Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაცია კლუბებში: ვინ გაწირა კალაძის „ღამის ეკონომიკა“?


პოლიციის სპეცოპერაცია კლუბ "ბასიანში"
პოლიციის სპეცოპერაცია კლუბ "ბასიანში"

რატომ გახდა საჭირო ასეთი ხმაურიანი სპეცოპერაციის ჩატარება და სავარაუდო ნარკორეალიზატორების მაინცდამაინც კლუბებში დაკავება, როდესაც ნარკოტიკებით ვაჭრობა საკლუბო ცხოვრების მიღმა იღებს სათავეს? არის თუ არა ეს დარტყმა დედაქალაქის მერის, კახი კალაძის, მიერ ზარზეიმით დაანონსებულ პროექტზე - „თბილისის ღამის ეკონომიკა“? ეს შეკითხვები ლოგიკურად ჩნდება კლუბებში: „ბასიანსა“ და „გალერიში“ 12 მაისს, 01:00 საათზე ჩატარებული საგანგებო, ხმაურიანი სპეცოპერაციის კვალდაკვალ. სპეცოპერაციამ, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, ნარკორეალიზატორების დასაკავებლად დაიგეგმა, არაერთი უდანაშაულო ადამიანი დააზარალა და წარმოუდგენლად სტრესული გარემო შექმნა ელექტრონული მუსიკისა და ცეკვის მოყვარულებისთვის. კლუბ „ბასიანში“ მასშტაბური სპეცოპერაცია სწორედ მაშინ ჩატარდა, როდესაც იქ საგანგებო ღონისძიება იმართებოდა. ბევრისთვის აშკარაა, რომ სპეცოპერაციამ დიდი დარტყმა მიაყენა საკლუბო ცხოვრებას, რომლის გარეშეც ვერ განვითარდება ტურიზმი და შესაბამისად, შეფერხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ​

„ღამის ეკონომიკაზე“ დარტყმა?

11 მაისს, კლუბი BASSIANI / HOROOM ლეიბლის GIEGLING ღამეს უმასპინძლებს, რომელიც რამოდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური ლეიბლია ევროპის მასშტაბით.

კლუბ „ბასიანში“ მასშტაბური სპეცოპერაცია სწორედ მაშინ ჩატარდა, როდესაც იქ „თბილისის ღამის ეკონომიკის“ მიერ საგანგებოდ დაანონსებული ღონისძიება უნდა გამართულიყო. პროექტი „თბილისის ღამის ეკონომიკა“ სწორედ ის პროექტია, რომელიც დედაქალაქის ამჟამინდელი მერის - კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებიდან იღებს სათავეს.

კლუბ „ბასიანში“11 მაისისთვის დაანონსებული ღონისძიების დაწყების დროდ 11:55 საათი იყო დასახელებული, ღონისძიება დილის 9 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო და „თბილისის ღამის ეკონომიკაც“, მათ შორის - სოციალური ქსელების საშუალებით, თამამად ეპატიჟებოდა ყველას, დროის გასატარებლად:

11 მაისს, კლუბი BASSIANI / HOROOM ლეიბლის GIEGLING ღამეს უმასპინძლებს, რომელიც რამოდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური ლეიბლია ევროპის მასშტაბით- ეს ინფორმაცია გამუდმებით ტრიალებდა სოციალურ ქსელებში.

სერგი გვარჯალაძე
სერგი გვარჯალაძე

სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ კი, 12 მაისს გამთენიისას, საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ რიგითი მოქალაქის როლში, დაბნეული იდგა „თბილისის ღამის ეკონომიკის“ განვითარების პროექტის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე. ის ამ პოსტზე მარტში დაასახელა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ. 12 მაისს, გამთენიისას, საპროტესტო აქციაზე, სერგი გვარჯალაძე მედიას გამუდმებით უმეორებდა, რომ კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება მოხდა „ძალიან ცუდი და მიუღებელი ფორმით“ და რომ მომხდარის მიზეზებზე თავად მან არაფერი იცის. ვერ ვხვდები რა ხდება. ახალგაზრდები რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულები რატომ ჩავაყენეთ ამ მდგომარეობაში" - რიტორიკულ შეკითხვას სვამდა სერგი გვარჯალაძე, რომელმაც, როგორც თავად ამბობდა, ვერ დაურეკა დედაქალაქის მერს: "კალაძის ნომერი არ მაქვს."

12 მაისის გამთენიისას განვითარებული მოვლენები ბევრისთვის ასე გამოიყურება: ნებსით თუ უნებლიედ, სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა დარტყმა მიაყენეს დედაქალაქის მერის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე მიმართულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ძირითადად ახალგაზრდების ინტერესებს. ახლა საკითხავია - მოხდა ეს შეგნებულად თუ უნებლიედ?

რატომ არავინ იფიქრა საქართველოს იმიჯზე?

პროექტი „ღამის ეკონომიკა“ „ძალიან უსუსურად გამოიყურება“, მაშინ, როცა ამ მასშტაბით დაირღვა ადამიანის უფლებები. შედეგად, ცხადია, ეს არის დარტყმა ტურიზმზეც - ასე აფასებს 12 მაისს, გამთენიისას კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი - მაია სიდამონიძე. მისი თქმით, საფრთხის ქვეშ დადგა მზარდად დადებითი იმიჯი, რომელიც საქართველოს თანდათან უყალიბდებოდა საერთაშორისო მასშტაბით.

სპეცოპერაცია "კაფე გალერისთან"
სპეცოპერაცია "კაფე გალერისთან"

„ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი საკლუბო ცხოვრების მოყვარული ტურისტებისთვის და გასაკვირი არ იქნება, თუკი ისინი სამომავლოდ თავს შეიკავებენ საქართველოში ჩამოსვლისგან. ასეთი ამბები სწრაფად ვრცელდება ინტერნეტის ეპოქაში.“

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდანაშაულის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას, მაია სიდამონიძე ფიქრობს, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გასართობ ადგილებში მშვიდობიანი ადამიანების დარბევის ხარჯზე.

„თუკი სამართალდამცველები საგამოძიებო დაკვირვებას სამი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, მასალებს აგროვებდნენ და ნარკორეალიზატორები იდენტიფიცირებული ჰყავდათ, რა საჭირო იყო ასეთი ხმაურიანი სპეცოპერაციის ჩატარება? ევროპაშიც არის ნარკორეალიზაციის პრობლემები, მაგრამ საქმეს იძიებენ და რეალიზატორებს ცივილიზებული ფორმით აკავებენ, არა მშვიდობიანი ხალხისთვის ასეთი სტრესული გარემოს შექმნის თანხლებით.“

რატომ დუმს დედაქალაქის მერი?

კლუბებში ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას ჩვეული ოპერატიულობით არ გამოხმაურებია დედაქალაქის მერი - კახა კალაძე. ლაივვიდეოებითა და facebook-მიმართვებით ცნობილ პოლიტიკოსს 12 მაისის 19:00 საათის მონაცემებით, არცერთი კომენტარი არ გაუკეთებია. არადა, სწორედ მისი არჩევის შემდეგ გამოცხადდა თბილისში - ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამა.

ამ დროისთვის მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ბოლო პოსტი 11 მაისს შუაღამის 12 საათისთვის არის გამოქვეყნებული და ის 2018 წლის 11 მაისის მოვლენას - „ქართული ოცნების“ ყრილობას შეეხება. პარტიის გენერალური მდივანი ტაშს უკრავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და წინა ხელისუფლების ძალადობრივ მიდგომებს აკრიტიკებს:

ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან უკვე ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია მოხდა. არჩევნების გზით, ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება - ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია“.

რას ნიშნავს კახა კალაძის დუმილი? ნიშნავს, რომ ხელისუფლების 12 მაისის სპეცოპერაციას ემხრობა და „ღამის ეკონომიკაზე“ დარტყმას ამართლებს თუ, პირიქით, ეწინააღმდეგება და ახლა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაზე ფიქრობს?

სად უნდა ვეძებოთ ნარკორეალიზაციის სათავეები?

ნარკოდისტრიბუციამ ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან დრამატული ფორმები შეიძინა და მასთან ბრძოლა სახელმწიფოს ევალება - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ძალის გადამეტების გარეშე უნდა მოხდეს და ამასთან, ნარკოდისტრიბუციის სათავეები კლუბებში არ უნდა ვეძებოთ:

„თუკი ნარკოტიკები კლუბებშიც არის, კლუბების კარებამდე ნარკოტიკები საიდანღაც მიდის. ვიდრე, მაგალითად, კლუბ „ბასიანამდე“ მივიდოდა, ნარკოტიკებმა საზღვარი გამოიარა, მერე სადღაც იყო დასაწყობებული და მერე ვიღაც ბითუმადაც ჰყიდდა მას. ბოროტების სათავე სახელმწიფომ სხვაგან უნდა ეძებოს და მთავარი ძალისხმევა სხვაგან უნდა იყოს მიმართული. როგორ დავიჯერო, რომ იმ ადამიანების პოვნა შეუძლებელია?“

გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ 12 მაისის მოვლენები ნარკოტიკებთან მასშტაბური ბრძოლის დემონსტრირებისთვის, გარკვეული ძალის მიერ იყოს პროვოცირებული, საზოგადოების იმ ეჭვის ფონზე, რომ - „მსხვილი ნარკობიზნესი ვერ იმუშავებს ძალოვანი სტრუქტურების ქოლგის გარეშე.“

გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ძალის ამგვარ დემონსტრირებას, მითუმეტეს, როცა ის ახალგაზრდებისკენ არის მიმართული, კარგი შედეგების მოტანა არ შეუძლია. „წმინდა საარჩევნო პრიზმაში თუ გავხედავთ, ხელისუფლებამ უფრო უარყოფითი შედეგი მიიღო, ვიდრე დადებითი“ - ეუბნება ანალიტიკოსი რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG