Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის გზა სირიის მიერ აღიარებამდე


„აფხაზეთის რესპუბლიკა და სირიის არაბული რესპუბლიკა აცხადებენ ურთიერთაღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საელჩოების გახსნის დონეზე და გამოხატავენ ორმხრივ სწრაფვას განავითარონ ურთიერთობა ყველა სფეროში“, - ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც გაფორმდა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს თქმით, სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას წინ უძღოდა მრავალწლიანი ინტენსიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი უწყება ატარებდა გეგმიურ და მიზანმიმართულ პოლიტიკას მრავალმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად სირიის არაბულ რესპუბლიკასთან. 2011 წლიდან, სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან, აფხაზეთის რესპუბლიკამ ღიად დაუჭირა მხარი სირიის მთავრობის მოქმედებას, რომელიც მიმართული იყო საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ“, - განაცხადა დაურ კოვემ 29 მაისს სოხუმში გამართულ მიღებაზე.

დაურ კოვეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და სირიას საერთო საზღვრები არა აქვთ, მათ შორის არსებობს ხანგრძლივი ისტორიული კავშირები, რომლებიც წარმოიქმნა აფხაზების გადასახლებით სირიის ტერიტორიაზე.

აფხაზეთის რესპუბლიკამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ჩვენი თანამემამულეების ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის პირობებზე. შედეგად აფხაზეთში რეპატრირებული იქნა 500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში...

თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აფხაზეთის დიასპორის დამსახურებას აღიარების პროცესში. მან თქვა:

„კარგადაა ცნობილი, რომ აფხაზური დიასპორა ფართოდაა წარმოდგენილი სირიის სამთავრობო სტრუქტურებში. ბევრ ჩვენს თანამემამულეს წამყვანი თანამდებობა უკავია სახელმწიფო მმართველობის ორგანოებსა და ძალოვან სტრუქტურებში, ისინი სარგებლობენ დამსახურებული პატივისცემითა და ავტორიტეტით სირიის საზოგადოებაში“.

კოვეს თქმით, სოხუმისა და დამასკის დაახლოებაში პოზიტიური როლი ითამაშა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებამ თავშესაფარი მიეცა აფხაზურ-ადიღეური დიასპორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სირიაში ომის დაწყების შემდეგ.

„აფხაზეთის რესპუბლიკამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ჩვენი თანამემამულეების ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის პირობებზე. შედეგად აფხაზეთში რეპატრირებული იქნა 500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში“, თქვა დაურ კოვემ. - „ჩვენი ეს ქმედებები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სირიის მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც აფხაზეთი აღმოჩნდა, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სირიის მოქალაქეებს თავშესაფარი შესთავაზა“.

პარალელურად, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დიპლომატიური უწყება განაგრძობდა კონტაქტების დამყარებას სირიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

რამდენიმეწლიანი მიზანმიმართული და კარგად აწყობილი მოქმედებების შედეგად ჩვენ შევძელით მჭიდრო და ნაყოფიერი კავშირის დამყარება სირიის არაბულ რესპუბლიკასთან. ჩვენი ძალისხმევის გვირგვინად იქცა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება.

2015-2016 წლებში გაიმართა შეხვედრები აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთში სირიის არაბული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

2016 წელს სოხუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „სირია - შორეული ახლობელი“.

2016 წელს სოხუმმა უმასპინძლა სირიის ეროვნულ ნაკრებს თავისუფალ ჭიდაობაში.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პერიოდულად ავრცელებდა სირიის მთავრობის მხარდამჭერ განცხადებებს, რომლებშიც გამოხატული იყო სრული მხარდაჭერა სირიის მთავრობისადმი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

2017 წლის აგვისტოში შედგა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მასშტაბური სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი სირიაში.

აფხაზეთის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მიღებული იქნა მაღალ სამთავრობო დონეზე. შეხვედრები გაიმართა სირიის არაბული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან. სწორედ ამ ვიზიტის დროს გამოთქვეს მხარეებმა სურვილი აუცილებლად დამყარებულიყო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა.

2017 წელს აფხაზეთს საპასუხო ვიზიტით ესტუმრა სირიის სახალხო საბჭოს დელეგაცია, რომლის წევრები გულითადად მიიღეს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„რამდენიმეწლიანი მიზანმიმართული და კარგად აწყობილი მოქმედებების შედეგად ჩვენ შევძელით მჭიდრო და ნაყოფიერი კავშირის დამყარება სირიის არაბულ რესპუბლიკასთან. ჩვენი ძალისხმევის გვირგვინად იქცა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება“, განაცხადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვემ 29 მაისს სოხუმში გამართულ მიღებაზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG