Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის დაკრძალვა - ამ შაბათ-კვირას


11 მაისს ტელეარხმა “Настоящее время” თავის საიტზე განათავსა სერგეი ლოზნიცას ფილმი “სახელმწიფო დასაფლავება”, რომლის პრემიერა შარშან გაიმართა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. გასული წლის კინოსეზონის ეს ერთ-ერთი საუკეთესო სურათი ორშაბათამდე შეგიძლიათ ლეგალურად, უფასოდ ნახოთ ამ მისამართზე.

ფილმში შეგიძლიათ იხილოთ როგორც 1953 წლის 5-9 მარტის ოფიციალური ქრონიკის კადრები, ასევე კინომასალა, რომელიც წლების მანძილზე საბჭოთა კინოარქივის აკრძალულ ფონდებში ინახებოდა. ცხადია, უნიკალური ეპიზოდების გაცნობა, პირველ რიგში, ისტორიკოსებისთვის და ისტორიის მოყვარულებისთვის იქნება საინტერესო. მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი - ფილმი ააწყო დიდმა ხელოვანმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა, სერგეი ლოზნიცამ. ამიტომ “სახელმწიფო დასაფლავება” საინტერესო იქნება კინოს მოყვარულთათვისაც. მით უმეტეს, რომ ლოზნიცამ არა მარტო აკინძა მასალა, არამედ ზოგიერთი ეპიზოდი ახლიდან გაახმოვანა, ზოგიც მუსიკალურად გააფორმა… თუმცა მთავარი მაინც ორსაათიანი ფილმის აწყობაა, დრამატურგიის, სიუჟეტის შექმნა ქრონიკის თანმიმდევრობით, ხანდახან გააზრებული განმეორებითაც კი.

უფრო მეტიც - არა მარტო ამბის თხრობა, ისტორიის ასახვა სახეებში, არამედ ამბისა და ისტორიის ანალიზიც. თავად სერგეი ლოზნიცა აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო დასაფლავება” არის არა იმდენად ფილმი სტალინზე თუ მის გარემოცვაზე, რამდენადაც ფილმი უბრალო ადამიანებზე, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც 1953 წლის მარტში დაიტირეს თავიანთი ბელადი. რატომ ტირიან? რატომ ტირის მთელი ქვეყანა? რატომ ტირიან ისინიც კი, ვისაც სტალინმა ოჯახის წევრები გადაუსახლა და დაუხვრიტა? რამდენად გულწრფელია მათი ეს ცრემლი? რას გამოხატავს ამ ხალხის სახეები? შიშს? უიმედობას? პანიკას? მათ ხომ ნამდვილად სჯეროდათ, რომ ბელადი არასდროს, არასდროს მოკვდებოდა.

ამ კითხვებს თავად რეჟისორი არ უპასუხებს. მისი როლი “სახელმწიფო დასაფლავებაში” მინიმალურია. ლოზნიცა უარს ამბობს საავტორო კომენტარზე და ობიექტურობის მაქსიმალურად მისაღწევად ერიდება დოკუმენტური კადრების დამოკლებას, შეჭრას თუ დროის თანმიმდევრობის აღრევას. ფილმის პირველი ეპიზოდების ნახვის შემდეგ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც - რატომ აეწყო ფილმი სხვადასხვა ოპერატორის მიერ გადაღებული ერთი და იმავე კადრებისგან? რატომ იმეორებს ავტორი კადრებს და ეპიზოდებს? თუმცა, ვფიქრობ, ამ კითხვას მაშინ უპასუხებთ, როცა ისტორიული ქრონიკის “დათვალიერება” სიამოვნებას მოგანიჭებთ, როცა გაიაზრებთ მთავარს - სერგეი ლოზნიცამ ჩვენ, მაყურებელს, მოგვცა საშუალება ჩავაცქერდეთ ისტორიას, დავინახოთ წარსული ძალიან ახლოდან… აი, იცით, რამდენად ახლოდან? - ბერიას ფეხსაცმელი რომ კარგად დავათვალიეროთ, ისეთი მანძილიდან. ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორი ფეხსაცმელი ეცვათ დიქტატორებს? ანდა თუნდაც სტალინის დაკრძალვის ოფიციალურ ქრონიკაში თუ შეგინიშნავთ, როგორ ახველებენ, აცემინებენ, ხანდახან ამთქნარებენ პოლიტბიუროს მაშინდელი წევრები ტრიბუნაზე? სერგეი ლოზნიცას ფილმში იხილავთ ჩვენი უახლოესი წარსულის დეტალებს, რომლებმაც, ვინ იცის, ჩვენც ახლებურად აგვაწყობინოს ისტორია. ისტორიულ დეტალებს ანალიზი სჭირდებათ. განმეორებებიც “სახელმწიფო დასაფლავებაში” ამ მიზნით ხდება - ერთ ეპიზოდში შინაარსს ვაქცევთ ყურადღებას, ინფორმაციას ვიღებთ, მეორეში კადრის დათვალიერებას ვიწყებთ, მესამეში კი მივმართავთ თავისებურ “მედიტაციას” დეტალებზე, პერსონაჟების გამომეტყველებაზე.

“სახელმწიფო დასაფლავების” ძირითადი მასალა აღებულია საბჭოთა დოკუმენტური ფილმიდან “დიადი დამშვიდობება”, რომლის მთავარ ავტორად სტალინის საყვარელი რეჟისორი, მიხეილ ჭიაურელი ითვლება (თუმცა ფილმზე სხვა რეჟისორები და ოპერატორებიც მუშაობდნენ). მაგრამ სურათის მონტაჟის დასრულებისთანავე “დიადი დამშვიდობება” თაროზე შემოდეს - მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარ შეიძლებოდა ხსენებაც კი ლავრენტი ბერიასი, რომელიც ხშირად ჩანს მიხეილ ჭიაურელის ფილმში. არც ისაა გამორიცხული, რომ საბჭოთა კავშირში აღარ უნდოდათ სტალინის ამ კოლექტიური დატირების გახსენება, მით უმეტეს, რომ ჭიაურელმა, გააფორმა რა ბელადის დასაფლავების კადრები ჩაიკოვსკის სიმფონიით (“პათეტიკური”), ფაქტობრივად, კიტჩად აქცია ეს მოვლენა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა “დიადი დამშვიდობება” რუსეთის რომელიღაც ტელეარხზე უჩვენეს, ხალხს ეცინებოდა ამ კოლექტიურ გლოვაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ სერგეი ლოზნიცას არანაირად არ ჰქონია სურვილი მაყურებელს სწორედ ასე, “მხიარულად” აღექვა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს საზარელი დღეები. “სახელმწიფო დასაფლავების” ავტორს სულ სხვა მიზანი ჰქონდა.

თავის ახალ ფილმში, უკვე მერამდენედ, სერგეი ლოზნიცა აქტიურად გვრთავს შემოქმედებით პროცესში. თუკი ამ რეჟისორის მხატვრულ ფილმებში მაყურებელი მსახიობებთან ერთად იწყებს პერსონაჟის ძერწვას, ზოგჯერ კი ფილმის გმირებთან იდენტიფიკაციაზეც თანხმდება, ლოზნიცა-დოკუმენტალისტისთვის ფილმის მოქმედებაში ჩვენი ასეთი აქტიური ჩართვა ქვეყნის ისტორიის კოლექტიური გააზრების ცდაა. გერმანიაში მოღვაწე უკრაინელ რეჟისორს ხომ არაერთხელ უთქვამს, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განვითარება დაჩქარდება მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი საბჭოთა ისტორიას ახლებურად გაიაზრებს და საბჭოთა ეპოქაში შექმნილი ლეგენდებისა და მითების დანგრევის აღარ შეეშინდება. ამაზე ილაპარაკა სერგეი ლოზნიცამ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ანარეკლები”

“ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გავხადო მაყურებელი იმ გრანდიოზული, საზარელი, გროტესკული შოუს მონაწილე და მოწმე, რომელიც ტირანული რეჟიმის არსს გამოხატავს”, - აღნიშნა სერგეი ლოზნიცამ “სახელმწიფო დასაფლავების” პრემიერის შემდეგ ვენეციის კინოფესტივალზე. შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორი პირდაპირ აღიარებს, რომ სრულიად გააზრებულად მიმართავს “რეაქტიულ ატრაქციონებს”, შოკისმომგვრელ სახეებს, რომლებითაც, სამწუხაროდ, მეტისმეტად მდიდარია საბჭოთა ისტორია.

არის თუ არა ეს მაყურებლის მანიპულაცია? კი, არის. მაგრამ, ამავე დროს, დახმარებაცაა, ავტორის სურვილია გადავლახოთ შიში, გავახილოთ თვალი და ჩვენს წარსულს ახლიდან შევხედოთ. ახლიდან და, რაც მთავარია, “ახლოდან”!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG