Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური საცხოვრისით უკმაყოფილო ბენეფიციარები, მერია და კომპანია


სოციალური საცხოვრებლის დაზიანებული კედელი
სოციალური საცხოვრებლის დაზიანებული კედელი

საცხოვრებლის არადამაკმაყოფილებელი ფუნქციები, დეფექტებით შესრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ხანძარსაწინააღმდეგო და ბუნებრივი აირის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ხელოვნური და ბუნებრივი განათების წესებთან შეუსაბამობა და დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენა – ეს ის დარღვევევბია, რომლებიც ქუთაისში, ნიკეას 40 ნომერში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის 30-გვერდიან დასკვნაშია ჩამოთვლილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის ნაწილი ქუთაისის მერიამ გაასაჯაროვა. ამავე დოკუმენტის თანახმად, სოციალურ საცხოვრისში თითოეული ოჯახისთვის ინდივიდუალურად გადაცემული ფართი არ შეესაბამება ფაქტობრივად გადაცემულ ფართს, რადგან მიღება-ჩაბარების აქტით, სულ გადაცემული იყო 4 658 კვადრატული მეტრი ფართი, ფაქტობრივი აზომვით კი დადგინდა, რომ გადაცემული ფართი შეადგენს 4 288 კვადრატულ მეტრს. ექსპერტებმა დაადგინეს ასევე, რომ მშენებლობის პროექტი, მერიასა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „სანოს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას არ შეესაბამება. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ არ შესრულებულა 153 ათასი ლარის ღირებულების ენერგოდამცავი ტექნოლოგიების სამუშაოები და შენობაში მცხოვრები 80 ოჯახისთვის არ მოუწყვიათ ლოჯიები, საერთო ფართით 154 კვადრატულ მეტრამდე, რომლის საორიენტაციო ღირებულება, დაახლოებით, 130 ათასი ლარია.

სოციალური საცხოვრებელი ქუთაისში
სოციალური საცხოვრებელი ქუთაისში

სოციალურ საცხოვრისში შარშან შესახლებულმა ოჯახებმა ხარვეზები მალევე აღმოაჩინეს, რაც საჯაროდაც არაერთხელ განაცხადეს. ექსპერტიზის დასკვნა ამ კვირაში გახდა ცნობილი და ამას დაემთხვა ერთ-ერთი ბინის ჭერის ჩამოშლა. საცხოვრისიდან განსახლების მოთხოვნით მისი მობინადრეები ქუთაისის მერის მოადგილეებს შეხვდნენ. ბენეფიციარები აცხადებენ, რომ შენობაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

ქუთაისის ვიცე-მერებთან შეხვედრის შემდეგ სოციალური სახლის მობინადრეებმა გამოთქვეს შიში, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის დაპირების მიუხედავად, საცხოვრისში მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.

ქუთაისის მერის პირველი მოადგილის გიორგი იობაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მერიამ 5 ივნისს მიიღო და ის უკვე გადაუგზავნეს სოციალურ საცხოვრისში სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „სანოს“, რომელმაც ხარვეზები უნდა გამოასწოროს.

ქუთაისის მერიას დასკვნის ნაწილობრივ გასაჯაროების გამო აკრიტიკებს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა შუშანია. მისი განცხადებით, სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად გასული ორ წლის განმავლობაში დახარჯული ორ-ნახევარი მილიონი ლარი, ფაქტობრივად, გაფლანგულია, რადგან ბენეფიციარებს ცხოვრება უწევთ სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში.

ყოფილი კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტის შენობა სოციალური საცხოვრისისთვის კომპანია„სანომ“ 2016-2017 წლებში გაარემონტა და ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა. კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან ჭანტურიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნას ჯერ არ გასცნობია და დოკუმენტის დეტალურად შესწავლის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ იმოქმედოს. ლევან ჭანტურიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ექსპერტიზის ჩატარება შენობის ექსპლუატაციიდან რამდენიმე თვეში, მაშინ როცა სოციალური საცხოვრისი მობინადრეთა შესახლებამდე ექსპლუატაციაში მიიღო მერიამ და იმ დროისთვის ხარვეზები არ დაფიქსირებულა.

„სანოს“ ხელმძღვანელის ლევან ჭანტურიძის მტკიცებით, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, ქუთაისის მერიამ კი - არა, რადგან მარტში, გაურკვეველი მიზეზით, კომპანიას არ ჩაერიცხა სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო თანხის დარჩენილი მესამე ნაწილი, 522 ათასი ლარი. ლევან ჭანტურიძე ეჭვობს, რომ ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა შესაძლოა უკავშირდებოდეს კომპანიისთვის დარჩენილი თანხის გადახდისთვის თავის არიდებას. ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად 1 მილიონი ლარი გამოიყო, გასულ წელს კი მილიონ-ნახევარი ლარი უნდა დახარჯულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG