Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის მერხიდან პროფესიულ არმიაში - რა ვიცით რუსეთში სამხედრო გაწვევის ახალ წესებზე


"იუნარმიის" წევრები და რუსი სამხედრო მოსამსახურეები აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (VVO) რაიონულ სასწავლო ცენტრში. ამიერბაიკალი. 2022 წლის ნოემბერი
"იუნარმიის" წევრები და რუსი სამხედრო მოსამსახურეები აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (VVO) რაიონულ სასწავლო ცენტრში. ამიერბაიკალი. 2022 წლის ნოემბერი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, სამი წაკითხვით დაამტკიცა შესწორებები „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც პირველად აძლევს უფლებას რუსეთის მოქალაქეს, 18 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ჩაირიცხოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში (ან სამობილიზაციო შეკრებაზე) გაწვევის ახალი წესი კი ქაღალდის უწყების პარალელურად, „ელექტრონული უწყების“ ფორმის შემოღებას და კონკრეტული ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობსაც ითვალისწინებს.

ბრძოლის ველზე „საგანმანათლებლო ცენზისა“ და „სამხედრო გამოცდილების“ გარეშე

საკონტრაქტო სამსახურის მსურველთათვის ე.წ. საგანმანათლებლო ცენზის დაწევის შესახებ ცვლილების შეტანა რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჯერ კიდევ გასული 2022 წლის ზაფხულში სურდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კანონის ცალკეულ დებულებაზე ყურადღება მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაამახვილეს, საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგიდან ამოიღეს.

საკონტრაქტო სამსახურის მსურველთათვის საგანმანათლებლო ცენზის დაწევის მომზადებულ პირვანდელ ვარიანტში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სახელმწიფოს შეეძლო, 18 წლის ახალგაზრდა, უკვე ერთთვიანი მომზადების შემდეგ გაეგზავნა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. შემდგომ მოხდა ამ ნორმის კორექტირება და 11 აპრილს მესამე წაკითხვით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით უკვე 4 თვემდე იზრდება ის ვადა, რომლის შემდეგ კონტრაქტით მოსამსახურე პირის საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნა ხდება შესაძლებელი.

გამონაკლისი

გამონაკლისი მხოლოდ იმ სამხედროებისთვის მოხდება, რომლებიც მომზადებას სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით გადიან. ასეთები არიან, მაგალითად, ჯავშანტრანსპორტიორის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, მეკავშირეები, ელექტრომექანიკოსები და მძღოლ-პარაშუტისტები. მათ საბრძოლო მოქმედებების ზონაში მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ გაგზავნიან.

კონტრაქტი ომის დასრულებამდე

პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ახალი წესებით, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული პირი, უკრაინაში ომის დასრულებამდე ვერ შეძლებს კონტრაქტის დარღვევას.

სააგენტო „ბლუმბერგის“ თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას სურს სამხედრო სამსახურში კონტრაქტის საფუძველზე ჩააბას დაახლოებით 400 ათასი 18-დან 50 წლამდე ასაკის მქონე მოქალაქე.

„ამოცანა დასმულია და ახლა კანონიდან იღებენ იმ ბარიერებს, რაც ხელს უშლიდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას“, - უთხრა „ბი-ბი-სის“ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მოქალაქე. არმია. სამართლის“ დირექტორმა, სერგეი კრივენკომ.

დღემდე მოქმედი რუსული კანონით, კონტრაქტით სამხედრო სამსახურის გავლის უფლება მხოლოდ ტექნიკუმდამთავრებულ ან არმიაში სამთვიან სამსახურგავლილ მოქალაქეებს ჰქონდათ. საკანონმდებლო ცვლილებით, ახლა რუსეთის არმიაში საკონტრაქტო სამსახურის გავლის უფლება 18 წლის მოქალაქეს პირდაპირ საშუალო სკოლის დასრულებისთანავე ექნება.

„ელექტრონულ უწყებას“ ვერსად დაემალები

11 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მიიღეს ცვლილებები სამხედრო სამსახურში გამოძახების ელექტრონულ უწყებასთან, მათი მიღების მეთოდებსა და იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეს ელექტრონული უწყების მიღების შემდეგ კომისარიატში გამოუცხადებლობის გამო დაეკისრება.

მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 394-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო „სამართლიანი რუსეთის“ დეპუტატი დმიტრი კუზნეცოვი, რომელმაც მოგვიანებით თქვა, რომ ღილაკს შემთხვევით არასწორად დააჭირა ხელი.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ელექტრონული უწყების“ შესახებ კანონპროექტი, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურის გაწვევის გამარტივებას ისახავს მიზნად და არ უკავშირდება მობილიზაციის ახალ ტალღას. თუმცა, განსხვავებულად კითხულობენ ამ საკანონმდებლო ცვლილებას უფლებადამცველები.

ანასტასია ბურაკოვა
ანასტასია ბურაკოვა

„კანონი შეიძლება გავრცელდეს მობილიზებულებზეც, რადგან ეს არის უწყების გადაცემის საერთო წესი, ხოლო რადგან რუსეთში მობილიზაცია აღარ განხორციელებულა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამისთვის მაშინ ცალკე კანონი არსებობდა, ამიტომ დეპუტატები აქ გზადაგზა ცდილობენ ხვრელების ამოვსებას. ცხადია, რომ გაწვევის უწყებების გადაცემის წესი მობილიზაციის ფარგლებშიც გავრცელდება. კანონში საუბარია ასევე სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნაზე, მაგრამ ეს პუნქტი ეხება მხოლოდ მათ, ვინც ვადიან სამსახურში გაწვევას ექვემდებარება“, - ამბობს პეტერბურგელი იურისტი, ანასტასია ბურაკოვა, რომელიც მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილების ბუნდოვანება დიდ ადგილს ტოვებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების შეზღუდვისთვის.

რუსის ჯარის მობილიზებული ახალწვეული. სტავროპოლი. 2022 წლის 30 სექტემბერი
რუსის ჯარის მობილიზებული ახალწვეული. სტავროპოლი. 2022 წლის 30 სექტემბერი

ახალი კანონის თანახმად, რუსეთში მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში გამოძახების უწყება ახლა უკვე ელექტრონულად გადაეცემათ, „სახელმწიფო სერვისების“ გზით, ან ასევე „იმ მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის ერთიანი რეესტრის საშუალებით, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე პირველად რეგისტრაციას ექვემდებარებიან“.

ღია წყაროებში ამ სახელწოდების რეესტრის შესახებ ინფორმაცია არ არის. და უცნობია, თუ როდის შეიქმნება იგი. ამასთან, სამხედრო აღრიცხვის ოფისებს (კომისარიატებს) რეესტრის გარეშეც შეეძლებათ გამოძახებების გადაცემა ელექტრონულად ან რეგისტრირებული ფოსტით. ამ შემთხვევაში უწყების მიღების თარიღად ჩაითვლება უწყების ჩაბარების დღე.

სერგეი კრივენკო
სერგეი კრივენკო

„ახალი კანონპროექტის თანახმად, გაწვევის უწყება წვევამდელს შეიძლება გაეგზავნოს ელექტრონული ფოსტით, გადაეცეს ნათესავების საშუალებით, გაეგზავნოს რეგისტრირებული ფოსტით და თუნდაც საჯარო სერვისების საშუალებით“, - ამბობს სერგეი კრივენკო. - „მეტიც, არც კი აქვს მნიშვნელობა, ადრესატმა გახსნა თუ არა ეს შეტყობინება. შვიდი დღის შემდეგ, სამხედრო აღრიცხვის სამსახური ჩათვლის, რომ ადამიანი მას გაეცნო და იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელი არ გამოცხადდება კომისარიატში, უკვე შეიძლება დადგეს გარკვეული პასუხისმგებლობა. მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვადიანი სამსახურის სამხედრო ვალდებულებს ეხებათ“.

აეკრძალება რუსეთის დატოვება

თუ მოქალაქე სამხედრო სამსახურში გაწვევის ელექტრონულ უწყებას მიიღებს და არ გამოცხადდება სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე, მაშინ ერთი დღის შემდეგ იგი მიიღებს გაფრთხილებას გამოცხადების მოთხოვნით. გაფრთხილების მიღების შემდეგ მას ეძლევა კომისარიატში გამოცხადებისთვის 20 დღე. თუ მოქალაქე 20 დღის შემდეგაც არ გამოცხადდება, მაშინ მას აეკრძალება:

  • რუსეთის დატოვება;
  • ინდივიდუალურ მეწარმედ ან თვითდასაქმებულად დარეგისტრირება;
  • ქონების რეგისტრაცია;
  • მანქანით სარგებლობა, მათ შორის ახლის რეგისტრაცია;
  • კრედიტებისა და სესხების მიღება.

გარდა ამისა, რეგიონულ ხელისუფლებას უფლება ეძლევა, სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობისთვის ჩამოართვას სამხედრო ვალდებულს ნებისმიერი შეღავათით სარგებლობის უფლება და შეუწყვიტოს ნებისმიერი ფულადი დახმარების გადახდა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, როგორც იურისტები ამბობენ, რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მხოლოდ ის მოქალაქეები მიეცნენ, რომლებიც ბოროტი განზრახვით არიდებენ თავს სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

„პასუხისმგებლობა ჯერჯერობით იგივე რჩება: თუ წვევამდელი უწყების მიღების შემდეგ არ გამოცხადდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მას ემუქრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო თუ ის ბოროტი განზრახვით არიდებს თავს და ამას დაუმტკიცებენ, მაშინ - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუ მოქალაქე სამხედრო კომისარიატში არ გამოცხადდება სამხედრო მობილიზაციის უწყების მიღების შემდეგ, მაშინ მას მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ელის“, - აღნიშნავს პეტერბურგელი ადვოკატი ალექსანდრ პერედრუკი.

გასული წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ნაწილობრივი“ მობილიზაციის შესახებ. მაშინ, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, 330 ათასზე მეტი ადამიანი გამოიძახეს სამხედრო სამსახურში.

ოქტომბრის ბოლოს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულებულად გამოაცხადა. პუტინმა კი დასრულებულად გამოაცხადა შეიარაღებულ ძალებში სამხედრო გაწვევა. მაგრამ შესაბამის განკარგულებაზე ხელი რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად არ მოუწერია. შესაბამისად, სასამართლოები ხელმძღვანელობენ გაწვევისა და მობილიზაციის გამოცხადების შესახებ გამოცემული ბრძანებებით და უარს ეუბნებიან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე (დემობილიზაციაზე), მათ შორის, საკონტრაქტო სამსახურში საკუთარი ნებით მყოფ მოქალაქეებს, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტები ზემდგომ ინსტანციებში 2022 წლის სექტემბრამდე წარადგინეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG