Accessibility links

სტალინის წინააღმდეგ მებრძოლი ტყის ძმები


როდის დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე? ეს კითხვა ერთი შეხედვით გაკვირვებულს დატოვებს ადამიანს - ითვლება, რომ ეს მოხდა არაუგვიანეს 1945 წლის მაისისა. თუმცა ეს ასე არ იყო. საბჭოთა კავშირში ომი არ დამთავრებულა 1945 წლის გაზაფხულზე. არც მომდევნო წელს. ომი, სულ მცირე, სტალინის სიკვდილამდე გრძელდებოდა. საომარი მოქმედებები განსაკუთრებით მძლავრობდა დასავლეთ უკრაინასა და ლიეტუვაში.

საომარი მოქმედებების ინტენსივობის ხარისხზე მეტყველებს 1953 წლის 26 მაისის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომის ერთი ამონარიდიც: „1944-1952 წლებში 500 ათასზე მეტი უკრაინელი იქნა რეპრესირებული. მათ შორის: 134 ათასი დაპატიმრებული, 153 ათასი განადგურებული და 203 ათასი დეპორტირებული უკრაინაში დაბრუნების უფლების დაკარგვით. და, მიუხედავად ამისა, ნაციონალისტურ-ბურჟუაზიული იატაკქვეშეთი ისევ მძლავრობს

დასავლეთ უკრაინაში. (...) 1944-1952 წლებში 270 ათასზე მეტი ლიტველი იქნა რეპრესირებული, რაც რესპუბლიკის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. და, მიუხედავად ამისა, ლიტვის ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი, ე.წ. ტყის საძმო, კვლავ ძლიერია. არა მარტო ე.წ. ტყის ძმების ლიდერები არ არიან დღემდე განადგურებული, არამედ ვერ იქნა აღკვეთილი ვერც მათი აქციები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ“.

კით ლოუვი
კით ლოუვი

დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სტალინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი თუ პოლიშინელის საიდუმლო იყო საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი, ლიეტუვის ტყის ძმების ბრძოლა დღემდე ნაკლებად ცნობილი რჩება.

ისტორიკოსმა კით ლოუვმა თავის ბესტსელერში „ველური ევროპა“ (წიგნი 20 ენაზეა თარგმნილი) ერთი თავი სწორედ ლიეტუველი ტყის ძმების ბრძოლას მიუძღვნა. მას ამ თემაზე ვესაუბრე.

კით, რატომ იყო გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო ძლიერი ლიეტუვაში, ვიდრე ლატვიასა ან ესტონეთში?

ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდა. პირველ რიგში არ დაგვავიწყდეს, რომ ლიეტუვის მოსახლეობა ომის შემდეგ თუ იყო 2 553 000, ლატვიის მოსახლეობა 2 მილიონზე ოდნავ ნაკლები, ხოლო ესტონეთის 1 მილიონზე ოდნავ მეტი იყო. ამას გარდა ლიეტუვის მოსახლეობაში უფრო ჭარბობდა გლეხობის წილი. გლეხები კი უფრო კონსერვატორული, უფრო რელიგიური და ნაკლებად განათლებული ფენა იყო. მესამე ფაქტორი ის გახლდათ, რომ ანტინაცისტური მოძრაობა ლიეტუვაში ასევე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ესტონეთში ან ლატვიაში.

ჰო, ლიეტუველებს როდესაც საკუთარი ეროვნული უნიკალურობის წინ წამოწევა სურთ, ამას ხშირად უსვამენ ხაზს.

კით ლოუვის წიგნი "ველური კონტინენტი"
კით ლოუვის წიგნი "ველური კონტინენტი"

სინამდვილეში ამის მიზეზი ბევრად უფრო პროზაულია - ლიეტუვის ანტინაცისტური მოძრაობის სიძლიერე განპირობებული იყო პოლონეთთან მეზობლობით. ორივე ქვეყანაში მეომარი პარტიზანები ხშირად ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ, იყენებდნენ ერთმანეთის ბაზებს ვერმახტის ან წითელი არმიის შეტევის შემთხვევაში.

სწორედ ამიტომაც, პირველ ეტაპზე, 1944-1945 წლებში, როცა წითელი არმია გამოჩნდა ლიეტუვის ტერიტორიაზე, ტყის ძმები ძალზე ორგანიზებულ ძალას წარმოადგენდა: ქვეყნის მთელი ტერიტორია დაყოფილი იყო ე.წ. სამხედრო ოლქებად. თითოეულ ოლქს ჰყავდა მეთაური საკუთარი პოლკებით, ბატალიონებით და ა.შ. იყო ნაწილები ლოგისტიკის, მომარაგების, კავშირგაბმულობის, სამედიცინო და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს თუ ლიეტუველები ტყეში გადიან მასობრივად, ამის მიზეზი არა პატრიოტიზმია, არამედ სურვილი, წითელ არმიაში ძალით რეკრუტირებას აარიდონ თავი. ამ დროს საბჭოთა ტერორი მასობრივი და საშინელი იყო. მცირეოდენი ეჭვი პარტიზანებისადმი სიმპათიისა საკმარისი იყო, რომ გლეხი სახალხოდ ჩამოეხრჩოთ. სტალინური ტერორის მსხვერპლი ხდებოდა ტყეში გახიზნული პარტიზანის მთელი ოჯახი. მაგრამ საბჭოთა ტერორს თან ახლდა ასევე თაფლაკვერის პოლიტიკაც - 1945 წელს, როცა მოსკოვი ამნისტიას გამოაცხადებს, 36 000 პარტიზანი გადაწყვეტს სახლში დაბრუნებას.

და ეს კარდინალურად შეცვლის სიტუაციას...

ნამდვილად. ამ დროს ტყის ძმების რაოდენობა 45 000-დან უცბად ეცემა რამდენიმე ათასამდე. ტყის ძმები რჩებიან ლოგისტიკის, მომარაგების გარეშე. ამ ეტაპიდან მოყოლებული ყველაზე დიდი, რასაც ტყის საძმო ახერხებს - ესაა საბჭოთა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებზე თავდასხმების მოწყობა.

ტყის ძმების საარქივო ფოტო (გენოციდის მსხვერპლის მუზეუმი, ვილნიუსი).
ტყის ძმების საარქივო ფოტო (გენოციდის მსხვერპლის მუზეუმი, ვილნიუსი).

ტყეში დარჩენილი ძმების დისკრედიტაციის მიზნით კრემლი მასიურად დაიწყებს პროპაგანდას და მოახერხებს კიდეც მოსახლეობის ნაწილის თავის მხარეს გადმობირებას. ლიეტუველების ნაწილი ნელ-ნელა დაიწყებს დაჯერებას, რომ ტყის ძმები ბანდიტები იყვნენ. სხვათა შორის კრემლის პროპაგანდის წისქვილზე ზოგჯერ ტყის ძმებიც ასხამდნენ წყალს - ვინაიდან მათ სულ უფრო უჭირდათ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმის მოწყობა, ისინი შურს კოლაბორაციონისტებზე იძიებდნენ. ეს კი მოსახლეობის ნაწილში მათ მიმართ აგრესიას ზრდიდა.

როგორ ახსნი მაინც მოსკოვის საბოლოო გამარჯვებას?

ბერიას მიერ მართული სამხედრო, ეკონომიური და სოციალური სტრატეგია საბოლოოდ ეფექტიანი აღმოჩნდება. თუ ომის პირველ ეტაპზე კრემლის რეპრესიული აპარატის ტერორი სასტიკი იყო, მეორე ეტაპზე, როცა ტყის საძმო დასუსტდა, ბერიას უწყება ტყიდან გამოსულ პარტიზანებს მილიციაში გაწევრიანებას შესთავაზებს. ეს წვევამდელი ლიეტუველისათვის გარანტია იყო, რომ მას წითელ არმიაში არ გაიწვევდნენ. მილიციის ფორმა თუ გუშინდელ პარტიზანს ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს აძლევდა, ბერიას უწყებისათვის ისინი ძალზე კარგ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდნენ. ბერიას მოადგილე კრუგლოვი ასევე მოახერხებს რამდენიმე აგენტის ჩანერგვას ტყის საძმოში. მაგალითად, იუზას მარკულისი, ტყის ძმების ერთ-ერთი ლიდერი, კრუგლოვის აგენტი იყო. ამას თან ახლდა მუდმივი ტერორი მოსკოვის მხრიდან - 1948 წელს 40 ათასი ლიეტუველის დეპორტაცია ფატალური აღმოჩნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის.

მე შევხვედრივარ ერთ-ერთ ტყის ძმას, იონას კაჯიონისს, რომელიც კრუგლოვის ხელში 1952 წლის ბოლოს ჩავარდება და 25 წელი გაატარა გულაგში. ის მიყვებოდა, თუ ბრიტანელების დახმარების როგორი იმედი ჰქონდათ მათ 1945-52 წლებში...

მათ ანგლოსაქსების ინტერვენციის დიდი იმედი ჰქონდათ, თუმცა ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. და უნდა ითქვას, რომ ბრიტანელებიც ძალზე აღვივებდნენ უსაფუძვლო იმედის ნაპერწკალს ტყის ძმებში - ალექსანდერ მაკკიბინი, რომელიც ბრიტანულ დაზვერვაში ბალტიის ქვეყნებს კურირებდა, განსაკუთრებით აქტიური იყო. მაგალითად, იგი ორგანიზებას უწევდა ემიგრაციაში მცხოვრები იმ ლიეტუველების საჰაერო გზით გადასროლას ლიეტუვის ტერიტორიაზე, რომლებიც სხვებს არწმუნდებდნენ, რომ ბრიტანელები მალე შევიდოდნენ ლიეტუვაში. მაგრამ 40-იანი წლების ბოლოს ბერიას უწყება ყველა ამ ემიგრანტს დააპატიმრებს. ამ პერიოდში ტყის ძმების ერთადერთი საზრუნავი თავის გადარჩენა ხდება - სამხედრო ოპერაციაზე უკვე აღარავინ ფიქრობდა. ეს უკვე ლიეტუვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უკანასკნელი კონვულსიები იყო...

XS
SM
MD
LG