Accessibility links

სახელმწიფო უსაფრთხოება 2018 წელს - საჯარო და დაფარული ინფორმაცია კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში დღეს, 22 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. სუს-ის თავმჯდომარის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ღია სხდომაზე ანგარიშის საჯარო ნაწილი წარადგინა მხოლოდ. ამის შემდეგ სხდომა დაიხურა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული.

ოკუპირებული ტერიტორიები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და სხვა.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში.

  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა საოკუპაციო ძალის მიერ
  • ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებულები არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე
  • გრძელდებოდა რუსეთის მოქალაქეობის ფლობის წახალისება და მისი გამარტივებული წესით მიღების მექანიზმების შემუშავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბორდერიზაციის უკანონო პროცესის პარალელურად, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები აგრძელებდნენ ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უკანონოდ დაკავების პროცესს. ეს პროცესი რიცხვებში შემდეგნაირად აისახა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 2018 წელს უკანონო დაკავების 28 ფაქტი იქნა რეგისტრირებული.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

2018 წელს, ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა გასული ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდა.

  • ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ლიდერი
  • წარსულში მოწყვლადი ახალგაზრდები აღარ ინტერესდებიან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიით
  • “ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი მხარდამჭერები განიცდიან მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა და მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები.

„მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იქნეს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს. შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას“,- აღნიშნულია ანგარიშში.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული, 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს მიმართავდნენ:

  • „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია
  • ყალბი ახალი ამბებით ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სულ უფრო აქტიურად იყენებდნენ კიბერსაშუალებებს.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. ანგარიშში მოცემული ინფორმაციის თანახმად, შარშან გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის მიმართულებით.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული, 2018 წლის ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე. მათ შორის, ქრთამის აღების - 21, ქრთამის მიცემის - 3, თაღლითობის -12,სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 4, სამსახურებრივი გულგრილობის - 13, სამსახურებრივი სიყალბის - 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე.

საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 133 პირი.

რატომ დაიხურა საკომიტეტო მოსმენა - რა ვერ მოისმინა საზოგადოებამ?

„შეკითხვები და მასზე გაცემული პასუხები ყველა შემთხვევაში იქნება საინტერესო მტრისთვის“,- ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასახურად მომხსენებლის არგუმენტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტი საკომიტეტო მოსმენაზე მყოფმა უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრის შედეგებში ასახეს. არ იქნა გათვალისწინებული წინადადებაც სხდომის მხოლოდ იმ ნაწილის დახურვის შესახებ, რომელზეც საიდუმლო ინფორმაციაზე იქნებოდა საუბარი. შესაბამისად, საზოგადოებისთვის დაფარული დარჩა პასუხები ისეთ შეკითხვებზე, როგორებიცაა:

  • აადვილებს თუ ართულებს პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები რუსეთის ამოცანების, კერძოდ კონფლიქტისა და დესტაბილიზაციის კერების გაჩენის შესრულებას?
  • როგორ მოხდა, რომ საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 21 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქრთამის აღებაზე?
  • მიმდინარეობს თუ არა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოდგილის, სოსო გოგაშვილის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კორუფციასთან კავშირის საქმეების გამოძიება?
  • რამდენად ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ოპონენტების დევნას?
  • ერევა თუ არა სუს-ი საარჩევნო პროცესებში?
  • წარმოებს თუ არა კონტრდაზვერვითი საქმიანობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ ჯაშუშური საქმიანობის გამო და რატომ არ არის არავინ დაკავებული ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის?

მიიღეს თუ არა შეკითხვებზე პასუხები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა?

სალომე სამადაშვილი: "როგორც წესი ეს სხდომა იხურება ხოლმე და მერე გვესმის იგივე პასუხები რაც გვესმის საჯარო სივრცეში. ასე რომ, მე მგონია რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა იქ ნათქვამი, რაც მოითხოვდა სხდომის დახურვას. ჩვენ ვნახეთ, რომ პანკისის გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხი არ ჰქონდა სუს-ს. გადაგვამისამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით".

ნიკა მელია: "ვერც ერთ აქტუალურ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არა მარტო მე, ვერც ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და სწორედ ამას ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან სხდომის დახურვა. ვერანაირი პასუხი ვერ გამცეს, მაგალითად, სოსო გოგაშვილი როგორ გახდა მილიონერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდში. მე მინდოდა ფართო საზოგადოებას მოესმინა გიორგი ლილუაშვილის არარსებული პასუხი."

გიორგი კანდელაკი: "სინამდვილეში უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულება პარლამენტთან არის ფორმალობა და ბუტაფორია. ეს ქვეყნის პრობლემაა, დიდი პრობლემა, რომ ეს მნიშვნელოვანი სამსახური ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც არ უკავია არანაირი არჩევითი თანამდებობა. ეს თავისთავად არის დანაშაული და კანონდარღვევა. უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი. ჩვენი წინადადებაა, რომ უშიშროების სამსახური ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს. რაც შეეხება მოსმენას, წლებია დამკვიდრდა სხდომის დახურვის მავნე პრაქტიკა. დასმული შეკითხვების დიდ ნაწილს არანაირი შეხება სახელმწიფო საიდუმლოსთან არა აქვს. პასუხების ის ნაწილი, რაც კონტრდაზვერვით საქმიანობას ეხება, რა თქმა უნდა, ცივილიზებული ქვეყნების მსგავსად უნდა დახურულიყო, მაგრამ მაგალითად, რა საიდუმლოსთან შეხება შეიძლება ჰქონდეს კორუფციასთან ბრძოლას?"

აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმის წარმოება

სხდომის დახურვის მიუხედავად, ერთ-ერთი საკითხი, რომელზე განმარტებებიც მედიისთვის მაინც მოუხდა გრიგოლ ლილუაშვილს, აგენტურულ ქსელს შეეხებოდა. მისი განმარტებით, აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს, რომელთა შორის 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია. მათი ნაწილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

”მთავარი არ არის დაკავება - შეიძლება მათი განეიტრალება. მთავარია, ძირგამომთხრელი საქმიანობის და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება არ მივცეთ. ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურები არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებსაც იყენებენ. არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც საკმაოდ სპეციფიკური თემაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილმა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში ზოგადად მაღალპროფესიულ დოკუმენტად შეაფასა:

"ჯამში, მე შემიძლია გითხრათ, რომ აშკარაა ამ უწყებაში პროფესიონალიზმის ზრდა ყველა მიმართულებით. უწყება ხედავს პრობლემებს და გამოწვევებს, იგივე ტერორიზმთან ბრძოლა, იგივე კონტრდაზვერვა არ არის 21 საუკუნეში მხოლოდ ერთი სახელმწიფოს გამოწვევა, ამიტომ იქ, სადაც ჩვენი ქვეყანა აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პარტნიორად, უკვე ვხვდებით რომ ეს უწყება ნამდვილად მუშაობს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"სუს-ის 2018 წლის ანგარიში ბევრად უფრო კარგადაა შესრულებული, კარგი ანალიტიკური პროდუქტია, ვიდრე ეს იყო 2017 წელს“,- გვითხრა, თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ.

სუს-ის ანგარიშს თუ დინამიკაში შევხედავთ, უსაფრთხოების გარემო გართულებულია და ამას ეს ანგარიში ადეკვატურად ასახავს. თუმცა ამ შემთხვევაში კითხვები რჩება ეროვნულ დონეზე სახელმწიფო რას უპირისპირებს ამ გამოწვევებს. რა საფრთხეებზეცაა აპელაცია ანგარიშში ეს სუფთა ჰიბრიდული ტიპის გამოწვევებია, ჰიბრიდულ ომზეა საუბარი და ამ შემთხვევაში ეროვნულ დონეზე, სტრატეგიულ დონეზე სახელმწიფოს მიდგომები არ აქვს და მე ვფიქრობ, ეს არის დღეს მთავარი პრობლემა“,- გვითხრა თეონა აქუბარდიამ. მისი თქმით სუს-ის 2018 წლის ანგარიში წინა ანგარიშისგან განსხვავებულია ძირითადად ჰიბრიდული საფრთხეების სპექტრის გაფართოებითაა განსხვავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG