Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა პირველკლასელების გარეშე


სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა
სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის პირველ კლასში წელს მოსწავლე არ ეყოლებათ. როგორც ირკვევა, საქართველოში ასეთი კიდევ 108 სკოლაა. მძიმე ეკონომიკური პირობების, უმუშევრობისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გამო მაღალმთიან დასახლებებს ხალხი კვლავ მასობრივად ტოვებს. პრობლემების მიუხედავად, კახეთის მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლის დირექტორები იმედოვნებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები არ დაიხურება.

სკოლა პირველკლასელების გარეშე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:43 0:00
გადმოწერა

საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა. 2019-2020 სასწავლო წლისთვის, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში 48 ათასამდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური მონაცემები, თუმცა სამინისტროს თანახმადვე, წელს 109 სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ ეყოლებათ.

ერთ-ერთი საჯარო სკოლა, სადაც წელს პირველკლასელი მოსწავლეები არ იქნებიან, გურჯაანში მდებარეობს. სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა, ზოგადად, მცირეკონტინგენტიანია. უკვე წლებია ამ სკოლაში 6 მოსწავლე ირიცხება და მხოლოდ 5 კლასია დაკომპლექტებული. 4 კლასში თითო მოსწავლე ირიცხება, ხოლო ერთში 2 ბავშვი სწავლობს. სოფელი ჭერემი მაღალმთიანი ზონაა. ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიგრაცია ასეთი სოფლებიდან კიდევ უფრო ხშირია, რადგან მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პრობლემები. აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭერემს 20 წლის განმავლობაში, 2014 წლამდე, ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდა.

სოფელში სამუშაო ადგილები რომ არ არის, მშობლები მიდიან იქ, სადაც მუშაობას შეძლებენ. ზოგი ჩაწერილია, მაგრამ რეალურად აქ არ ცხოვრობს. ეს ყველაფერი იწვევს არა მარტო ბავშვების, არამედ მოსახლეობის შემცირებას...
ივანე თურქიაშვილი

ჭერემის სკოლის დირექტორი თამაზ აბესაძე გვეუბნება, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც სოფელი ხალხისგან დაიცალა, უმუშევრობაა. მიუხედავად ამისა, სკოლის დირექტორი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან მომავალ წელს, მისი თქმით, პირველ კლასში ერთი მოსწავლე ეყოლებათ.

„პირველ კლასში მოსწავლე ნამდვილად არ გვყავს. ერთი ბავშვი არის, მაგრამ 18 ოქტომბერს ხდება 6 წლის და, კანონით, ამის გამო წელს ვერ ვიღებთ პირველ კლასში. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე მეტი, 14 მოსწავლე, იყო სკოლაში. სოფელი რომ დაარსდა, იმ დროს 54 მოსწავლე ყოფილა“.

ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კახეთში ჭერემის გარდა კიდევ 2 სკოლაა, სადაც წელს პირველ კლასში არც ერთი მოსწავლე არ ეყოლებათ. ეს სკოლებია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მეორე საჯარო სკოლა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის სკოლა. ნუკრიანის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა მათეშვილის თქმით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მის სკოლაში პირველ კლასში ნამდვილად არც ერთი ბავშვი არ იყო დარეგისტრირებული, თუმცა მოგვიანებით შეატყობინეს, რომ 2019-2020 წელს ორი მოსწავლე ეყოლებათ. მანანა მათეშვილის თქმით, ნუკრიანის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლებებისთვის განკუთვნილი შეღავათებით სარგებლობს, თუმცა, ამის მიუხედავად, წლიდან წლამდე სოფელში მუდმივად მცხოვრებთა რაოდენობა კლებულობს. შესაბამისად სკოლაში სულ უფრო ცოტა ბავშვი სწავლობს.

„მშობლებმა საბუთები არ მოიტანეს თავის დროზე და, შესაბამისად, გვიან ჩავრიცხეთ ბავშვები. ზოგადად, ახალგაზრდა ოჯახები საცხოვრებლად თბილისში მიდიან და უნდა ვთქვა, რომ სოფელი დაბერდა. ცოტა უკეთესი პირობები და სამუშაოები რომ იყოს, კარგი იქნებოდა. სოფელიც მეტ-ნაკლებად არ დაიცლებოდა“.

სოფელი ჭერემი
სოფელი ჭერემი

კახეთში კიდევ ერთი სოფელი, სადაც წელს პირველ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე იქნება, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ნადუქნარია. საჯარო სკოლის დირექტორი ივანე თურქიაშვილი ამბობს, რომ წლების წინ სკოლაში მხოლოდ ერთი ბავშვი დადიოდა, ახლა კი 11-ია. თურქიაშვილის თქმით, თუ წლების წინანდელ მდგომარეობას ახლანდელს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა ნახევარზე მეტით არის შემცირებული.

“წელს ერთი ბავშვი მეყოლება პირველ კლასში და ამით მოსწავლეთა მთლიანი რაოდენობა 11 გახდება. დაახლოებით 5 წლის წინ სულ 1 ბავშვი იყო სკოლაში... სოფელში სამუშაო ადგილები რომ არ არის, მშობლები მიდიან იქ, სადაც მუშაობას შეძლებენ. ზოგი ჩაწერილია, მაგრამ რეალურად აქ არ ცხოვრობს. ეს ყველაფერი იწვევს არა მარტო ბავშვების, არამედ მოსახლეობის შემცირებას“.

მიუხედავად რეალობისა, მაღალმთიან დასახლებებში სკოლის დირექტორები იმედს არ კარგავენ, რომ მთიდან საცხოვრებლად ბარში წასული მოსახლეობა უკან დაბრუნდება და სკოლებში უფრო მეტი მოსწავლე ჩაირიცხება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. ამ მონაცემებით, საქართველოში უკვე 200-ზე მეტი სოფელია, სადაც აღარავინ ცხოვრობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG