Accessibility links

სექსმუშაკები და მოძალადე პოლიციელები


„წითელი ქოლგების მარში“ - სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში. 2014 წელი

მანანა (სახელი შეცვლილია) 49 წლისაა. ის სექსმუშაკია. მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევის შემდეგ სამი შვილით ქუჩაში დარჩენილი, სექსმუშაკობით ირჩენს თავს. ორი უფროსი შვილი დაოჯახებულია, მესამე შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სექსმუშაკად მუშაობს, უკვე რამდენიმე წელია. ოჯახის წევრებს თავისი საქმიანობის ამბავს უმალავს: “სულ ვაკონტროლებ, ვიყურები, სადმე ნაცნობმა არ დამინახოს... იმდენჯერ დავმალულვარ..."

დროდადრო თურქეთშიც მიდის. მანანა ამბობს, რომ მის საქმეს ყოველდღიური შეურაცხყოფა და დამცირება მოაქვს, ყველაზე ხშირად კი სამართალდამცავების მხრიდან:

Direct link

„მუშაობის საშუალებას არ გაძლევენ. რომ ეტყვი, რატომ არ შეიძლება, ისეთს ხომ არაფერს ვაშავებ, მერე ჯარიმას ვერ გიწერენ და წერენ, რომ შეეპასუხე და გიწერენ 400-ლარიან ჯარიმას დაუმორჩილებლობაზე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურცხყოფას გვაყენებენ, გვაფურთხებენ, წყალს გვასხამენ, ბოთლებს გვესვრიან თანამშრომლები, გვაგინებენ. ერთი პერიოდი იყო, - ახლა იმდენად აღარ, - „დუბინკებით“ გვცემდნენ ხოლმე. პირადად მეც მქონია ეგეთი შემთხვევა დიდუბის რაიონში წერეთლის პოლიციასთან. იმ ადგილის გარდა სხვაგან რომ შეგხვდებიან, იქაც გამცირებენ. ჩემს შვილთან ერთად ვიყავი ერთხელ და ისეთი რაღაცები მომაძახა, ბედი იყო, რომ ჩემი შვილი მიტრიალებული იყო, რაღაცას აფასებინებდა გამყიდველს და ვერ გაიგო. ხელი დამირტყა საათზე, „რა დროს აქ ყოფნააო, სამსახურში არ უნდა იყო ახლაო?!“- სიკვდილი გავათავე. არაფერს არ ერიდებიან“.

თხოვნა და შემოთავაზება არ არის, მოაყენებენ პირდაპირ მანქანას და გეტყვიან: „დაჯექი, დაჯექი ჩქარა, გავალთ და მოვალთ“. არც გეკითხება, წაჰყვები - არ წაჰყვები, გინდა - არ გინდა, ამას არც გეკითხებიან...

მანანას თქმით, ხშირია პოლიციელების მხრიდან გამოძალვის შემთხვევები:

„თუ გინდა გამუშაონ, სიგარეტი უნდა უყიდო ან უფასოდ მოემსახურო, საჭმელი უყიდო, ხაჭაპური. თხოვნა და შემოთავაზება არ არის, მოაყენებენ პირდაპირ მანქანას და გეტყვიან: „დაჯექი, დაჯექი ჩქარა, გავალთ და მოვალთ“. არც გეკითხება, წაჰყვები - არ წაჰყვები, გინდა - არ გინდა, ამას არც გეკითხებიან“.

მანანა ამბობს, რომ რიგითი პატრულები იშვიათად, უფრო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, უფორმო თანამშრომლები ავიწროებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ლალი (სახელი შეცვლილია) 42 წლისაა, 5 შვილის დედა. საქმიანობა - სექსმუშაკი. ბოლო ერთი თვეა, არ მუშაობს. სამართალდამცავების დაუმორჩილებლობის გამო იმდენჯერ დააჯარიმეს, ვალები დაუგროვდა. თავის ჩვეულ სამუშაო ადგილას ვერ ჩნდება. ეშინია, რომ პოლიციელები ისევ დააკავებენ:

ლალი (სახელი შეცვლილია), 42 წლის სექსმუშაკი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:29 0:00
Direct link

„ვერც ვლაპარაკობ, მრცხვენია. ადამიანს გაგებულიც კი არ ექნება ის, რასაც ჩვენ ვიტანთ. „დუბინკები“, სახლთან მოსვლა და ძახილი, უფასო მომსახურება, თანამშრომლობის იძულება. თუ ითანამშრომლებ და ხასიათზეა, მაშინ დაგაყენებენ და თუ ჯიბრში ჩაგიდგნენ, მტრისას, შეიძლება ისეთი რაღაცები დაგიძახონ, შოკში ჩავარდე ადამიანი“.

სექსმუშაკები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თითქმის არასდროს მიმართავენ. ეშინიათ, რომ მათ მიმართვას სათანადო რეაგირება არ მოჰყვება, არავინ დაიცავს და მერე ისევ მოძალადე პოლიციელების პირისპირ აღმოჩნდებიან დაუცველები.

რადიო თავისუფლებას შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ერთი გამოვლენილი ან დასჯილი სამართალდამცავი მაინც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა ლაშა კლდიაშვილმა უპასუხა, რომ გენინსპექციაში განცხადება ან ზარი ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიცაა 126, არც ერთი შეტყობინება, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყებოდა, არ ფიქსირდება.

კლიენტები და, მათ შორის, სამართალდამცავები ხშირად ფსიქოლოგიურად ძალადობენ ან აშანტაჟებენ სექსმუშაკებს ინტერნეტის საშუალებით მათი პერსონალური მონაცემების თუ ფოტოს გავრცელების მუქარით...

„პირობას გაძლევთ, რომ არც ერთი მომართვა რეაგირების გარეშე არ დარჩება, ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - უპასუხა შეკითხვას გენინსპექციის წარმომადგენელმა შეხვედრაზე, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ იყო ორგანიზებული.

თუმცა, როგორც საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს, სამინისტრო სტატისტიკას არ ფლობს სამართალდამცავთა მხრიდან სექსმუშაკების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე არა იმიტომ, რომ მიმართვიანობა არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის დამუშავება არ ხდება, ისევე როგორც სამინისტრო არ ამუშავებს სტატისტიკას კლიენტის მხრიდან სექსმუშაკზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ.

იმავე შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გოგა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ თემის წარმომადგენლების მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში მიმართვა არ ყოფილა, თუმცა ის მართებულად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნას, რომ სამინისტრო პროაქტიულად უნდა ჩაერიოს მსგავსი ფაქტების გამოვლენაში.

პროსტიტუციის ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევის გამო აჯარიმებენ სექსმუშაკებს. ამგვარი ჯარიმის ოდენობა რამდენიმე ასეულ ლარს შეადგენ (250 ლარიდან 2 000 ლარამდე), რასაც სექსმუშაკები ხშირ შემთხვევაში ვერ იხდიან...

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი) ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, სექსმუშაკები რეგულარულად განიცდიან პოლიციელთა მხრიდან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობასა და იძულებას.

პრობლემას წარმოადგენს სექსმუშაკთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე წარმოებული გამოძიების საკითხიც. პროსტიტუციის ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევის გამო აჯარიმებენ სექსმუშაკებს. ამგვარი ჯარიმის ოდენობა რამდენიმე ასეულ ლარს შეადგენ (250 ლარიდან 2 000 ლარამდე), რასაც სექსმუშაკები ხშირ შემთხვევაში ვერ იხდიან.

პროსტიტუციის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მწირ განმარტებას შეიცავს - მუხლი მხოლოდ ადგენს პასუხისმგებლობას პროსტიტუციისთვის, მაგრამ არ განმარტავს, რა სახის ქმედება მიიჩნევა პროსტიტუციად. ამ მუხლით წარმოებული საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ, სექსმუშაკ ქალთა შორის პროსტიტუციის გამოვლენის მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში გვხვდება - 2015 წელს თბილისში 41 პირი დააჯარიმეს. შემდეგ მოდის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც 2013 წელს 19 შემთხვევაა აღრიცხული.

2007-2017 წლებში პროსტიტუციის მუხლით (სასკ-ის 172-ე მუხლი) მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს აქვს საქმე განხილული, დანარჩენ სასამართლოებს ამ მუხლით საქმე არ განუხილავთ.

რატომ არ მიმართავენ სექსუშაკები სამართალდამცავებს?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ დეკანოსიძე, რომელიც ერთ-ერთი ავტორია კვლევისა „გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები“, განმარტავს, რომ სექსმუშაკებს არ აქვთ ნდობა სამართალდამცავების მიმართ, ასევე შიშობენ, რომ სამართლებრივი საშუალებების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსი შეიძლება გამჟღავნდეს. ეს განპირობებულია, ერთი მხრივ, იმით, რომ პოლიცია მათ უმეტესწილად ევლინებათ მოძალადედ და არა მათი უფლებების დამცველად; მეორე მხრივ კი, შიშობენ არ გამოვლინდეს პროსტიტუციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაული (მაგალითად, პროსტიტუციისთვის ფართის დათმობის ფაქტი).

კლიენტები და, მათ შორის, სამართალდამცავები ხშირად ფსიქოლოგიურად ძალადობენ ან აშანტაჟებენ სექსმუშაკებს ინტერნეტის საშუალებით მათი პერსონალური მონაცემების თუ ფოტოს გავრცელების მუქარით.

კვლევამ გამოავლინა, რომ სექსმუშაკი ქალები ერთ-ერთი ყველაზე სტიგმატიზებული და მარგინალიზებული ჯგუფია. ეს კი მათ აიძულებს იმუშაონ და იარსებონ ფარულად და საფრთხის შემცველ გარემოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG