Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახიფათო აზარტული თამაშები და მოზარდები


ავტორი: ცირა გურგენიძე

რატომ თამაშობენ მოზარდები აზარტულ თამაშებს? რატომ ვერ სრულდება კანონი, რომელიც მოზარდებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს და რას მოწმობს კვლევა, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა?

„სახლში რაც გამაჩნდა ყველაფერი გავყიდე. შემდეგ ახლობლებს ვართმევდი ფულს. ეს ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებიან, ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ“, - ამბობს 21 წლის მარიამი (სახელი შეცვლილია), რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული 16 წლის ასაკში გახდა.

მარიამი ძირითადად სლოტებს (სათამაშო აპარატი) თამაშობდა. 5 ლარით დაწყებული თამაში 15-ათასლარიანი ვალით დასრულდა. ორწელიწად-ნახევარში დაგროვილ ამ ვალს ის, ჯერ ისევ იხდის.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კომპიუტერში ფილმის ყურებისას აზარტული თამაშების საიტის რეკლამას გადააწყდა. ამის მერე, დღეში 7 საათს თამაშში ატარებდა.

თამაშის დაწყების სტიმული მეგობრის „გამარჯვებამაც“ მისცა.

„მეც, პირველად 5 ლარით 300 ლარი, რომ მოვიგე, მეგონა სულ ასე გაგრძელდებოდა“, - ამბობს მარიამი.

ოჯახის წევრებს უხსნიდა, რომ ფული სწავლისთვის სჭირდებოდა. როცა მიხვდა, ყველა რესურსი ამოწურა ოჯახის წევრებს სიმართლე თავადვე უთხრა. მერე ისიც გააცნობიერა, რომ თამაშისთვის თავი უნდა დაენებებინა.

მარიამის მსგავსად, თბილისში 14-დან 18 წლამდე მოზარდების 48 % ონლაინ აზარტულ თამაშებს თამაშობს. ასაკის მატებასთან ერთად მოთამაშე მოზარდების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება, - ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა“ ჩაატარა.

2019 წლის მარტში ჩატარებულ კვლევაში თბილისის 10 სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან 55 % ბიჭი იყო, ხოლო - 45 % გოგო. აზარტულ თამაშებთან შეხება ჰქონდა გამოკითხული ბიჭების 56 %-ს, ხოლო გოგოების - 44 %-ს.

აღმოჩნდა, რომ მოზარდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამაგიდო თამაშები (ნარდი, ბურა, დომინო) (52 %) და სლოტები (43 %).

„სლოტი ყველაზე ძლიერმოქმედი იარაღია ონლაინ სამორინეების ხელში. ყველაზე მეტად სწორედ სლოტების პროპაგანდა მიდის“, - ამბობს „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი გუგა ბესელია.

რატომ არ შეიძლება დავავალდებულოთ ონლაინ სამორინეები, რომ გადაიხადონ ფული და ჰქონდეთ წვდომა საჯარო რეესტრში განთავსებულ ინფორმაციასთან იმისთვის, რომ მომავალი თაობა გადარჩეს?..
გუგა ბესელია

მას მიაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს ონლაინ სამორინეების რეგისტრაციაზე კონტროლი. რადგან კანონით აკრძალვის მიუხედავად, ნებისმიერ მოზარდს თავისუფლად შეუძლია ექაუნთის (მომხმარებლის ანგარიში) შექმნა თავისივე ან უფროსი ადამიანის პირადობის მოწმობით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ 18 წლამდე ასაკის პირთათვის მოგებიანი თამაშობის ადგილას შესვლა და ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია.

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ მოითხოვს სამორინეებმა დარეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში გადაამოწმონ და შექმნან სპეციალური განყოფილებაც, რომელიც დაადგენს ექაუნთის მფლობელები ნამდვილად სრულწლოვნები არიან თუ არა. ამ მოთხოვნით ცენტრი კანონპროექტს პარლამენტში ზაფხულამდე შეიტანს.

„რატომ არ შეიძლება დავავალდებულოთ ონლაინ სამორინეები, რომ გადაიხადონ ფული და ჰქონდეთ წვდომა საჯარო რეესტრში განთავსებულ ინფორმაციასთან იმისთვის, რომ მომავალი თაობა გადარჩეს?“ - ამბობს გუგა ბესელია.

გამოკითხული მოზარდები ამბობენ, რომ ონლაინ სამორინეების შესახებ ინფორმაციას ერთდროულად რამოდენიმე სარეკლამო არხიდან იღებენ, თუმცა ლიდერობს ინტერნეტ რეკლამა (75%) და მობილურით მიღებული შეტყობინებები (54%) და ბილბორდები (47%).

გუგა ბესელია სამორინეების აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონპროექტით მათ შეზღუდვასაც მოითხოვენ.

კვლევის შედეგების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვა და დასაშვები ასაკობრივი ზღვარის ცვლილებაც.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

"ჩვენ ორი კვირის წინ დავაფიქსირეთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მათ შორის რეკლამის ნაწილში. უახლოეს მომავალში ინიცირებული იქნება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით, თუმცა რეკლამის მიღმაც საჭიროა ისეთი რეგულაციების ამოქმედება, რომლებიც მაქსიმალურად შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში, საუბარია ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზეც. ამ ყველაფერზე პარლამენტი იმუშავებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში შემუშავდება კანონპროექტი", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუგა ბესელიას თქმით, საქართველოში 500 000 ექაუნთია რეგისტრირებული, რომელთაგან 150 000-მდე ადამიანი ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული). ის ახლა ონლაინ სამორინეების სრულად გათიშვას შეუძლებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ სრულ გათიშვაზე ფიქრი მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობის შემთხვევაში შეიძლება.

მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ სოციალურ ქსელში საინფორმაციო კამპანიის - „დაიცავი შენი შვილი“ - დაწყებასაც გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG