Accessibility links

2019 წლის პირველ სამ თვეში მოვალეთა რეესტრს 23254 პირი შეემატა


სოფიო მექანარიშვილი, "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი

მხოლოდ 2019 წლის პირველ სამ თვეში მოვალეთა რეესტრს 23254 ფიზიკური და იურიდიული პირი შეემატა. მოვალეთა რეესტრში პირი რეგისტრირდება მაშინვე, როცა მის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იწყება აღსრულების პროცესი.

“ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლეს მოვალეთა რეესტრის მონაცემთა დინამიკა. ორგანიზაციის იურისტმა, სოფიო მექანარიშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში სურათი ასე წარმოაჩინა:

„ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2018 წელს - მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა 100012 პირი. შესაბამისად, ყველაზე მეტი ფიზიკური პირიც ამ წელს დარეგისტრირდა - 96464. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირების ფიქსირდება 2016 წელს, როცა დარეგისტრირდა 76984 პირი.

რაც შეეხება პირებს, რომელთა მიმართაც შეწყდა სააღსრულებო წარმოება, ყველაზე მეტი იყო 2017 წელს – 41231პირის მიმართ.

ზოგადად თუ შევაფასებთ ამ წლების სტატისტიკას, არის საკმაოდ მზარდი, არასტაბილურად მზარდი“.

რას ნიშნავს მოვალეთა რეესტრში პირის მოხვედრა?

„ეს არის იმ ადამიანების ბაზა, რომლებსაც აქვთ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. შესაძლებელია მათ საკუთრებაში არ ირიცხებოდეს უძრავი/მოძრავი ქონება, მაგრამ იმ მომენტიდან, როცა იმ პირზე, ვინც მოვალეთა რეესტრშია, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება რაიმე სახის უძრავი ან მოძრავი ქონება, მას ავტომატურად შეეზღუდება ამ ქონებით სარგებლობის უფლება, ვინაიდან პრიორიტეტულია, რომ ის ვალდებულება, რომელიც მას შესასრულებელი აქვს, როგორც მოვალეს კრედიტორის წინაშე, იქნას შესრულებული“.

რა შემთხვევაში შეიძლება ამოირიცხოს პირი მოვალეთა რეესტრიდან?

„აღსრულების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს: სასამართლოს გადაწყვეტილებით; თუკი კრედიტორი და მოვალე მორიგდებიან და კრედიტორს აღარ აქვს პრეტენზია მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე; რა თქმა უნდა, წყდება იმ შემთხვევაში, თუკი ვალდებულება შესრულდება. ძირითადად ეს სამი საფუძველია“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2019 წლის პირველ სამ თვეში აღსრულების გზით „კომერციულმა ბანკებმა, საერთო ჯამში, 161707653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG