Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე - აფხაზეთიდან დევნილი, 16 წლის ასაკში რომ გავიარე გოლგოთა, დღეს მზად ვარ იმისთვის, რომ ჩავეხუტო ჩემს აფხაზ ძმებს, ჩემს ოს ძმებს..."


სვეტლანა ჩხვიმიანი და შორენა გოროზია
სვეტლანა ჩხვიმიანი და შორენა გოროზია

„მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო...“, - იხსენებს რადიო თავისუფლების ეთერში სვეტლანა ჩხვიმიანი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც 16 წლისამ ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა მშობლიური სახლი სოფელ განახლებაში და ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგა. დღეს სვეტლანა ჩხვიმიანმა მიაგნო გზას, როგორ მოუყაროს თავი აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან დევნილებთა მეხსიერებას. მან გვერდში ამოიყენა ასევე განახლებელი, შორენა გოროზია და ორივენი ერთად ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩართონ საგანგებოდ შექმნილი ვებსაიტის ganakhleba.ge-ს გაფართოებაში.

იდეის - „აქ ჩემი სახლია“ და ganaxleba.ge-ს ავტორი, სვეტლანა ჩხვიმიანი ყვება:

„სოფელი განახლება ამჟამად აღარ არსებობს. გარდა იმისა, რომ არ არსებობს იქ დასახლება და მოსახლეობა - ტყედ არის ქცეული, იურიდიულადაც აღარ არსებობს და ქვია „აძიძაკუარა“. ეს არ არის ჩემთვის უმნიშვნელო თემა. ძალიან ფაქიზი თემაა და დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლებოდა იმის დადასტურება, რომ მე ნამდვილად განახლებელი ვარ და ამ ფიქრმა მიმიყვანა ამ პროექტამდე, რომელსაც ganakhleba.ge ქვია“.

სვეტლანა ჩხვიმიანი ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ არ დაარქვა პროექტს განახლება, რომ მისი მშობლიური სოფელის სახელია, არამედ იმიტომაც, რომ ამ გზით ცდილობს ინფორმაციის განახლებას იმ მოცემულობით, რითაც დევნილებმა თავიანთი სახლები დატოვეს.

შორენა გოროზია იხსენებს:

„როგორც კი სვეტამ დამირეკა, არ დავფიქრებულვარ, ეგრევე დავთანხმდი. მანამდეც ვფიქრობდი აფხაზეთზე, მაგრამ ეს უკვე საქმე იყო. ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს საქართველოს წინაშე, სხვანაირად ვიტყვი - ჩემი შვილის წინაშე. ის ყოველთვის მეკითხება - დედიკო, საიდან ხარ? სულ განახლებასა და აფხაზეთს რომ იძახი, სად არის ეს აფხაზეთი და განახლება? 6 წლისაა ჩემი შვილი და უკვე მისვამს ამ კითხვებს“.

სვეტლანა ჩხვიმიანი გვიხსნის, რომ ganakhleba.ge-ზე მთავარი რუკაა, რომელზეც შესაძლებელია ობიექტების დატანა:

„ვერც სახლებს ვუწოდებთ, ვერც ობიექტებს. ბევრგან არც აღარაფერია დარჩენილი. ეს არის გზამკვლევი რუკა მომავალი თაობისთვის. ჩვენს თაობასაც არ აწყენს. ვსწავლობდი განახლებაში და სკოლა-სახლით შემოვიფარგლებდოი. სოხუმში ვარ რამდენჯერმე ნამყოფი. არ ვარ კომპეტენტური მთლიანად აფხაზეთის ან სამაჩაბლოს საკითხში.

ჩვენ შევქმენით ჩონჩხი, სისტემა, რომელშიც შეიძლება ერთობლივი მუშაობა. მაგალითად, ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. „გუგლის“ რუკა ავიღეთ სარჩულად. თითოეული სოფლის მონიშვნა ხდება კონტურულად. ინფორმაციის აღსადგენად ვეძებთ მაშინდელი სოფსაბჭოების თავმჯდომარეებს, სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს და ა.შ. და ისინი გვაწვდიან ინფორმაციას. ერთ ქუჩაზე ერთ წერტილს რომ მოვნიშნავთ, მერე ხომ იოლია იმის გაგება, გვერდით ვინ ცხოვრობდა? ისე გაწაფული მაქვს თვალი, კარგად ვარჩევ ობიექტებს მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ნასახლარია მხოლოდ, ძალიან ცუდად ჩანს ან ტყის მასივით არის დაფარული. ბევრს ამოცნობა არ შეუძლია.

პირადად მივდივარ ხოლმე ოჯახში. ერთად მოვნიშნავთ ამ ობიექტებს და შემდეგ ინფორმაციას, რაც ამ ოჯახს თვითონ უნდა, რომ მომავალ თაობას დაუტოვონ: ვინ ცხოვრობდა, მამა-პაპა სად ჰყავთ დაკრძალული, რომელი წლიდან შეიძინეს ეს სახლი და ამით ვადასტურებთ, რომ აქ ჩემი სახლია და ვერც ერთი მხარე ვერ უარყოფს, რომ ეს რეალობაა, რომ მე იქ დავიბადე და გავიზარდე!“.

როგორ დაიწყეს? შორენა გოროზია მოგვითხრობს:

„დავიწყეთ იმით, რომ მოვიძიეთ სკოლა, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, ჩვენი მასწავლებლები. ამ პროექტმა მომცა ძალიან დიდი დადებითი ემოციები. ამდენი წლის უნახავი ხალხი, 25 წლის უნახავი პედაგოგები ვნახეთ. ყველას არ აქვს შემორჩენილი, მაგრამ ბევრმა გადმოიტანა მაშინ ფოტომასალა. თურმე, როცა გარბიხარ, პირველ რიგში ფოტო უნდა აიღო და თუ ფოტოების წაღებას მოახერხებ, არაჩვეულებრივი რაღაცაა. ღამეში 100 ფოტოს ვდებდი. დადებული არ იყო, ეგრევე მოდიოდა ემოცია. იყო შემთხვევა, როცა ადამიანს არ ჰქონდა მამის ან დედის ფოტო და მეზობლის არქივიდან გაზიარებულ ფოტოზე აღმოაჩენდა“.

შორენა გოროზია ამბობს, რომ დევნილთა 90% გაურბის იმას, რისგანაც ტკივილი ადგება

„შეიძლება არ დახიოს და გადაყაროს, მაგრამ იმ ფოტომასალას ისეთ ადგილას დადებს, რომ მხოლოდ ათასში ერთხელ შეხედოს. მე არ შევდივარ იმ 90%-ში. ყოველდღე ვუყურებ ფოტომასალას. ყოველდღე მინდა, რომ რაღაცით მაინც შევეხო და მინდა ხალხიც მეტს ლაპარაკობდეს აფხაზეთზე, რომ არ დაავიწყდეთ“.

დევნილებთან კარდაკარ სიარულში ბევრი ამბავი მოისმინეს. ერთ-ერთ ასეთს სვეტლანა ჩხვიმიანი გვიზიარებს:

„სოფელ ახალდაბის წარმომადგენელთან მქონდა საუბარი და გამოიკვეთა ადამიანი, რომელმაც გასაოცარი გმირობა ჩაიდინა. მიჩქმალული იყო. ვესაუბრებოდი ადამიანებს სხვადასხვა ოჯახში და როცა ვეკითხებოდი - როგორ გამოხვედით იქიდან? როგორ დააღწიეთ თავი? - ბევრი მეუბნებოდა, რომ როლანდ სიდიანმა გამოგვიყვანა და შემდეგ დაბრუნდაო. თურმე, თავისი ოჯახი ჰყავდა გაყვანილი სამშვიდობოს, აფხაზეთის სვანეთში და არაფრით დარჩა, უკან დაბრუნდა - ჩემს მოსახლეობას დავჭირდებიო. თურმე დიდი მანქანა ჰყოლია. ამ მანქანის ძარაზე შეყრიდა ხალხს, ყველას უსიგნალებდა ჭიშკართან - დროზე გამოდით, საშიშროებააო. ვინც დაუჯერა, გამოვიდნენ. მესამედ თუ მეოთხედ რომ დაბრუნდა, უკვე სეპარატისტები იყვნენ შემოსულები და მოკლეს. გმირია ეს ადამიანი, აბა რა არის?! მერე გაითვალისწინეს და მიიღო ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი. მის მეუღლეს გადასცეს”.

სვეტლანა ჩხვიმიანი იხსენებს:

„ეს პროექტი უბრალოდ მომაფიქრდა მე. პატრიარქის საიუბილეო წელთან დაკავშირებით ვფიქრობდი საჩუქარზე. ეს ინტელექტუალური საჩუქარი უნდა ყოფილიყო და ასე დაემთხვა. მივართვით კიდეც პატრიარქს. მოეწონა და გვაკურთხა.

260 კაცის შემოწირულებით გავაკეთეთ ეს საიტი. მათი სახელებიც არის იქ ჩამოთვლილი. მიცვალებულების სახელითაც აკეთებდნენ შემოწირულებას რომ უკვდავეყოთ ისინი. ბევრი პრობლემა გადავლახეთ. ბარიერები იყო. მეტს ველოდებით. მადლობა შვილგარდაცვლილ დედებს და მამებს, რომ მნიშვნელოვნად ჩათვალეს ეს პროექტი“.

აფხაზეთიდან დევნილი, სამი შვილის დედა თვლის, რომ დღევანდელი რეალობა რადიკალიზმის შედეგია:

„რადიკალურმა აზროვნებამ მიგვიყვანა იქამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით. მე - აფხაზეთიდან დევნილი, 16 წლის ასაკში რომ გავიარე გოლგოთა, დღეს მზად ვარ იმისთვის, რომ ჩავეხუტო ჩემს აფხაზ ძმებს, ჩემს ოს ძმებს და ჩავეხუტო ყველა ეროვნებას ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად. შემიძლია ფეხი დავბანო. მე ვარ მშვიდობის მომხრე და ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულის მომხრე. ქრისტე ყველამ უნდა ეძიოს საკუთარ გულში“.

დღეიდან სვეტალან ჩხვიმიანი და შორენა გოროზია იწყებენ წარმომადგენლობის შეკრებას, რაც უფრო ეფექტიანს გახდის დევნილთა შორის ინფორმაციის შეგროვებას:

„წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს თითოეულ სოფელსა და ქალაქს (რამდენიმე წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს უბან-უბან), რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავის უბანზე და წარმომადგენლების ნომრებს მივუთითებთ მოგვიანებით. რამდენიმე ლექციას ჩავუტარებთ წარმომადგენლებს. ყველას ექნება საკუთარი სამართავი ადმინ-პანელი“.

სვეტლანა ჩხვიმიანი ამბობს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორი სიტყვების შერჩევას:

„სიტყვა „მტერი“ საერთოდ ამოვიღე ლექსიკონიდან. თუ ძმას უწოდებ, მტერი როგორ არის და თუ მტერია, ძმას როგორ ვუწოდებ.? მოდი, ასე ვთქვათ: მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო... ჩვენთან ეროვნებით აფხაზი არავინ ცხოვრობდა და შესაბამისად, თვალით ნანახი არ მყავდა. ახლა ყველას ვეხვეწები, გამაცანით ერთი აფხაზი, რა იქნება, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ გავესაუბრები და დაველაპარაკები, ის ჩემს გულწრფელობას რომ დაინახავს, დადგება სხვა აზრზე. დარწმუნებული ვარ ამაში.

ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე ვსაურობთ, თორემ ვიღაცამ თავისი წილი პასუხისმგებლობა რომ ვერ გაითავისა თავის დროზე, იმიტომ ვსხედვართ ამ სტუდიაში ჩვენ და პროექტი „აქ ჩემი სახლია“-ზე ვლაპარაკობთ. ვიღაცამ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ შეასრულა მაშინ. მაგრამ, რა ვქნათ ახლა? ეს არის მოცემულობა. აღარ გავაგრძელოთ ცხოვრება და აზროვნება?“.

Ganakhleba.ge-ს გარდა, „ფეისბუკზე“ გახსნილია რამდენიმე ათეული ჯგუფი, რომლის სახელწოდებაშია „აქ ჩემი სახლია“+დასახლების სახელი.

სვეტლანა ჩხვიმიანი შენიშნავს:

„ნიშანდობლივია, რომ ამას დედები ვაკეთებთ. ყველა დედას მოვუწოდებ, სწორად აღზარდონ შვილები. არ გვინდა ეს მტრობა და სიძულვილი“.

შორენა გოროზია:

„როცა საქმეს აკეთებ და იქ სიყვარულია, ის გაიმარჯვებს. მეტი სიყვარული ჩავდოთ ამ საქმეში და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენს შვილებს უნდა ჩავუნერგოთ სიყვარული და ის, რომ ის აფხაზი ძმა იყო და ძმა არის. აქ არ გამოგვივა მატყუარობა. უნდა შევძლოთ სიყვარულით შევხედოთ აფხაზებს. 25 წელია მტერს ვეძახით და შედეგი რა არის? არაფერი“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG