Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი გავრილოვის ბიოგრაფია


სერგეი გავრილოვის ვიზიტმა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისმა გამოჩენამ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია. გთავაზობთ რუსეთის დუმის დეპუტატის მოკლე ბიოგრაფიას:

სერგეი გავრილოვი დაიბადა 1966 წლის 27 იანვარს. ტულაში. დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკური ეკონომიკის სპეციალობით. არის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მუშაობდა ფინანსურ ორგანიზაციებში მრჩევლად. არის რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრი. რუსეთის დუმაში სწორედამ პარტიიდან მოხვდა. ასევე ის არის ფრაქციათაშორისი ჯგუფის კოორდინატორი ქრისტიანული ფასეულობების დაცვის კუთხით. დაჯილდოებულია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

სერგეი გავრილოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. 2008 წლის 25 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატებიდან წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, მხოლოდ დუმის სამმა წევრმა შეიკავა თავი კენჭისყრაში მონაწილეობისგან. სერგეი გავრილოვი ერთ-ერთია იმ 447 დეპუტატს შორის, ვისაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხივალის რეგიონის დამოუკიდებლობელ ქვეყნებად აღიარებაზე.

“ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უკვე ისტორიაა. ახლა საჭიროა დიალოგი. ჩემი აზრით, კავკასიის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და თანასწორობაა. ამისთვის საჭიროა რომ პარლამენტარებმა რუსეთიდან და საქართველოდან უნდა აღადგინონ ურთიერთობები. ჩვენ ვაღიარეთ ოსეთიც და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად. ეს იყო ისტორიული მომენტი. ახლა ამ ახალი რეალობის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები. სწორედ ამისთვის ჩამოვდივართ საქართველოში. გვინდა ვისაუბროთ საერთო ამოცანებზე და ყველაფერზე რაც გვაერთიანებს”, – თქვა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, სერგეი გავრილოვი მონაწილეობდა აფხაზეთის ომშიც საქართველოს წინააღმდეგ. ასევე, იმყოფებოდა სხვა ცხელ წერტილებში – დნესტრისპირეთსა და კოსოვოში და აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საწინააღმდეგო კამპანიის მედროშედ. კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვთან ერთად ერაყის როგორც პირველი, ასევე მეორე ომის დროს იმყოფებოდა ბაღდადში და აქტიურად უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს.

ღია წყაროებში გავრილოვის აფხაზეთის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ჩანაწერები არ იძებნება. ​

რუს კომუნისტ დეპუტატს ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG