Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა - რა პრობლემებზე საუბრობენ გლეხები


პროექტზე მუშაობა კი 2013 წელს დაიწყო და სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა.
პროექტზე მუშაობა კი 2013 წელს დაიწყო და სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა. დანადგარები რაკეტებით შეივსო. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში ამბობენ, რომ სისტემა უზრუნველყოფს 600 000-მდე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვას, თუმცა გლეხები და ოპოზიციური პარტიები გასულ წლებს იხსენებენ, როდესაც, სისტემის მუშაობის მიუხედავად, ასობით ფერმერი დაზარალდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში განაცხადეს, რომ პირველი აპრილიდან 24-საათიან სამუშაო რეჟიმშია რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში განთავსებული 85 სარაკეტო გამშვები დანადგარი და მთავარი მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ვიდრე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდებოდა, კახეთში საშუალოდ წელიწადში ზიანდებოდა 40-დან 50 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ახლა კი დაზიანების მაჩვენებელი შემცირებულია 8-ჯერ და არის 2 200 ჰექტრამდე...
ნუგზარ კვესელავა

როგორც ცენტრის სპეციალისტმა ნუგზარ კვესელავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, წარმატებით ჩატარდა წინასასეზონო ტექნიკური სამუშაოები, მოხდა გამშვები დანადგარების ტესტირება, მომზადება და სეტყვის საწინააღდეგო რაკეტებით შევსება. კვესელავა ამბობს, რომ სისტემა უზრუნველყოფს 600 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვას 85-დან 95-პროცენტიანი მაჩვენებლით:

„სარაკეტო გამშვები დანადგარები საბრძოლო მდგომარეობაშია. ახლა მიდის გარემოზე 24-საათიანი დაკვირვება. ეს სამუშაო გრძელდება 2019 წლის ოქტომბრის ბოლომდე. ვიდრე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდებოდა, კახეთში საშუალოდ წელიწადში ზიანდებოდა 40-დან 50 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ახლა კი დაზიანების მაჩვენებელი შემცირებულია 8-ჯერ და არის 2 200 ჰექტრამდე“.

მიუხედავად იმისა, რომ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2015 წლიდან მუშაობს, რეგიონში ყოველწლიურად ასობით ფერმერი ზარალდება სტიქიისგან. მაგალითად, 2018 წლის სექტემბერში სეტყვამ სამი მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. განადგურდა ყურძენი, ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები. დაზარალებულმა გლეხებმა მაშინვე დასვეს შეკითხვა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მუშაობასთან დაკავშირებით.

გასულ წელს სეტყვა გახდა რთვლის ვადაზე ადრე დაწყების მიზეზი ახმეტაში. ადგილობრივი გიორგი პავლიაშვილი 40 ტონამდე მოსავალს ელოდებოდა, თუმცა სეტყვის შემდეგ მხოლოდ ერთი ტონა მოკრიფა, დაზიანებული ყურძენი კი 50 თეთრად ჩააბარა.

მოსახლეობის გარდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების არაეფექტურობაზე კახეთში ოპოზიციაც ლაპარაკობს. პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ბაბაკიშვილი ამბობს, რომ გასულ წელს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ვერც პირადად მისი მოსავალი დაიცვა სტიქიისგან, შესაბამისად, აინტერესებს, რაში იხარჯება დიდი ოდენობით თანხები, თუკი შედეგი არ არის:

ვენახები დამესეტყვა. ვერაფერი ვერ ვუშველე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის გასროლა. ამიტომ უნდა გაისროლონ, როცა საჭიროა, რათა ვენახები არ დაზიანდეს...
გიორგი ბაბაკიშვილი

„წელს რა იქნება, უნდა დაველოდოთ... თუ ისე წავიდა სიტუაცია, როგორც წინა წლებში, არ ვიცი. მაშინ შედეგი არ ჰქონდა. პირადად მე ვენახები დამესეტყვა. ვერაფერი ვერ ვუშველე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის გასროლა. ამიტომ უნდა გაისროლონ, როცა საჭიროა, რათა ვენახები არ დაზიანდეს“.

პრეტენზიების მიუხედავად, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში ამბობენ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და გაცილებით ნაკლებია ზარალი, ვიდრე იყო დანადგარების დამონტაჟებამდე. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოში, დაახლოებით, 27 წლის წინ შეწყვიტა არსებობა, ახალ პროექტზე მუშაობა კი 2013 წელს დაიწყო და სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ძირითადი ინფრასტრუქტურა კახეთშია, თუმცა მართვა ავტომატიზებულ რეჟიმში ხდება დედაქალაქიდან. სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG