Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის ისტორიული ვერდიქტი და თვალსაზრისი უკრაინიდან


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) 21 იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დადებითად გამოეხმაურა უკრაინა, რომელსაც თავისი ანგარიშები აქვს მოსკოვთან ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჩადენილი არაერთი სამხედრო დანაშაულისთვის.

„მე მინდა მივულოცო საქართველოს, რადგან ეს არის სრული გამარჯვება. თქვენ ყველა გადამწყვეტ პუნქტში გაიმარჯვეთ. თქვენ დაამტკიცეთ, რომ რუსეთი არის აგრესორი, იგი დღემდე განაგრძობს ოკუპაციას და აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილს, რაც ახლა უკვე აღიარებულია საერთაშორისო სასამართლო ორგანოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს კარგია იმ მხრივ, რომ, ქართველების მსგავსად, აგრესიით დაზარალებული ყველა მოქალაქე დარწმუნდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ იცავს, საერთაშორისო სასამართლო მათ იცავს და რომ ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს თავის დანაშაულზე“, - უთხრა „ევროპეისკაია პრავდას“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა სერგეი სიდორენკომ რადიო თავისუფლებას.

მაგრამ უკრაინაში არც იმას მალავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ოთხშაბათის პრეცედენტულ გადაწყვეტილებას აქვს ერთი არსებითი ნაკლი, რამაც შესაძლოა უკრაინის საქმის განხილვაზეც იმოქმედოს. ლაპარაკია 2008 წლის აგვისტოს ომის საბრძოლო მოქმედებების ფაზაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, რაშიც ევროპის სასამართლომ რუსეთი არ მიიჩნია დამნაშავედ.

უკრაინელი, პოლონელი და ქართველი მოსამართლეების აღშფოთება

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოტანილი გადაწყვეტილების სწორედ ამ ნაწილს მიიჩნევენ ევროპული სასამართლოს მთავარ ხარვეზად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში უკრაინის, პოლონეთისა და საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლეები, რომელთა ერთობლივი აზრი თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინელმა მოსამართლემ, ანა იუდოვსკაიამ.

ჩვენ დავუკავშირდით კომენტარისათვის ანა იუდოვსკაიას, რომელმაც მოგვწერა, რომ, როგორც მოქმედ მოსამართლეს, არ შეუძლია ოფიციალური კომენტარის გაკეთება, მით უფრო მაშინ, როცა მისი და მისი კოლეგების სოციალურ ქსელში გავრცელებული აზრი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

როგორც ირკვევა, უკრაინელი მოსამართლე ანა იუდოვსკაია, პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ქართველი ლადო ჭანტურია ერთობლივ განცხადებაში არ ეთანხმებიან 137-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებულ ევროპის ადამიანის უფლებათა მოსამართლეების დასკვნას, რომლის თანახმად, რუსეთ-საქართველოს ომი (2008 წლს 8-12 აგვისტო), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, არ ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში და, შესაბამისად, რუსეთი არ აგებს პასუხს ამ დღეებში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

„საერთაშორისო კონფლიქტების პირობებში საბრძოლო მოქმედებების ზონაში მყოფი რაიონის მოსახლეობის მიმართ მეომარი მხარეების იურიდიული პასუხისმგებლობის უარყოფა ძირს უთხრის საკუთრივ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რადგან საბრძოლო მოქმდებების გამო სწორედ სამოქალაქო პირები ექცევიან სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში და მათზე აისახება მეომარი მხარის რთული სამართლებრივი ურთიერთობები ტყვიების გასროლამდე ბევრად უფრო ადრე“, - ნათქვამია ანა იუდოვსკაიას, კშიშტოფ ვოიტიჩეკისა და ლადო ჭანტურიას შეფასებაში.

შესაბამისად, მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს მიიჩნევს საკუთარ წარმატებად. რუსეთი, როგორც მოპასუხე მხარე, ამტკიცებს, რომ რუსი სამხედროები თავს კი არ დაესხნენ, არამედ სამოქალაქო მოსახლეობას იცავდნენ საქართველოს თავდახმებისგან. რაც შეეხება აფხაზური და ოსური სამხედრო ფორმირებების მხრიდან შესაძლო დარღვევებს, რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს მათზე პასუხისმგებლობის აღებას.

მძიმე წელი რუსეთისთვის

მანამდე, 14 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი პირველი გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ“

და, როგორც უკრაინული მედია წერს, „ნაწილობრივ მისაღებად“ ცნო უკრაინის სარჩელის არსებითი განხილვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყირიმში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ნაწილში.

ასევე, სასამართლომ ცალკე აღნიშნა, რომ რუსეთმა ყირიმზე ფაქტობრივი კონტროლი დაამყარა 2014 წლის 27 თებერვლიდან, ანუ მის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიამდე. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ, სხვა საკითხთა შორის, უნდა დაადგინოს, აკონტროლებდა თუ არა რუსეთი ფაქტობრივად ნახევარკუნძულს იქამდე, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ხელს მოაწერდა სახელმწიფო დუმის მიერ 2014 წლის 20 მარტს დამტკიცებულ ხელშეკრულებას.

ამ ბრალდებებს რუსეთი უარყოფს, ისევე როგორც უარყოფს უკრაინის მტკიცებას, რომ რუსეთი სდევნიდა და აშინებდა მღვდლებსა და ჟურნალისტებს.

შესაბამისად, როდესაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების ყველა პუნქტის განსახილველად ემზადება, კიევში ფიქრობენ, რომ საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“ 21 იანვარს გამოტანილი განაჩენი უკრაინისთვისაც შეიძლება გახდეს პრეცედენტული, მიუხედავად ამ ორ კონფლიქტს შორის არსებული სხვაობისა.

„არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება საქმეებში „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ“ და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ რუსეთის აგრესია განსხვავებულად გამოიხატება. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის აგრესია, ვთქვათ ასე, აქტიური საბრძოლო მოქმედებები, საკმაოდ სწრაფად დასრულდა. ხუთდღიანი ომის შემდეგ შეწყდა ძირითადი სისასტიკე, შეწყდა ძირითადი აგრესია. უკრაინის შემთხვევაში კი აგრესია 7 წლის განმავლობაში გრძელდება. ანუ ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ დონბასში ისვრის რუსეთის იარაღი, დღემდე გრძელდება შეიარაღებული თავდასხმა უკრაინის პოზიციებზე და, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრძელდება სამხედრო კონფლიქტის აქტიური ფაზა. შესაბამისად, საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეში მიღწეული გამარჯვება ზუსტად ასეთი მოცულობით ვერ განმეორდება უკრაინის შემთხვევაში. თუ საქართველომ მოიგო ყველა პუნქტი და წააგო მხოლოდ ერთ პუნქტში, რაც აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდს შეეხება, უკრაინის შემთხვევაში ამ აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდის განსაზღვრაც კი ძნელია. ვერავინ იტყვის, ის დასრულდა თუ დღემდე გრძელდება, ან როდის აგებს რუსეთი პასუხს დონბასში თავისი ბოევიკების მოქმედებაზე. აი, ამ გაურკვევლობის გამო, ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა უკრაინა, რომ გაიმეოროს საქართველოს წარმატება“, - ამბობს სერგეი სიდორენკო.

2021 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში უკვე დაგეგმილია საჯარო სხდომა საქმეზე „უკრაინა და ნიდერლანდი რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით“.

გასული წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს, რომელიც უკრაინამ შეიტანა დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, შეუერთა მიმდინარე წლის ზაფხულში ნიდერლანდის მიერ შეტანილი სარჩელი დონბასის ცაში 2014 წელს მალაიზიის „ბოინგის“ განადგურებასთან დაკავშირებით.

რუსეთის წინააღმდეგ ნიდერლანდის სარჩელი ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა, ივლისში დარეგისტრირდა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ნიდერლანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებელია რუსეთი, ვინაიდან გამოძიებამ დაადგინა, რომ „ბოინგი“ ჩამოგდებულ იქნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკით“, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შეიტანეს.

2021 წელი მძიმედ დაიწყო და, რამდენიმე რეზონანსული სასამართლო პროცესის გამო, ასევე მძიმედ წარიმართება რუსეთისათვის, რასაც გასული წლის ბოლოს წინასწარმეტყველებდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) რუსეთის ფედერაციის რწმუნებული, მიხაილ გალპერინი.

„უკვე გასაგებია, რომ ჩვენ გველოდება დაძაბული წელი, საერთაშორისო განხილვების თვალსაზრისით. მრავალი პროცესუალური მოვლენა გადმოვიდა განვლილი წლიდან, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების ნიშნით მიილია. ამიტომ უცხოეთის და საერთაშორისო სასამართლოები კვლავ კრეფენ სიჩქარეს“, - განაცხადა გასული წლის ბოლოს გალპერინმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG