Accessibility links

„სისტემამ დაანონსებული მკვლელობა ვერ აღკვეთა“


გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის შეწყალების კომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საქმეებზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე, რომელიც 13 აპრილს მოკლული 25 წლის ქალის საქმეს შეეხებოდა. მკვლელობაში ბრალდებულ პირს გასულ წელს, პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, მანამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი გაუნახევრდა და მან საპატიმრო გასული წლის მაისში დატოვა.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:57 0:00
Direct link
  • პრეზიდენტის შეწყალების კომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საქმეებზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.
  • 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პირს გასულ წელს, პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, მანამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი გაუნახევრდა.
  • მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 6-ჯერ უთხრა უარი გათავისუფლებაზე.

“შეძრწუნებული ვარ იმ შეცდომით, რომელიც ჩვენ დავუშვით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე:

„შეძრწუნებული ვართ როგორც ამ მოვლენით, ასევე იმ შეცდომით, რომელიც ჩვენ დავუშვით. შეიძლება ეს უნებლიე შეცდომა იყო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მერე რა, რომ რომ არ შეგვეწყალებინა, ეს ადამიანი უკვე გარეთ იქნებოდა! ეს არ გვიმსუბუქებს ჩვენ მორალურ ტვირთს“.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,13 აპრილს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პირს მანამდე შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, მეორე თხოვნას კი თან ახლდა ოჯახის სურვილი, რომ ის გათავისუფლებულიყო.

„2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, მაშინ იგი არ დააპატიმრეს და მხოლოდ ოთხთვე-ნახევრის შემდეგ ავარიის გამო დააკავეს და ამ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც დასძინა, რომ მეორე მიმართვის დროს კომისიაში შევიდა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებული რამდენიმე საბუთი, რომელთაც თან ერთვოდა ბრალდებულის აღიარება და შეხსენება, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. პრეზიდენტის თქმით, დასახელებულ პირს საპატიმრო ვადა გაუნახევრდა, თუმცა, ამის გარეშეც, ბრალდებულს 2018 წლის აპრილში სასჯელი კალენდარულად უკვე მოხდილი ექნებოდა.

„ავტომატურად, როგორც კი უარყოფითი დასკვნა არის, შეწყალების კომისია ამ საქმეს გვერდზე გადადებს ხოლმე და ჩვენ ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ხელმძღვანელის დადებითი დასკვნები გვქონდა. ეს კითხვა, რომ თუ არსებობდა რაიმე ინფორმაცია, რის საფუძველზეც 6-ჯერ ეთქვა უარი, ეს ინფორმაცია ჩვენთან რატომ არ იყო მოსული? ჩვენ ამ ადამიანში ვერ აღმოვაჩინეთ ის, რაც მერე აღმოჩნდა“.

დანაშაულის ხასიათი, რომელიც შევისწავლეთ, საუბარი იყო განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკზე, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეჯერების სფუძველზე, ასევე სხვა გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე...
ალექსანდერ დარახველიძე

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებამდე კი სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან საუბარში განაცხდა, რომ მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 6-ჯერ უთხრა უარი გათავისუფლებაზე, მანამდე 3-ჯერ ეთქვა უარი სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლაზე, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა აუცილებელ კრიტერიუმებს და მაღალი იყო დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობა:

„დანაშაულის ხასიათი, რომელიც შევისწავლეთ, საუბარი იყო განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკზე, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეჯერების სფუძველზე, ასევე სხვა გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელიც დასახიათების საფუძველზე ირკვეოდა, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ იმ ეტაპზე მისი პირობით ვადამდე გათავისუფლება ან დარჩენილი სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით არ იყო მიზანშეწონილი დ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება“.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება წინ უძღოდა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ. უდოს კომისიის სხვა დასკვნებს“. ამასთან, „დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციარული დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას. ის შეიცავს მხოლოდ ობიექტური გარემოებების აღწერას“.

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილმა მამინაცვალმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 25 წლის ქალს. ბრალდებული 14 აპრილს თელეთში დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რაც ისჯება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.

თავად ფაქტის გარდა, შემაშფოთებელია ის, რომ შსს-ს რეაგირება ძალიან არაადეკვატური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში ემუქრებოდა და თან იმავე დანაშაულზე იხდიდა სასჯელს, რაზეც მსხვერპლს ემუქრებოდა, და შსს-მ ეს იცოდა...
იდა ბახტურიძე

როგორც მოკლულის დედა, ნათია გობაძე, მედიასთან საუბარში აცხადებს, ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში განცხადება დაწერა, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ მისი შვილის სოციალური დახმარების საკითხზე. მისი მოტივაცია მსჯავრდებულის შვილისთვის დახმარების გაწევა იყო. მოკლული 25 წლის ქალის დედა ჰყვება, რომ თავადაც არაერთხელ გამხდარა ვეფხია ბაქრაძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გაცემული, თუმცა „ქალთა მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ არაქმედითია სახელმწიფოს როლი მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციასთან მიმართებით. „ქალთა მოძრაობა“ გავრცელებულ პეტიციაში, რომლის ადრესატებიც არიან საქართველოს პარლამენტი, შსს, პროკურატურა და პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში უნდა გაჩნდეს ცნება „ფემიციდი“, როგორც დამამძიმებელი გარემოება, და ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა უნდა განისაზღვროს. პროკურატურამ სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში უნდა გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება. შსს-მ დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად შეაფასოს რისკები, რათა ყველა საშუალებით იქნეს თავიდან აცილებული ფემიციდი, ხოლო პრეზიდენტმა არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

„ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელ იდა ბახტურიძის თქმით, უკანასკნელი შემთხვევაც მიუთითებს პრობლემებზე, რომელთაც სახელმწიფო თავს ვერ ართმევს:

„თავად ფაქტის გარდა, შემაშფოთებელია ის, რომ შსს-ს რეაგირება ძალიან არაადეკვატური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში ემუქრებოდა და თან იმავე დანაშაულზე იხდიდა სასჯელს, რაზეც მსხვერპლს ემუქრებოდა, და შსს-მ ეს იცოდა და პრაქტიკულად დაანონსებული მკვლელობა ვერ აღკვეთა სისტემამ“.

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, 2017 წელს 26 ქალი მოკლეს, მათგან 14 -ოჯახში ძალადობის ნიშნით. 2016 წელს 32 ქალი მოკლეს,18 მათგანი - ოჯახში ძალადობის ნიშნით. სახალხო დამცველის აპარატი ფემიციდისა და თვითმკვლელობის 7 საქმეს სწავლობს. მე-7 ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მომხდარი მკვლელობაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG