Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: თბილისმა „მაღალი და არაკონკურენტული“ ტარიფი დაასახელა აზერბაიჯანიდან ტრანზიტისთვის


სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ალტერნატივა არის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ალტერნატივა არის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის თავდაპირველი ფასი, რაც საქართველომ დაასახელა, მიიჩნიეს, რომ არის „შედარებით მაღალი“ და „არაკონკურენტული“, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობს, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდება.

რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა დღეს, 25 დეკემბერს რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანზიტისათვის „მაღალი“ და „არაკონკურენტული“ ფასი დაასახელა.

„ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის კომპანია, მეორე მხარეს კი მარცვლეულის ან ბენზინის იმპორტიორი კომპანიები. ბუნებრივია, მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება და იპოვონ საუკეთესო ვარიანტი“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა მის კომპეტენციაში არ შედის.

მანამდე, 18 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმა თქვა: „თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“.

„სახმელეთო საზღვარი უნდა გაიხსნას“

მინისტრმა პაპოიანმა ფაშინიანის ნათქვამი ასე განმარტა:

„ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი დროა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გასახსნელად“.

მისი თქმით, სომხეთის საზღვრამდე აზერბაიჯანიდან რკინიგზით მივა ტვირთი, ხოლო შემდეგ, სომხეთის ტერიტორიაზე - „მულტიმოდალურად“, - სატვირთო მანქანებითა და შემდეგ რკინიგზით გადაიტანენ.

ამჟამად აზერბაიჯანს სომხეთის საზღვრამდე რკინიგზა მიყვანილი არ ჰყავს.

„ვფიქრობ, რომ არ არსებობს გარემოებები, რომლებიც ამას ხელს შეუშლის არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში. ჩემი აზრით, ბიზნესიც მზად არის ამისთვის“, - თქვა მინისტრმა პაპოიანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანული მხარე მზად იქნება, მათ შეუძლიათ ამ მეთოდზე გადაერთონ.

კონტექსტი

18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.

  • მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.
  • აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა;
  • თბილისში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“ სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა.

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Minval Politika ირწმუნება, რომ ბაქო სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს „თბილისის სატარიფო დემარშის საპასუხოდ“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG