაწყებულია და გამოჰკითხავენ მათ, ვინც საქართველოში ირანის მზარდ გავლენაზე “უსაფუძვლოდ ლაპარაკობს” და იქვე მოგვიწოდა, თავი შეგვეკავებინა უსაფრთხოების ინტერესებისთვის “კონტრპროდუქტიული” თემების “ტირაჟირებისგან”.
საქართველოში ირანის, სავარაუდოდ, მზარდი გავლენები გამოჩნდა 2025 წლის მიწურულს გამოქვეყნებულ სტატიაშიც, რომელშიც აღვწერეთ, როგორ მუშაობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის მიერ ექსტრემიზმის გამო სანქცირებული და ისლამური სახელმწიფოს რბილი ძალის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიჩნეული ირანული ალ მუსტაფას უნივერსიტეტი.
მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლების კითხვები უპასუხოდ დატოვა. პირველი სტატიიდან მეორე სტატიამდე შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება - ირანს ჯერ ანტისამთავრობო აქციების ტალღამ გადაუარა, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ სისხლში ჩაახშო, შემდეგ კი ისრაელისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც უმაღლესი სასულიერო ლიდერის და არაერთი მაღალი თანამდებობის პირის ლიკვიდაცია მოჰყვა.
რადიო თავისუფლება ერთადერთი მედია არ ყოფილა, რომელთანაც ირანთან დაკავშირებულ თემაზე მუშაობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხის ნაცვლად “რეკომენდაციები” გასცა.
“როდესაც ვმუშაობდი კრეტაზე საქართველოს მოქალაქის დაკავების საქმეზე, რომელსაც ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვკითხეთ, იყვნენ თუ არა საქმის კურსში და საქართველოშიც მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება. პასუხი იყო ცინიკური, უტაქტო და არაპროფესიონალური, თითქოს ჩვენ ვითხოვდით საიდუმლო ინფორმაციას”, - ამბობს ნინო რამიშვილი, "სტუდია მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტი. მის მცდელობას, მიეღო სახელმწიფო უწყებისგან პასუხი, სუსის პრესსამსახურის თანამშრომელმა უპასუხა კითხვით: “პირდაპირ სადაზვერვო ფაილები ხომ არ გადმოგცეთ?” შემდეგ კი “სერიოზულად” უპასუხეს:
“არასერიოზულია სადაზვერვო მონაცემების მოთხოვნა, ისევე როგორც კითხვა იმის შესახებ, საბერძნეთის სამართალდამცველების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა მიმდინარეობს თუ არა ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ.”
"სტუდია მონიტორის" გამოძიებამ აჩვენა, რომ საბერძნეთში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს განათლება ირანში ჰქონდა მიღებული. ბერძენი სამართალდამცველები ამ დრომდე იკვლევენ მის კავშირს ამავე ბრალდებით დაკავებულ აზერბაიჯანის მოქალაქეებთან. ჩართულია თუ არა ქართული მხარე ამ გამოძიებებში, უცნობია.
„აზიანებთ ქვეყნის იმიჯს“ - შემოსავლების სამსახურის ბრალდება
“[სახელმწიფო უწყებები] ჩვენ კონკრეტულ თემებზე გვეუბნებიან, რომ ამას არ უნდა შევხებოდით, ამაზე ხმა არ უნდა ამოგვეღო”, - საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აიფაქტის” დამფუძნებელი და რედაქტორი ნინო ბაქრაძე. “აიფაქტი” ძირითადად ღია წყაროებს ეყრდნობა კორუფციის, კულტურული მემკვიდრეობის თემების, სანქციების დარღვევისა თუ რუსული ბიზნესინტერესების გამოძიებისას.
“2024 წლის დასაწყისში დავიწყეთ სანქციებზე მასალების გამოქვეყნება და მაგ დროიდან მოყოლებული, შემოსავლების სამსახური, რომელსაც ეხებოდა ეს თემები, აქვეყნებდა დიდ, ვრცელ განცხადებებს, სადაც ეწერა, რომ ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ და ვაზიანებთ ქვეყნის იმიჯს. მერე ამ განცხადებებს ავრცელებდნენ მათი პროპაგანდისტული არხები და თან ისე, რომ არ ამბობდნენ, რაზე პასუხად იყო დაწერილი ეს ტექსტები”, - ამბობს ნინო და აზუსტებს, რომ გამოძიებაზე მუშაობისას უწყება, როგორც წესი, უპასუხოდ ტოვებდა "აიფაქტის" კითხვებს. გამომძიებელი ჟურნალისტის დაკვირვებით, სახელმწიფო უწყებები განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ ისეთ საკითხებზე, რასაც საერთაშორისო კონტექსტი აქვს.
ნინოს მონათხრობი ადასტურებს რადიო თავისუფლების გამოცდილებასაც. 2024 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას, უკრაინაში ომის პარალელურად საქართველოში შეერთებული შტატებიდან მიკროჩიპების უპრეცედენტოდ გაზრდილ იმპორტზე, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა - ის მანიპულაციად შეაფასა და მიზნად “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და ქვეყნის იმიჯის დაზიანება” დაასახელა. მან უარი თქვა, რადიო თავისუფლებასთან ვრცელ ინტერვიუში განემარტა თავისი მოსაზრებები. მასალა სტატიისთვის, რომელიც მინისტრის კრიტიკის სამიზნე გახდა, მოპოვებული იყო ღია წყაროებით, მათ შორის საქართველოს სტატისტიკის ბიუროს მონაცემების ანალიზით. საქსტატმა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მიკროჩიპების იმპორტიორი მეწარმეების მონაცემები არ გაგვიზიარა - უწყებამ მაშინ გვითხრა, ბაზარზე მსხვილი მოთამაშე სულ რამდენიმე კომპანია იყო და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადვილად მოვახდენდით მის იდენტიფიცირებას, ვის ანგარიშზეც იყო ჩიპების გაზრდილი იმპორტი, ეს კი კომერციული საიდუმლოს დარღვევა იქნებოდა.
“როგორც ვხვდები, მათი სტრატეგია იყო, კითხვებზე პასუხებს რომ არ გავცემთ, მასალებს ვერ მოამზადებენ. რომ მიხვდნენ, რომ მაინც ვწერთ და თემას არ ვაჩერებთ, დაიწყეს ასეთი განცხადებების გავრცელება და იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო ინტერესს ვაზიანებთ”, - ამბობს ნინო ბაქრაძე, რომლის მედიასაშუალებაც არა მხოლოდ სანქციების სავარაუდო დარღვევის ტენდენციებზე მომზადებული მასალების, არამედ “შავი ფლოტის ხომალდების” საქართველოს პორტებში სტუმრობის შემთხვევის გაშუქების გამოც ამ დრომდე არის სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტებელი განცხადებების სამიზნე.
2025 წლის იანვარსა და თებერვალში, "აიფაქტის" მასალების პასუხად საზღვაო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებებში ვკითხულობთ:
- “გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ოფიციალური ფაქტების იგნორირებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, რაც მიუღებელია”.
- „აი ფაქტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო“ ისტორიის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელება".
"ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდებისთვის თვალყურის დევნება საერთაშორისო ღია პლატფორმებზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. იმ დროს, როცა სახელმწიფო ამტკიცებდა, როგორ აზიანებენ გამომძიებელი ჟურნალისტები საქართველოს ეროვნულ ინტერესს, შავი ზღვის პორტები კი მასპინძლობდნენ საეჭვო ტანკერებს, ნინომ და მისმა კოლეგებმა მოკლე გზამკვლევად ფილმიც მოამზადეს, როგორ შეიძლება “დაიჭირო” ღია ზღვაში საეჭვო ხომალდი და გაჰყვე მის გზას.
“მითითებული ონლაინ პლატფორმები (globalfishingwatch.org, marinetraffic.com, vesselfinder.com) არ წარმოადგენს გემების მონიტორინგის ოფიციალურ ინსტრუმენტებს და მათი მონაცემები ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად არ გამოიყენება. გემების მოძრაობის მონიტორინგი ხორციელდება ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით (Radar, ECDIS, LRIT, AIS) და საერთაშორისო პროფესიული პლატფორმებით”, - ესეც საზღვაო სააგენტოს მიერ "აიფაქტის" მასალებზე გამოქვეყნებული განცხადების ფრაგმენტია ღია წყაროების შესახებ, რომლებსაც გამოცემა იყენებს.
პლატფორმები, რომლებსაც სააგენტო ასახელებს, როგორც არაოფიციალურ წყაროებს, პორტების ჩანაწერებისა და სანავიგაციო სისტემების გამოყენებით რეალურ დროში აჩვენებს როგორც ხომალდების გადაადგილების მარშრუტებს, ასევე ინფორმაციას გემების ისეთ საიდენტიფიკაციო მონაცემებზე, როგორებიცაა დროშა, რომლის ქვეშაც ცურავს ხომალდი, მფლობელი და IMO, რაც არის უნიკალური ნომერი, რომლითაც მფლობელისა და სახელის შემთხვევაში, მაინც შეიძლება გემისთვის თვალყურის დევნება და მისი ისტორიის გადამოწმებაც.
მთავრობის საიტზე ატვირთული დოკუმენტის პოვნის გამო “საბოტაჟის” გამოძიება
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ განცხადებების და გამაფრთხილებელი სატელეფონო ზარების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას იწყებს საბოტაჟის მუხლით. 2026 წლის იანვარში ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში („ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად“) ჟურნალისტმა "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების დანართზე ისაუბრა. ამ დოკუმენტიდან, რომელიც მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა, ირკვეოდა, რა ფასს იხდის საქართველო რუსულ გაზში. ხელშეკრულების დანართი მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იყო მისაწვდომი, სანამ ჟურნალისტებმა არ შეამჩნიეს.
როგორც ელისო ჯარიაშვილი იხსენებს, სახელმწიფო უწყებებში მღელვარება გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო - მას ჯერ მთავრობის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ის ახსენებდა, მათ საიტზე ატვირთული არ იყო. ამ დროს ჟურნალისტს უკვე ჰქონდა გაკეთებული ჩანაწერი უწყვეტი კადრით, რომელშიც ჩანს, როგორ ხსნის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტს და შემდეგ "გაზპრომთან" ხელშეკრულების დანართს.
მეორე ზარი გადაცემის ეთერში გასვლამდე ელისომ სუსისგან მიიღო - ამჯერად გააფრთხილეს, რომ სახელმწიფო საიდუმლოს ავრცელებდა და ეს არ უნდა გაეკეთებინა.
გადაცემა ეთერში გავიდა, ელისოს გუნდმა საზოგადოებას მოუყვა, რა უჯდება საქართველოს რუსულ გაზზე დამოკიდებულება და როგორ იზრდება ოკუპანტი სახელმწიფოსთვის გადახდილი თანხა მაშინ, როდესაც უფრო და უფრო მეტი ქვეყანა დასავლეთში უარს ამბობს რუსული გაზის მოხმარებაზე. აჩვენეს ის დოკუმენტიც, რომელსაც მთავრობის ვებგვერდზე მიაკვლიეს.
გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ამ ამბის ხილული ნაწილი იწყება - სუსი ავრცელებს განცხადებას საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიების შესახებ. სუსის მიხედვით, მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე ვიღაცამ თვითნებურად ატვირთა დოკუმენტის არასაჯარო ნაწილი.
„სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ“, - წერდა მაშინ სუსი განცხადებაში.
ეს გაფრთხილება გაითვალისწინა "ბიზნესმედიის" ონლაინ პორტალმა BM.GE-მ, რომელმაც „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე განკარგულების აღების გადაწყვეტილება მიიღო“.
მათ სურდათ, რომ “ყველა წესის, კანონის, პროფესიული ეთიკის დაცვით მოპოვებული მასალა არ გასულიყო ეთერში”, - ამბობს ელისო ჯარიაშვილი. ტელეკომპანია "ფორმულა" სუსის რეკომენდაციას არ დაემორჩილა.
“ვიცოდი, რომ მნიშვნელოვან საკითხს ვეხებოდი. გამიკვირდა კიდეც ეს ინფორმაცია საჯაროდ რომ დაიდო. საზოგადოება თითქმის ათი წელია კითხულობს, რა ფასს უხდის "გაზპრომს" - აქციებითაც კი ითხოვდნენ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ადამიანები. ეს დოკუმენტი, რომელიც მე ვიპოვე, გვაჩვენებდა, რამდენად დამოკიდებული გავხდით ოკუპანტ ქვეყანაზე და ველოდი, რომ გამოხმაურება ექნებოდა "ქართულ ოცნებას", მაგრამ თუ იტყოდნენ, რომ ჟურნალისტმა მთავრობის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტი არ უნდა ნახოს და არ გააშუქოს, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი", - ეუბნება ელისო ჯარიაშვილი რადიო თავისუფლებას.
“სომხეთის პრემიერი რომ ჩავიდა რუსეთში, სადაც გაზის თემა გაირჩა, იქ ღიად ითქვა ფასი, რასაც იხდის სომხეთი რუსულ გაზში”, - იხსენებს ის. სუსში საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებას კი ჟურნალისტის დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად აფასებს. მიუხედავად სუსის განცხადებისა, რომ საბოტაჟის გამოძიება დაიწყო, ელისო ჯარიაშვილი ამ დრომდე არავის გამოუკითხავს მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტთან დაკავშირებით.
სუსმა უპასუხოდ დატოვა რადიო თავისუფლების კითხვა, რა ბედი ეწია გამოძიებას.
რა არის ამბავში მთავარი და რა არ უნდა ითქვას - მითითება
აპრილის დასაწყისში მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით. რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის პრესსამსახურს ჰკითხა, დასჭირდა თუ არა მას ევროპაში წასასვლელად ვიზის აღება - იმ დროისთვის ახალი ამოქმედებული უნდა ყოფილიყო ევროკომისიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებისთვის დაწესებული შეზღუდვა ევროკავშირში უვიზოდ შესვლაზე და საინტერესო იყო, როგორ მოიქცა სლოვაკეთი, რომელსაც "ქართული ოცნება" ევროკავშირში მოკავშირედ მიიჩნევს.
“გირჩევთ, ვიზიტის გაშუქებაზე კონცენტრირდეთ, რაც შეეხება დასმულ კითხვას, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს მედიასთან განხილვის საგანს”, - მოგვწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და შეგვახსენეს, რომ სლოვაკეთში “პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი".
რაზე შეიძლება ჟურნალისტმა მასალა მოამზადოს და რაზე არა, ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას მაშინ მიუთითა, როდესაც ჟურნალისტი იკვლევდა, "ქართული ოცნების" წევრებიდან ნაღდ ფულს ვინ ინახავს და რატომ - სანქციების შიშით თუ საბანკო სისტემებისადმი უნდობლობის გამო. დეპუტატმა ნინო წილოსანმა რადიო თავისუფლების კითხვებს კითხვებით გასცა პასუხი:
“რამე შემთხვევა რომ მოხდეს და ჩემი სახლი ქურდების სამიზნე გახდეს, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მომხდარზე?” - იკითხა მან და ხაზი გაუსვა, რომ სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. წილოსანის, ისევე როგორც ყველა სხვა დეპუტატის, ქონებრივი დეკლარაცია საჯაროა და ინფორმაცია მათი ქონების, მათ შორის ნაღდი ფულის შესახებ, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
იურისტების შეფასება
რადიო თავისუფლებამ ათამდე იურისტს სთხოვა, კონკრეტული მაგალითების განხილვით შეეფასებინა, რა ჰქვია სამართლის ენაზე კომუნიკაციის იმ ფორმებს, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები მედიასთან იყენებენ.
სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, ცენზურის მცდელობა, დაშინება, პასუხისმგებლობისგან გაქცევა - იყო მათი პასუხები.
“ჟურნალისტს აქვს უფლება, მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, რაც ბოლო წლების გამოკვეთილი ტენდენციაა, ამ უფლების შეზღუდვას უწყობს ხელს. ჟურნალისტისათვის მითითება, რა კითხვა უნდა დასვას და რა არა, ასევე ამ უფლებაში ჩარევაა და ეს შესაძლებელია აღიქმებოდეს ცენზურად”, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი ხელმძღვანელი.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევებში უპასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობის და კანონით ნაკისრი ვალდებულებების თავიდან არიდების მცდელობები”, - გვეუბნება საიას კიდევ ერთი ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა სვიმონიშვილი და ამატებს, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ინფორმაციის მოპოვებაში ხელის შეშლას სტრასბურგი ხშირად ცენზურადაც მიიჩნევს.
“მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი მათდამი კრიტიკული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად წარმატებით შერაცხა, ახლა ცდილობს, ეს აზრი ღრმად ჩანერგოს საზოგადოებაში. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ, მაგალითად, მედიის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ან კითხვების დასმისას ისეთ თემებზე, რაც მათთვის პრობლემურია, პასუხის ნაცვლად თავდასხმის სტრატეგიას ირჩევს და დასმულ კითხვას სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებლად აცხადებს”, - ამბობს კიდევ ერთი იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.
მარიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ სახელმწიფო ასე ცდილობს “კითხვის დამსმელს გაუჩინოს დასჯის შიშის განცდა და აიძულოს, საერთოდ უარი თქვას ისეთი კითხვების დასმაზე, რაც ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ამ ფორმით ისინი ცდილობენ, საკუთარ დღის წესრიგს დაუმორჩილონ მედია, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით უარი ათქმევინონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაზე და მედიასივრციდან გააქრონ ისეთი კრიტიკული საკითხები, რაც ხელისუფლების შენარჩუნებას უქმნის საფრთხეს”.
საერთაშორისო ანგარიშებიც საქართველოს მკვეთრ უკუსვლას აჩვენებს მედიის თავისუფლების კუთხით - 2025 წელს საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების რიგში, სადაც მედიის თავისუფლებას “სერიოზული საფრთხეები” ემუქრება, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კი შევიდა 34-კაციან სიაში, რომელიც “პრესის თავისუფლების მტაცებლებს” აერთიანებს.
საერთაშორისო რეიტინგში, რომელსაც ადგენს ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ", საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვა ბოლო წლების შეუქცევადი ტენდენციაა. მათი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანა 77-ე ადგილზე იყო, 2024-ში 103-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, 2025 წელს -114-ეზე, 2026-ში უკვე 135-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ფორუმი