Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმმა „უსაფრთხოების დასაცავად“ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა


ენგურის ხიდზე სამი თვის წინ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლისთვის საჭირო დოკუმენტების მქონე პირები დღეიდან შეუფერხებლად ახერხებენ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას.

ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდს შორის არსებულ ერთადერთ გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე, რუსი და აფხაზი სამხედროები მგზავრებისგან ითხოვენ ე.წ. აფხაზურ პასპორტს. ვისაც ის არ აქვს, უნდა წარადგინოს დროებითი დოკუმენტები, როგორიც არის ბინადრობის მოწმობა ან ე.წ. ფორმა ნომერი ცხრა.

შეზღუდვები ენგურის ხიდზე ივნისში დაწესდა, როცა საქართველოში
ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობდა. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიზეზი აფხაზეთში უსაფრთხოების დაცვაა, რადგან მოსაზღვრე ტერიტორიაზე მასობრივი გამოსვლებია. თავდაპირველად გადაადგილებას მხოლოდ მოხუცები ახერხებდნენ:

„პენსიონერების გარდა, 60 წელს ქვევით მოქალაქეებს არ უშვებდნენ. პენსიონერები ჩვეულებრივ გადადიოდნენ. ახლა გაიხსნა, ითხოვენ ჩვეულებრივ საბუთებს - ფორმა ნომერ ცხრას და ბინადრობის მოწმობას“, - ამბობს გალის რაიონის მცხოვრები ეკა ძაძამია.

მიუხედავად დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ივნისში გავრცელებული განცხადებისა, გადაადგილება ენგურის ხიდზე ორმხრივად იკეტებაო, მგზავრები მიმოსვლას ფულის მიცემით მაინც ახერხებდნენ. თანხა დამოკიდებული იყო ე.წ. მესაზღვრეებთან ნაცნობობაზე. ამის მიხედვით, გადაადგილება 30 ლარიდან 400 ლარამდეც კი უჯდებოდათ მგზავრებს, რომელთაც სხვადასხვა სერვისის - მათ შორის ჯანდაცვისა თუ განათლების - მისაღებად უწევთ ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში ჩამოსვლა:

„მამაკაცებს არ ატარებდნენ, ყველა ფულით უნდა გადასულიყო, ახლა კი ყველას ჩვეულებრივ ატარებენ. მანამდე საჭირო იყო ან 500, 1000, 3000 რუბლი“, - უთხრა რადიო თვისუფლებას ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

გალის კიდევ ერთი მცხოვრები დასძენს, რომ ივნისში დაწესებულმა შეზღუდვამ ყველაზე მეტად აბიტურიენტები და სტუდენტები დააზარალა:

„ბავშვები, რომლებიც გამოცდებზე უნდა წასულიყვნენ, მაშინ ჩაიკეტა ხიდი და იმდენი ნერვები დავხარჯეთ მათ გადაყვანაზე, რომ არ დამავიწყდება. დღეს არის გახსნილი და გადადის ყველა. ახლა, როგორც ადრე იყო, ისეა, მაგრამ რა ცვლილებები იქნება, არ ვიცით. ახლა მალე ინაუგურაციაა [მეორე ვადით ე.წ. პრეზიდენტად არჩეული რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს არის დაგეგმილი] და ვნახოთ, აბა, მაგის მერე რა მოხდება, ვინ რა გზას დაადგება“, - ამბობს გალელი რესპონდენტი.

ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებთა ნაწილი რადიო თავისუფლებასთან ჯერ კიდევ ივნისში ამბობდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაამთხვია ეროვნულ გამოცდებს, რათა ახალგაზრდები აიძულონ სოხუმის უნივერსიტეტში ისწავლონ. აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა სხვადასხვა გზით მოახერხეს: ნაწილმა - თანხის გადახდით. ზოგი გადმოიპარა შემოვლითი გზით. ერთ-ერთი აბიტურიენტი მავთულხლართებზე ჩუმად გადასვლისას დაშავდა. მან ხელი დაისერა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG