Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელი სერბი, რომელიც იბრძვის, რომ „ყველაფერი რუსეთი გახდეს“


ბოზიჩი… ან ველიმიროვიჩი… „საშა მუსიკოსი“ Telegram-ზე.
ბოზიჩი… ან ველიმიროვიჩი… „საშა მუსიკოსი“ Telegram-ზე.

კითხვაზე, უკრავს თუ არა ვიოლინოს, „მუსიკოსი საშა“ ისეთ პასუხს სცემს, რომელიც ერთდროულად ყველაფერსაც ამბობს და, ამავე დროს, არაფერს.

„საშას“ ვიდეოჩეტის დროს სახეზე ბალაკლავა აქვს გადაცმული. ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში მუდამ ვიოლინოს გამოსახულებას ათავსებს ხოლმე, რათა პატივი მიაგოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, კრემლისათვის მებრძოლ სასტიკ ჯგუფს, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი კომპოზიტორის სახელი ჰქვია.

43 წლის ბოსნიელი სერბი ამით ერთგულებას უცხადებს „რუსულ გზას“. „რუსეთთნ ახლოს ვარ დაკავშირებული. ჩემში ყველაფერი რუსულია“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს. „კი, რუსეთის მხარეს ვარ. სახლში მაშინ დავბრუნდები, როდესაც საქმე დასრულებული იქნება და ყველაფერი რუსული იქნება. ყველაფერი“.

რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახური მას რამდენჯერმე ესაუბრა სხვადასხვა სოციალური მედიის მეშვეობით. „საშა“ გულგრილად ლაპარაკობს რუსეთის მხარეს ბრძოლაზე („რატომაც არა?”) და ამბობს, რომ რუსეთის გაფართოების მომხრეა უკრაინიდან ბოსნიამდე. რუსულ სოციალ ქსელში „ვკონტაკტე“ ის ხშირად ათავსებს ნიღბიანი ჯარისკაცების ფოტოებს და აჩვენებს საკვებსა და საჭირო ნივთებს, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვისაა განკუთვნილი.

ბოსნიის უშიშროებამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მუსიკოსი“ საშა ერთ-ერთია ბოსნიის იმ შვიდ მოქალაქეს შორის, რომლებიც უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის ომში დასახმარებლად არალეგალურად ჩავიდნენ.

შეცვლილი იდენტობა

ბოსნიის უშიშროების წყაროების მიხედვით „მუსიკოსი“ საშა 43 წლის ბოსნიელი სერბი ლიუბიჩა ბოზიჩია, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ სახელი შეიცვალა და ალეკსანდარ ველიმიროვიჩი გახდა. უშიშროებაში მომუშავე ორი ანონიმური წყარო ამბობს, რომ ველიმიროვიჩი უკრაინაში 2022 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

თავად ველიმიროვიჩი არ ადასტურებს, რომ უკრაინაში ყოფილა უახლოეს წარსულში, თუმცა ამას მაინცდამაინც არც უარყოფს. ამბობს, რომ მისი საქმე რუსი სამხედროებისთვის სურსათისა და მედიკამენტების მიწოდებაა და ბრძოლის ველზე არ ყოფილა. სოციალური მედიის მის გვერდებზე გამოქვეყნებული მებრძოლთა ფოტოები კი არაფერს ნიშნავს და ისინი იქ შემთხვევით აღმოჩნდა.

„ბოსნიაში მაშინ დავბრუნდები, როდესაც ჩვენ შორის საზღვარი აღარ იქნება“, - ამბობს ის.

ველიმიროვიჩმა ეს ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ველიმიროვიჩმა ეს ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

კრიმინალური წარსული

ბოსნიაში ცხოვრების დროს ველიმიროვიჩი მუდამ ექცეოდა პოლიციის ყურადღების ქვეშ. 2010 წელს ის ადამიანის გატაცებისთვის გაასამართლეს, 2016 წელს კი - ქალაქ ბანია ლუკას მეჩეთთან მუსლიმების შეურაცხყოფისთვის. 2020 წელს ის სარაევოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბოსნიამ ის სერბეთის რესპუბლიკას გადასცა, რომელმაც გაათავისუფლა, რადგან ვერ გაარკვია, თუ კონკრეტულად რაში ედებოდა ბრალი. როგორც ჩანს, ამაში როლი სახელის ცვლილებამაც ითამაშა.

შემდეგ ის ბოსნიის უშიშროებამაც დაკითხა. ცდილობდნენ დაედგინათ, იღებდა თუ არა მონაწილეობას საზღვარგარეთ მიმდინარე კონფლიქტებში, თუმცა მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა.

სანდო წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ველიმიროვიჩი რუსეთში „ვაგნერში“ გაწევრიანდა და ახლა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, თუმცა ამის დამოუკიდებლად დადასტურება რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო.

„სულელი არა ვარ. ახლა სახლში რომ დავბრუნდე, უამრავ შეკითხვას დამისვამენ“, - გვითხრა ველიმიროვიჩმა.

ფოტო ლუბისა ბოზიჩის ფეისბუკიდან. 2017 წ. (მარცხნივ). და ალესკანდარ ველიმიროვიჩის ფოტო, გამოქვეყნდა "საშა მუსიკოსის" პროფილზე 2023 წელს.
ფოტო ლუბისა ბოზიჩის ფეისბუკიდან. 2017 წ. (მარცხნივ). და ალესკანდარ ველიმიროვიჩის ფოტო, გამოქვეყნდა "საშა მუსიკოსის" პროფილზე 2023 წელს.

რუსეთისთვის მებრძოლი ბოსნიელი სერბები

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში.

"ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

უცნობია, თუ ზუსტად რამდენი ბალკანელი იბრძვის უკრაინაში. ბოსნიის კანონმდებლობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს უცხო ქვეყნის ჯარში მსახურებას უკრძალავს.

ბოსნიის პროკურატურა აცხადებს, რომ ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს შვიდი მოქალაქის მიმართ, რომელთაც რუსეთის ჯარში მსახურება ედებათ ბრალად. ოფიციალურად არ ადასტურებენ, შედის თუ არა ამ შვიდში ველიმიროვიჩი.

უკრაინის უშიშროების ცნობით, 2014 წლის შემდეგ ასობით სერბს მიუღია მონაწილეობა რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხარეს ბრძოლაში. უმეტეს შემთხვევებში მათ ამისთვის არავინ დევნის, მხოლოდ რამდენიმემ მიიღო მსუბუქი სასჯელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG