Accessibility links

logo-print logo-print

სოფიო, რომელმაც მოძალადე მამას ხელი არ დააფარა


სოფიო, რომელმაც მოძალადე მამას ხელი არ დააფარა
please wait

No media source currently available

0:00 0:11:55 0:00
სოფიო ჯეთერიშვილის ბრძოლის ამბავი ამბავი რამდენიმე წლის წინ, დედოფლისწყაროში დაიწყო. მაშინ ის პატარა გოგო იყო და ყოველდღე საკუთარი თვალით ხედავდა როგორ სცემდა მამა დედას, როგორ ძალადობდა საკუთარ შვილებზე, როგორ ლეწავდა ყველაფერს სახლში, უმიზეზოდ აყირავებდა მაგიდას. საშველად არასოდეს არავინ მისულა - ოჯახის საქმეებში არ ერეოდნენ. მათ ოჯახში არასოდეს აღუნიშნავთ რომელიმე დღესასწაული.

პირველი, ვინც ეს ძალადობა გააპროტესტა, სოფიო იყო. 13 წლისამ პირველად სცადა სახლიდან გაქცევა და დაიფიცა, რომ მამას პოლიციაში უჩივლებდა. მას აღარ უნდოდა იმ სახლში ყოფნა, სადაც არავის უყვარდა ერთმანეთი. იმ ზამთარს, ფეხშიშველი წავიდა სახლიდან. იმ ჯერზე კი დააბრუნეს და ვერც პოლიციასთან გააწყო რამე, მაგრამ უკვე იცოდა, რომ ძალადობას არასოდეს შეეგუებოდა. მთელი ბავშვობა ოცნებობდა, სადმე, ტელევიზიაში, ბავშვთა დაცვის ცხელი ხაზის ნომერი გამოჩენილიყო და იქ დაერეკა. წლები დასჭირდა იმას, რომ პოლიციას სოფიო დაზარალებულად, მამა კი მოძალადედ ეცნო.

სახლიდან მაინც წამოვიდა. ჯერ ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. მერე თელავის უნივერსიტეტში ჩააბარა. პარალელურად ხან მეეზოვედ მუშაობდა, ხან დაცვის სამსახურში. ყველაფერი სცადა, თავის გადასარჩენად არაფერი უთაკილია. შარშან გაზაფხულზე სახლიდან თავისი ერთ-ერთი დაც წამოიყვანა, მოძალადე მამას გამოარიდა - ის ახლა მინდობით აღზრდაშია.

სოფიოს ძალიან უნდა გერმანიაში სწავლის გაგრძელება. მერე კი ახალი ცოდნით დედოფლისწყაროში დაბრუნება. ახლა დროებით ბებიასთან და პაპასთანაა, რადგან თელავში თვეებია მერია ბინის ქირის ფულს აღარ ურიცხავს. სტიპენდიასაც აგვიანდება. მისი შემოსავალი კი მხოლოდ 50 ლარიანი სოციალური დახმარებაა.

ახლა ყველაზე მეტად საკუთარ ლეპტოპზე ოცნებობს, რომ ლექციებს დაესწროს და გამოცდები ჩააბაროს. ტექნიკური პრობლემის გამო დროებით ვერც ონლაინ სწავლას ახერხებს. მაგრამ ამბობს, რომ მაინც იბრძოლებს. ბოლომდე. არც არასოდეს გაჩუმდება და ამას გააკეთებს სხვა ქალებისთვისაც და საკუთარი უკეთესი მომავლისთვისაც.
„არ მეგონა თუ ამდენს შეძლებდი“, - უთხრა სოფიოს დედამ, წლების შემდეგ. სოფიოს ბრძოლა დედისთვის ბრძოლაცაა, ვინც ხმამაღლა ძალადობაზე ლაპარაკი ვერ გაბედა.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ეს კი ერთი გოგოს ბრძოლის ამბავია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG