Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრობლემა არის - ვის ველაპარაკებით კრიტერიუმებსა და პროცედურაზე"


  • "სისტემა დატოვონ მოსამართლეთა კლანის ლიდერებმა და საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კლანის გაძლიერებას"
  • "ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპი მართლმსაჯულების სისტემისთვის"
  • "საბჭომ გადანიშნა ყველა, ვის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია იყო"
  • "მხოლოდ საზოგადოების პროტესტი შემოაბრუნებს ამ ვითარებას. სხვა ბერკეტი არ გვაქვს"
  • "ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა გავლენიანი საერთაშორისო პარტნიორი, როგორ მოხდება მათი სახელის გამოყენება და ხომ არ დაუკავშირდება მათი სახელი იმ პროცესების ლეგიტიმაციას, რომლებიც მხოლოდ კლანის გაძლიერებას იწვევს და სხვას არაფერს"

"ამ საბჭოს პირობებში აზრი არ აქვს არანაირ კრიტერიუმსა და პროცედურას",

- აცხადებს სოფო ვერძეული, EMC-ს მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, რომელიც არის თანაავტორი პეტიციისა "მართლმსაჯულების გადასარჩენად".

პეტიციის მხარდამჭერთა მთავარი მოთხოვნაა:

"​დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა".

სოფო ვერძეული განმარტავს, რომ დღეს არსებულ ვითარებას მხოლოდ საზოგადოების პროტესტი შემოაბრუნებს - "სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს".

EMC-ს პროგრამის დირექტორი იხსენებს წარსულს და როგორც ადრე, დღესაც წინააღმდეგია სასამართლო სისტემაში "პოლიტიკური წმენდის" ან "ქირურგიული ჩარევის" გზით განხორციელდეს ცვლილებები:

"ამიტომ მხარს ვუჭერდით ძალიან პრინციპული და გარდამტეხი რეფორმების გზით სიარულს, რაც პრაქტიკულად ხელიდან გამოაცლიდა ყველა ბერკეტს მოსამართლეებს, რომლებიც გარკვეული გავლენებით სარგებლობდნენ და მისცემდა სისტემას გაჯანსაღების შანსს".

სოფო ვერძეული იხსენებს ეტაპს, როცა მოსამართლეების დიდ ნაწილს გასდიოდა უფლებამოსილების ათწლიანი ვადა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინდივიდუალურად უნდა მიეღო გადაწყვეტილებები თითოეული კანდიდატურის შესახებ -

"იმსახურებდნენ, თუ არა ისინი სამოსამართლო კარიერის გაგრძელებას და ეს არ მოხდა. საბჭომ გადანიშნა ყველა, ვის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია იყო და თუკი ვინმე ცდილობდა გამიჯვნოდა და დაპირისპირებოდა მოსამართლეთა ამ გავლენიან ჯგუფს, ყველა დარჩა სისტემის გარეთ".

"დილის საუბრების" სტუმრის შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში "ალბათ, არის რაღაც კრიტიკული მომენტი, როცა მათ შორის ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა და დონორებმა უნდა დასვან საკითხი - როგორ გრძელდება მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა და რას ვაკეთებთ, თუკი დახარჯული ფული, დრო, რესურსები შედეგს არ იძლევა. ამ დისკუსიის გახსნას ვთხოვთ ჩვენ დონორებს".

სოფო ვერძეული ხაზგასმით ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს იდეას, რომ "რაიმე სამართლებრივი ან პოლიტიკური ჩარევით მოხდეს იუსტიციის საბჭოში ცვლილებები" და ერთადერთი ბერკეტი არის "ძალიან ნათელი, მკაცრი საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უნდა დაინახოს, ვინც უნდა დაინახოს და აიღონ მორალური პასუხისმგებლობა".

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG