Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა, რომლის ფანჯრებიდან ოკუპანტები ჩანან


ფლავის საჯარო სკოლა
ფლავის საჯარო სკოლა

თებროლე მეტრეველი ფლავის საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის. უფროსკლასელებს ხშირად ესაუბრება 1921 წლის საქართველოს ანექსიასა და ამჟამინდელ რუსეთის ოკუპაციაზე. ამ ყველაფრის ასახსნელად მას შორს წასვლა არ სჭირდება. სკოლის ფანჯრებიდან კარგად ჩანს საოკუპაციო ბანერები, იქვე, არხის გადაღმა კი, შეიარაღებული პირები ყოველდღე მოძრაობენ. სასაფლაოს მიღმა უკვე ოკუპირებული სოფელი ოტრევია. თებროლე გვეუბნება, რომ ერთ დროს ფლაველებსა და ოტრეველებს ერთმანეთთან მუდმივი მიმოსვლა ჰქონდათ. ოტრეველი ბავშვები ფლავის სკოლაშიც გადადიოდნენ სასწავლებლად, მაგრამ ომმა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკამ ახლა ყველაფერი ჩაკეტა.

სკოლის ფანჯრებიდან კარგად ჩანს საოკუპაციო ბანერები, იქვე, არხის გადაღმა კი, შეიარაღებული პირები ყოველდღე მოძრაობენ.
სკოლის ფანჯრებიდან კარგად ჩანს საოკუპაციო ბანერები, იქვე, არხის გადაღმა კი, შეიარაღებული პირები ყოველდღე მოძრაობენ.


ფლავის სკოლის პირველ კლასში წელს 21 ბავშვი მივიდა, სკოლა კი 38-მა მოსწავლემ დაასრულა. მარიამ გიუნაშვილი სკოლას მალე დაამთავრებს და, როგორც ამბობს, სოფლიდან მაშინვე წავა, რადგან ადგილზე ახალგაზრდების განვითარებისთვის პერსპექტივა არ არსებობს. სოფელ ფლავის, ისევე როგორც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები სხვა სოფლების, სტუდენტებს სახელმწიფო სწავლის გადასახადს უხდის.

სოფლის ახალგაზრდები მუდამ დაძაბულები არიან - არაერთხელ დაუკავებიათ ადგილობრივი მწყემსები და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაუთავისუფლებიათ. გარდა ამისა, სოფლის სასაფლაოზე გასვლაც სახიფათოა, რადგან იქვე ახლოს ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დგას და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც ხშირად პატრულირებენ. ფლავის სკოლის მოსწავლე ნუგზარ გიუნაშვილი ამბობს, რომ სოფელს, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან ყურადღება სჭირდება - ადგილზე ინფრასტრუქტურა დანგრეულია, ახალგაზრდებს კი სპორტული მოედნისა და კულტურის ცენტრის აშენება უნდათ.

ფლავის საჯარო სკოლა
ფლავის საჯარო სკოლა


ფლავის საჯარო სკოლაში წელს კარ-ფანჯარა და სახურავი გამოცვალეს. ზამთარში აქ ისევ შეშით თბებიან, მომავალ წელს გათბობის სისტემის დამონტაჟებაც იგეგმება. ფლაველები აცხადებენ, რომ სოფელს დახმარება თუ არ გაეწია, ადგილზე ახალგაზრდა საერთოდ აღარ დარჩება. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ქართულ სოფლებში კი ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები ბავშვი მიდის სკოლაში. სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლა წელს 13-მა მოსწავლემ დაასრულა, ამჟამად 2 პირველკლასელი ჰყავთ. დიცის სკოლა 26-მა დაასრულა, 12 მივიდა. ზემო ნიქოზში ხუთი პირველკლასელი ჰყავთ, სკოლა კი სამმა დაასრულა და ასეთი სურათია გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელში, სადაც ბავშვები უკვე თითებზე ჩამოსათვლელია.

XS
SM
MD
LG