Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალური ძალადობა ტაძარში


”დიდება ღმერთს!” (Grâce à Dieu საფრანგეთი, რეჟისორი ფრანსუა ოზონი)

  • მაშ თქვენ იცოდით, რომ იგი პედოფილია და მაინც აძლევდით ბავშვებთან მუშაობის უფლებას?
  • ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვას ნუ ახსენებთ. კათოლიკურ ეკლესიაში ამ სიტყვას არ ვიყენებთ.
    დიალოგი ფილმიდან

2016 წელს ლიონის კათოლიკური ტაძრის მღვდლის, ბერნარ პრეინას, წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა - ”მამაოს” არასრულწლოვანი ბიჭების გარყვნაში დასდეს ბრალი. სასამართლო პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო, როცა ფრანსუა ოზონმა გადაწყვიტა კინოეკრანზე გადაეტანა ეს ამბავი. წელს ბერლინის ფესტივალზე შედგა პრემიერა ოზონის ფილმისა ”დიდება ღმერთს!” (უფრო სწორი იქნებოდა, ალბათ, ”დიდება უფალს!”), რომელიც ”ბერლინალეს” ერთ-ერთი მთავარი პრიზით, ”ვერცხლის დათვით”, აღინიშნა. დიდ კინოფორუმებზე ფრანსუა ოზონს, კარგა ხანია, არ აჯილდოებენ. შეიძლება ითქვას, რომ ფრანგი რეჟისორი, რომელმაც ხმაურით დაიწყო თავისი კარიერა, კინოს სამყაროში კარგა მაგრად მობეზრდათ. მაგრამ ”დიდება ღმერთს” სრულიად მოულოდნელი ფილმი აღმოჩნდა - ოზონმა, ფაქტობრივად, პირველად გამოავლინა თავი, როგორც კინოპუბლიცისტმა, როგორც პოლიტიკური კინოს ოსტატმა. სხვა საქმეა, როგორ გაართვა თავი ამოცანას, რამდენად ააღელვა რეალურად ბერნარ პრეინას ამბავმა. ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც არა. ოზონმა შემოგვთავაზა ძალიან ტრადიციული კინო, რაღაცნაირი გამომწვევი აკადემიზმით, ერთი მხრივ, გასული საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა ფილმებს რომ გვახსენებს, მეორე მხრივ, - „ეპისტოლარულ ჟანრში“ გადაღებულ ფრანგულ სურათებს, რომლებიც საკმაოდ ვნახეთ ასევე გასულ საუკუნეში.

შეიძლება საერთოდ აღარც მიგვექცია ყურადღება ფრანსუა ოზონისთვის და ეს ”დიდება ღმერთს” დაკარგულიყო 2019 წლის კარგ კინოპროდუქციაში, რომ არა ამბები, რომლებიც ჩვენს ეკლესიაში დატრიალდა - არა ფრანგულ, კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც პედოფილიასთან დაკავშირებული სკანდალები უწინაც ახსოვს, არამედ აქ, ჩვენთან. აგერ, ადამიანები ლაპარაკობენ სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სასულიერო პირებისგან განიცდიდნენ. საოცარ ისტორიებს გვიამბობენ. აგერ, აღმოჩნდა, რომ პრეინას მსგავსი მღვდლები ჩვენც გვყოლია, ქართულ ეკლესიაში, თუმცა ამაზე მსჯელობისას უხერხულობისგან ისევ ვწითლდებით. ჩვენ ჯერ არ გვყავს ჩვენი ფრანსუა ოზონი.

ამაზე მსჯელობას, როგორც ჩანს, საფრანგეთშიც ერიდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, იქაც კათოლიკური ეკლესია კარგა ხანს დახურული იყო ასეთი თემებისთვის. მაგრამ ფრანსუა ოზონის ფილმის გმირმა, ალექსანდრემ, ხუთი შვილის მამამ, სანიმუშო მეუღლემ და, რაც მთავარია, სანიმუშო კათოლიკემ (ასეთი ხალხი თუ არსებობდა დღეს დასავლეთ ევროპაში, უკვე აღარ მჯეროდა) აღმოაჩინა, რომ მღვდელი ბერნარ პრეინა, რომელმაც მრავალი წლის წინ მასზე სექსუალურად იძალადა, ისევ ქადაგებს. მას მრევლში ისევ ჰყავს არასრულწლოვანი ბიჭები, ისევ ფლობს ძალაუფლებას. ალექსანდრეს სხვებიც უერთდებიან - ფრანსუა და ემანუელი. პრეინამ მათზეც იძალადა. ოზონის ძველ ფილმებს თუ გაიხსენებთ, იფიქრებთ, რომ რეჟისორი, რომელსაც ერთ დროს „ფრანგი ფასბინდერიც“ კი უწოდეს, გამოიკვლევს მეტისმეტად სათუთ, თითქმის ტაბუდადებულ თემას ( „მი თუს“ კამპანიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანს), ბიჭების დაუცველობას, მათი სხეულის სიფაქიზეს სექსუალური მომწიფების პერიოდში. პატრიარქალური კულტურა პატარა ბიჭებს ტირილს უკრძალავს. „გოგო ხომ არა ხარ, რა გატირებს?“... ამას ყველგან, მათ შორის საფრანგეთშიც გაიგონებთ. ყმაწვილი, ბიჭი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ისევე მალავს თავისი ღირსების შელახვას, როგორც გოგონა. მაგრამ მას წართმეული აქვს არა მარტო უფლება აღიაროს ეს, მას წართმეული აქვს ტირილის უფლებაც კი. ფაქტობრივად, მას წართმეული აქვს უფლება თავის თავთან მაინც აღიაროს, რომ იგი გააუპატიურეს. თანაც, ვინ გააუპატიურა?! სულიერმა მამამ. მღვდელმა, რომელსაც ეს პატარა ბიჭი აღსარებას აბარებდა.

მაგრამ ფრანსუა ოზონს ეს თემა, ახალგაზრდა ყმაწვილის ბუნებრივი დაუცველობა მოძალადე უფროსების წინაშე ნაკლებად აღელვებს. ოზონი იღებს ანტიკლერიკალურ ფილმს. მისი მიზანი საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის მხილებაა. თუკი ეკლესია, ამხელა ინსტიტუტი, ასეთი მდიდარი ინსტიტუტი მალავს პედოფილიის ფაქტებს და ბავშვებზე ძალადობას „ეკლესიის საშინაო საქმედ“ მიიჩნევს, უნდა გასამართლდნენ არა მარტო მღვდლები, უნდა გასამართლდეს მთლიანად ეს ინსტიტუტი.

აქ, ამ სივრცეში, სიტყვა „პედოფილს“ ვირეშმაკურად ცვლიან სიტყვით „ჰომოსექსუალი“, იმ აზრით, რომ ყველა ჰომოსექსუალი პედოფილია და თუკი ჰომოსექსუალობა კრიმინალი არ არის, მაშ რატომ უნდა ვაღიაროთ დანაშაულად პედოფილია?... თუმცა არა, ამ სიტყვას კათოლიკურ ეკლესიაში არ იყენებენ. მღვდელი-პედოფილი ოზონის ფილმში არც უარყოფს თავის ქცევას წარსულში და უკვირს, რატომ ატყდა ასეთი ამბავი მის გარშემო. პედოფილი მღვდლების ქცევას, როგორც ჩანს, შეეჩვია მთელი საფრანგეთი. ამიტომ ეკლესიასთან ერთად ფრანსუა ოზონის მხილების ობიქტი სწორედ ფრანგული საზოგადოება ხდება. რატომ არ უნდა აღელვებდეს მას ყველაფერი, რაც ხდება ეკლესიაში? იმიტომ რომ ამ ინსტიტუტს ისედაც დისკრედიტირებულად მიიჩნევს, თუ იმიტომ რომ უფრთხილდება ეკლესიის ავტორიტეტს?

ამ კითხვაში იბადება პასუხი სხვა კითხვაზე - რატომ არ გვყავს ჩვენი ფრანსუა ოზონი, რომელიც გაბედავდა და აღწერდა ვითარებას ქართულ ეკლესიაში, გვეტყოდა, რამდენად მართალია ეს ხმები სექსუალურ ძალადობაზე ჩვენს ტაძრებში, რატომ არის მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაკეტილი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო სახლები? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს სულიერი საყრდენის დაკარგვის ეშინიათ?

ფრანსუა ოზონის ფილმი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მისი მოქმედება რეალურ დროსა და სივრცეში ხდება (პედოფილი მღვდლების სასამართლო პროცესი დასრულებული არ იყო, როცა ბერლინის ფესტივალზე ფილმის პრემიერა შედგა). მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, უფრო სხვა მხრივაა საინტერესო: ოზონი შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ინიციატივა, როცა საქმე ეხება დახურულ ინსტიტუტებს. მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როცა ლაპარაკია პოპულარობით მეორე (დღეს უკვე არა პირველი, არამედ მეორე) ინსტიტუტის, ეკლესიის, შესახებ. და რაც უფრო მეტად დაიხურება ეს სივრცე, რაც უფრო ხშირად გაგვიმეორებენ, „ნუ ერევით ეკლესიის შიდა საქმეებშიო“, მით უფრო გაჩნდება ეჭვი, რომ დიახაც, შესაძლებელია ამ სივრცეში ბავშვებზე ძალადობდნენ. დიახაც, შესაძლებელია ტაძარი, როგორც თავად ამბობენ, „ სოდომიის ბუდედ“ გადაიქცეს - თანაც, ისე „ვირეშმაკურად“, რომ სხვას დააბრალონ იგივე, რასაც თავად აკეთებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG