Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიბრიყვის აუტანელი სიმძიმე


გადავიკითხოთ სახარებები და გავიხსენოთ, რომ თვით იესო ნაზარეველს დასდებენ ბრალს ღმერთის წინააღმდეგ მკრეხელობაში და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში. ასე რომ, ცუდი პრეცედენტი ჯერ კიდევ 20 საუკუნის წინ შეიქმნა... ღირს მისი გამეორება?

ამიტომ კანონმა დაიცვას ტაძრები, რელიგიური ცერემონიები, რელიგიის მსახურები. რა უნდა დარჩეს ამ მხრივ დაუცველი? ალბათ თავად რელიგია, მისი დოგმები და მორწმუნეთა გრძნობები.

დავუტოვოთ რელიგიას მისი შეურაცხყოფის უფლება. რადგან როგორ დავიცავთ ღირსეულად იმას, რისი კრიტიკაც არ შეიძლება? ხოლო რაც შეეხება ღმერთს - ის ხომ თავს თვითონაც კარგად იცავს?!

ალბათ გრძნობების (მათ შორის რელიგიურის) პატივისცემა ფასეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის საკუთარი ნებითაა აღიარებული და არა კანონმდებლობით თავსმოხვეული.

და დღეს თუ უმრავლესობის სახელით ცხადდება, რომ საჭიროა რელიგიური გრძნობების იურიდიულად დაცვა, ხომ შეიძლება ზეგ მოვიდეს ისეთი უმრავლესობა, რომელიც დაიჟინებს საკუთარი გრძნობების (დავუშვათ ათეისტურის) დაცვას?

და, საერთოდ, სიტყვა ზეპირი ან დაწერილი შეიძლება იყოს დანაშაული, თუ ის არ არის პირდაპირ კავშირში ქმედებასთან? ის სიტყვა, რომელიც არ განსაზღვრავს ან არ მართავს ქმედებას?

ასე რომ, სიტყვის მოსამართლეობა მხოლოდ საზოგადოებრივ აზრს მივანდოთ.

აგერ უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ევროპაში, უფრო ზოგადად, დასავლეთში, მკრეხელობამ იურიდიული, პოლიტიკური და თვით რელიგიური (!) სფეროდან ხელოვნებაში გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა ატავისტური კანონები, რომლებიც რელიგიური გრძნობების დასაცავად იყო გაწერილი შუა საუკუნეებში, მაგრამ მათ აღარავინ იყენებს. ასეთი ატავისტური კანონი, მაგალითად, არსებობს ალზას-მოზელის რეგიონში (რეგიონი რომელიც საფრანგეთს 1918 წელს შეუერთდა), მაგრამ აგერ უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც ეს კანონი მიძინებულია: მიუხედავად იმისა, რომ „შარლი ებდოში“ მუჰამედზე კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ მუსლიმური ორგანიზაციები სწორედ ალზას-მოზელის რეგიონში უჩივლებენ ფრანგ ჟურნალისტებს, ისინი წააგებენ საქმეს.

ჰო, რახან „შარლი ებდო“ ვახსენეთ - ფრანგების მტკიცებით, „შარლი ებდოზე“ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ თურმე ალაჰი ხშირად ჩივის, თუ რა ძნელი ასატანი ყოფილა ბრიყვების ღმერთობა. იმედია, ერთ დღეს, იესო ქრისტე იმავეს არ დაიჩივლებს ზოგიერთ ქართველზე.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG